ჰაიტი და მსოფლიო რეკორდი
ქართული ფეხბურთის ქომაგებს ნამეტანი მძიმედ დაგვიღამდა 18 ნოემბერი. ფეხბურთია, ხდება ასეთი ამბები და თუ სწორ დასკვნას გააკეთებს სათანადო ხალხი, სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება.
იქიდან გამომდინარე რომ ვაირამეხიდაგვეცა, ჩვენისაშველიარაა, გადავხნათსტადიონები და მსგავსი „ლოზუნგები“ და თვითგვემა მძაგს, დღეს იმ გუნდზე დავწერ ორიოდ სიტყვას, რომელმაც გუშინ, 2025 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. მით უმეტეს, რომ ამ ნაკრებს უკავშირდება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი „იტალიური“ რეკორდის დასასრული.
მოკლედ, ასეთი ამბავია: სანამ იტალია ცდილობს რომ ზედიზედ მესამედ არ დარჩეს მუნდიალს მიღმა, ფიფას რეიტინგში 88-ე ადგილზე მდგომმა ჰაიტის ნაკრებმა კონკაკაფის ზონის C ჯგუფში ჰონდურასს, კოსტა რიკას და ნიკარაგუას აჯობა და გაისად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, 1974 წლის შემდეგ პირველად.
51 წლის წინ კი, 1974 წლის ივნისში, როცა მსოფლიო ჩემპიონატს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ უმასპინძლა, ჰაიტის ნაკრებმა მეოთხე ჯგუფში ითამაშა იმ ტურნირის მომავალ ბრინჯაოს მედალოსან პოლონეთთან, იმხანად ჯერ კიდევ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიასთან და არგენტინასთან ერთად, ვინც იმ დროს სულაც ტიტულის გარეშე იყო. ჰაიტელებმა სამივე თამაში წააგეს, მათ შორის პირველი იტალიასთან – 1:3.
„იტალიური“ მსოფლიო რეკორდიც სწორედ იმ თამაშში დასრულდა: ემანუელ სანონმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაუტანა გოლი დინო ძოფს და ეს აღმოჩნდა პირველი გოლი, რომელიც ამ ლეგენდარულმა გოლკიპერმა 1142 წუთის შემდეგ გაუშვა. ბუნებრივია სანაკრებო თამაშები იგულისხმება.
1972 წლის 20 სექტემბერს, ტურინში, ამხანაგურ მატჩში, იუგოსლავიელმა მომჩილო ვუკოტიჩმა 73-ე წუთზე გაუტანა გოლი ძოფს და მას შემდეგ, ზედიზედ 12(!) მატჩში, დიდი დინო გოლის გაუშვებლად ამთავრებდა თამაშებს. თან როგორ მეტოქეებთან? იმ სერიის განმავლობაში იტალიამ ორჯერ დაამარცხა ინგლისი, მათ შორის ლონდონში, უემბლიზე; 2:0 მოუგო მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიას; ფრედ ითამაშა ევროპის ჩემპიონ გერმანიასთან; შვედეთთან, შვეიცარიასთან და თურქეთთან გამარჯვებებსაც ვახსენებ…
მერე კი იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი ჰაიტისთან თამაშით დაიწყო და სანონმაც, ფილიპე ვორბეს პასით, ძოფის ის გასაოცარი სერია 1142-ე წუთზე დაასრულა.
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ერთადერთი იტალიელი დინო ძოფი 83 წლის გახლავთ, ემანუელ სანონი კი ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გარდაცვლილა 2008 წელს, 56 წლისა.
სულ ამის თქმა მინდოდა. საგაისო მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთ დებიუტანტზე, კურასაოზე კი მოგვიანებით იყოს. მათაც ისტორიული 18 ნოემბერი გაუთენდათ.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 19 ნოემბერი
ფოტო: ჟურნალი სტადიონი (ჩეხოსლოვაკია)
