გზა ჭადრაკის სასახლიდან ფეხბურთის ფედერაციამდე

1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა. წელს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა.

1989 წლის ზაფხულიდან გაზეთ ლელოს გვერდები სულ უფრო ხშირად ეთმობა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შესახებ გამოქვეყნებულ წერილებს.

ქვეყანა პოლიტიკურ ფერხულშია ჩაბმული და საფეხბურთო საქართველოც იქვე ტრიალებს. გაზეთის ფურცლებზე ინიციატორთა ერთი ჯგუფი მეორეს პასუხობს, გულშემატკივრის მოსაზრებას ვეტერან ფეხბურთელთა წერილები ცვლის, ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ ხალხს სპეციალისტები პასუხობენ… ერთი სიტყვით, ცხოვრება დუღს – ცვლილებები ახლოვდება.

1990 წლის 10 იანვარს ლელო აქვეყნებს ცნობას თბილისის დინამოს საბჭოს გაფართოებული სხდომის შესახებ, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. ვეტერანები: ნესტორ ჩხატარაშვილი, გიორგი ბაქანიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით ყიფიანი და სხვები მთავარ პრობლემაზე – ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობაზე ბჭობდნენ. ამ შეხვედრას ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი ზვიად გამსახურდია და გურამ პეტრიაშვილიც დაესწრნენ.

ლელო წერდა: „ცხარე კამათის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ დინამო ითამაშებს 1990 წლის საკავშირო ჩემპიონატში (თუმცა, ზოგიერთი გამომსვლელი არ დაეთანხმა ამ წინადადებას). გამოითქვა აზრი, რომ ჩვენმა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებმა საქართველოს პირველობაში გამარჯვებულთან ერთად გაითამაშონ ეროვნული თასი… შეკრებილებმა ფეხბურთის საკავშირო ფედერაციის კონფერენციაზე წასაკითხად ერთსულოვნად მოიწონეს საქართველოს დელეგატთა განცხადების ტექსტი“.

იმ „ერთსულოვნად მოწონებულ“ ტექსტში, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ, მოსკოვში დაგეგმილ სსრ კავშირის ფეხბურთის კონფერენციაზე უნდა გაცხადებულიყო, ეწერა:

„პატივცემულო დელეგატებო!
გაეცნო რა სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტს, საქართველოს დელეგაცია აცხადებს:
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის არსებობას, რადგან იგი ლახავს რესპუბლიკის სუვერენიტეტს, გამორიცხავს რესპუბლიკურ ფედერაციათა დამოუკიდებელი ფუნქციონირების შესაძლებლობას და მათ გაწევრიანებას საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციაში.
ამასთან დაკავშირებით, დემოკრატიულია დამოუკიდებელი რესპუბლიკური საფეხბურთო ასოციაციების შექმნა ნებაყოფლობით საწყისებზე, როცა თითოეულ ფედერაციას მინიჭებული ექნება უფლება, წარმოადგენდეს თავის რესპუბლიკას ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციებში. საკავშირო ასოციაციას უნდა წარმოადგენდნენ რესპუბლიკათა ფედერაციების მიერ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ასოციაციის წევრები, ასოციაციის პრეზიდიუმს კი რესპუბლიკების ფედერაციათა პრეზიდენტები“.

მოსკოვში გამართულ საკავშირო ფედერაციას საქართველოდან თერთმეტი დელეგატი დაესწრო, მაგრამ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ზემოსხენებული ტექსტი საბჭოეთის დედაქალაქში თვალით არავის უხილავს.

ლელოში დაწყებულმა პოლემიკამ ფეხბურთით დაინტერესებული (და ასეთი საქართველოში ყოველი მეორე იყო) ხალხი თხემით ტერფამდე მოიცვა, მალე კი საბოლოო შეხვედრის ადგილი და თარიღიც გაირკვა: 1990 წლის 15 თებერვალი, თბილისის ჭადრაკის სასახლე – დრო და ადგილი ყოფნა-არყოფნისა, ხოლო მთავარი საკითხი, ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადება – წარმოსახვითი რუბიკონი.

დღე, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში, საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ, დავით კვინიკაძემ გახსნა: „მეგობრებო, დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. უნდა დავაფუძნოთ შინაარსით განსხვავებული ფედერაცია, რომელიც, როგორც სუვერენული ორგანიზაცია, უახლოეს პერიოდში გაწევრიანდება საერთაშორისო ფედერაციაში“.

ჭადრაკის სასახლეში გამართულ ყრილობაზე 490 დელეგატი იყო მოწვეული. სხდომას 391 მათგანი დაესწრო. დავით კვინიკაძის გარდა, ყრილობას ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი, პროფესორი ომარ გოგიაშვილი და სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ იმნაძე უძღვებოდნენ. აზრთა სხვადასვაობა, ცხადია იყო. ერთნი ამბობდნენ, რომ ოსტატ ფეხბურთელთა ყველა გუნდს საკავშირო ჩემპიონატში ასპარეზობა უნდა გაეგრძელებინა, ხოლო როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდებოდა, უკლებლივ ყველა დატოვებდა საკავშირო ასპარეზს. ასეთ სიტყვებსაც გაიგონებდით: ან ახლა, ან არასდროს – შეცდომას მომავალი თაობა არ გვაპატიებს!

ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის საპატიო თავმჯდომარემ, ბორის პაიჭაძემ განაცხადა: „საკავშირო პირველობა რომ არ დაწყებულიყო, ქართული ფეხბურთი ჩაქრებოდა. გახსოვთ მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის, სტალინგრადის გუნდები? ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობდით მათგან. ახლა ჩვენ რომ ჩავიკეტოთ, დამერწმუნეთ, ქართული ფეხბურთი ჩაკვდება. მოსკოვის დინამოსთან და ხონის გუნდთან თამაში ერთია? მარტო ჩვენში, რაც არ უნდა ღონისძიება ჩავატაროთ, რამდენიც არ უნდა ვითამაშოთ, არაფერი გამოვა და ჩვენ გავწირავთ ქართულ ფეხბურთს. გირჩევთ, ამას ნუ იზამთ“.

ფეხბურთის კარუზოს სიტყვები ვეტერანთა ნაწილმა გაიზიარა.

სხვა აზრის გახლდათ მანჩარ მაჩაიძე: „თუ რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვს, მზად ვართ გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად. ადრე ვთქვი და აქაც გავიმეორებ – დამოუკიდებლობა ვერ დააკნინებს ქართულ ფეხბურთს, პირიქით, უფრო მაღალი დონისა იქნება“!

პოლემიკა გრძელდება. ტრიბუნასთან ერთმანეთს ცვლიან ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მომხრეები და მათი ოპონენტები. ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი ნოდარ ახალკაცია, ყრილობის დელეგატთა უმრავლესობისთვის მისი აზრი გადამწყვეტია.

ახალკაცი მიკროფონთან მიდის: „არის პრობლემა, რომელიც მთელი ერის წინაშე დგას. არ შეიძლება ფეხბურთი ეროვნულ მოძრაობას გაეთიშოს. ვეთანხმები მანუჩარ მაჩაიძეს – ჩვენ ის ხალხი არ ვართ, გვერდზე გავდგეთ.
ჩემი აზრით, სწორედ ეროვნული ჩემპიონატია ერთადერთი წამალი, რომელიც ჩვენს ფეხბურთს ფეხზე დააყენებს. ეს ჩვენი საბოლოო გზაა. დღეს, ამ ყრილობაზე უნდა გადავწყვიტოთ, საკავშირო ფედერაციაში დავრჩებით თუ საკუთარ, დამოუკიდებელ ფედერაციას დავაფუძნებთ.
სჯობს არ გადავდოთ ხვალისთვის ის, რის გაკეთებაც დღეს მოხერხდება. ცხადია, შინ თუ გარეთ, არაერთი დაბრკოლება გველოდება. შეიძლება ფიფამ სანქცია დაგვადოს, ორის წლის მანძილზე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ, თავის წევრებს აუკრძალოს ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ – დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვს!
ყველას გასაგონად ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში დღეს ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერ დაამთავრონ.
ასეთნაირად დავასრულებ: როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ. ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენ ხალხს ეკადრება“.

მან ტაშის გრიალით დატოვა ტრიბუნა.

ისევ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოლემიკა.

საინიციატივო ჯგუფებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაასახელეს: ნოდარ ახალკაცი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ ბარქაია, ზურაბ პეტრიაშვილი და ილია დათუნაშვილი. ოქროს ბიჭებმა – ბარქაიამ და დათუნაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მალევე მოხსნეს. იგივე ნაბიჯი გადადგეს პეტრიაშვილმა და მაჩაიძემ. პირველმა ახალკაცის, მეორემ ასათიანის სასარგებლოდ.

დარჩა ორი კანდიდატი: ნოდარ ახალკაცი და კახი ასათიანი, 1981 წლის დიდი დინამოს მთავარი მწვრთნელი და გუნდის უფროსი.

ასათიანს არ უაქტიურია. მიკროფონთან მისულმა თქვა: „თუ მას (ნოდარ ახალკაცს – ლ.გ.) მიაჩნია, რომ ამ დიდ საქმეს გაუძღვება, დამითმია პრეზიდენტის პოსტი“.

თავის მხრივ, ფრთხილობდა ახალკაციც: „თუ გადაწყვეტთ და ფედერაციაში რაიმე საქმეს დამავალებთ, მზად ვარ ვიმუშაო“.

ფრაგმენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან:

თავმჯდომარე ასათიანს მიმართავს: მოხსენით თქვენი კანდიდატურა?
ასათიანი: მოვხსენი… ბატონმა ნოდარმა უხელმძღვანელოს ფედერაციას. ვუსურვებ ბევრი გაეკეთებინოს ჩვენი ეროვნული მოძრაობისთვის.
თავმჯდომარე: რაკი ერთი პრეტენდენტი დარჩა, აჯობებს ღია კენჭისყრა მოვაწყოთ. ვინ არის მომხრე, რომ ნოდარ ახალკაცი არჩეულ იქნას ფედერაციის პრეზიდენტად? გთხოვთ მანდატების აწევით დაადასტუროთ.
ვინ არის წინააღმდეგი? …ექვსი კაცი.
თავი ვინ შეიკავა? …ხუთმა.
ამგვარად, ხმის უმრავლესობით, ნოდარ ახალკაცი არჩეულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად“!

ტაში.

ნოდარ ახალკაცს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, დარბაზში შეკრებილები ფეხზე ადგომით ესალმებიან.

მეორე ფრაგმენტი სტენოგრაფიული ჩანაწერიდან:

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე კიდევ ერთი წელი ვითამაშოთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში? თხუთმეტი კაცი… წინააღმდეგი? უმრავლესობა! თავი ვინ შეიკავა? სამმა დელეგატმა…
ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა: ფეხბურთის ახალი, დამოუკიდებელი ფედერაცია შეიმუშავებს ეროვნული ჩემპიონატის დებულებას. დღეიდან უარს ვაცხადებთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობაზე!

მქუხარე ტაში.

დარბაზში საქართველოს დროშები ფრიალებს.

სამწუხაროდ, სტენოგრაფისტს ზუსტი დრო არ მიუთითებია, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ კენჭისყრა დაახლოებით 17 საათზე შედგა.

1990 წლის 30 მარტს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო – იბერიად მონათლულმა თბილისის დინამომ ფოთის კოლხეთი 1913ს უმასპინძლა.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელმაც ეროვნულს საბჭოთა ჩემპიონატი არჩია, სოხუმის დინამო იყო. საკავშირო ფედერაციამ „დიდსულოვნად დააკმაყოფილა“ სოხუმის დინამოელთა თხოვნა და კლუბს საკავშირო პირველ ლიგაში ასპარეზობის „უფლება დართო“.

1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნოდარ ახალკაცის მიერ ქართული ფეხბურთის შესაძლო იზოლაციაზე გამოთქმული ვარაუდი გამართლდა: ფიფამ სფფს წევრობაზე უარი უთხრა, საქართველოს ნაკრებ გუნდებს და კლუბებს კი საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა აუკრძალა.

თუმცა ქართული ფეხბურთის ტაძარში დიდ საფეხბურთო ოჯახში გაწევრიანებისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ – 1991 წლის გაზაფხულზე ფედერაციამ ოფიციალური წერილი მისწერა ფიფას.

23 მაისს, ფიფას მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იოზეფ ბლატერმა ქართველებს უპასუხა: „ფიფას იურიდიულმა კომიტეტმა 1991 წლის 2 მაისს განიხილა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებული პრობლემები და დაადგინა: ამ ქვეყნების პოლიტიკური სტატუსის გამო, ფიფა, ჯერჯერობით, ვერ დააკმაყოფილებს მათ თხოვნას“.

გავიდა მცირე ხანი და ყინული დაიძრა – 1992 წლის 25 თებერვალს სააგენტო ფრანს პრესმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

„ფიფამ დროებით წევრად მიიღო უკრაინის, საქართველოს, ხორვატიის და სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციები. ამით ამ ქვეყნების საკლუბო და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს საშუალება მიეცათ ითამაშონ საერთაშორისო ოფიციალური მატჩები“.

1992 წლის აპრილში, ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინას სფფს პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ესტუმრნენ. მათ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის წერილიც იახლეს.

გავიდა კიდევ სამი თვე და ფიფას 48ე კონგრესზე ახალკაცი და ჩივაძე კვლავ ჩავიდნენ ციურიხში. ამჯერად დელეგატის სტატუსით.

3 ივლისს ფიფას თერთმეტი ახალი წევრი შეემატა: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, ხორვატია, სლოვენია, სამხრეთი აფრიკა, ნამიბია, კაიმანის კუნძულები, სენტ-კიტსი და… საქართველო!

დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ფიფას 48ე კონგრესმა 1992 წლის 3 ივლისს ოფიციალურად მიიღო თავის რიგებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფიფას დიდ ოჯახში!
პატივისცემით, ფიფას პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი
გენერალური მდივანი იოზეფ ბლატერი
ციურიხი, 1992 წლის 17 ივლისი

გავიდა კიდევ ერთი წელი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფამაც აღიარა – 1993 წლის 17 ივნისს, შვეიცარიის მეორე ქალაქ ჟენევაში, საქართველო ევროპის საფეხბურთო ოჯახის მუდმივი წევრი გახდა.

1990 წლის 15 თებერვლიდან 30 წელი გავიდა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 30-წლიან ისტორიაში იყო სიხარული და ტკივილი, გამარჯვება და იმედგაცრუება, აღმართს დაღმართი ცვლიდა, დარს – ავდარი. ამიტომ კარგად ნაცნობი და ზედგამოჭრილი სიტყვებით დავასრულებ – ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის თებერვალი)
*-წერილი პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გამოცემა ფეხბურთში (#15; ზაფხული, 2020)
*-გამოყენებულია მასალები ელგუჯა ბერიშვილის წიგნიდან „დიდი ბურთაობა“ (თბილისი; 2001)
ფოტო: sport.gov.ge; ცნობარი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი

ka_GEGeorgian