ჰალეპი: ეს ჩემი საუკეთესო მატჩია!

6:2, 6:2 – სიმონა ჰალეპს 56 წუთი დასჭირდა უიმბლდონის ფინალში დიდი სლემის ტურნირების 23-გზის ჩემპიონის სერენა უილიამსის დასამარცხებლად. რუმინელმა მე-11 შეხვედრაში მხოლოდ მეორედ მოუგო ლეგენდარულ ამერიკელს და ასე გახდა უიმბლდონის ჩემპიონი.

„ახლა ნამდვილად ვიცი, რომ დღეს ყველაზე კარგად ვითამაშე! ეს ჩემი საუკეთესო მატჩია“! – განაცხადა 27 წლის ჩემპიონმა.

ჰალეპი მეორედ გახდა დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული. შარშან მან სუზან ლენგლენის თასი აღმართა როლან გაროზე. მას შემდეგ ჰალეპმა პირველად ითამაშა დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

37 წლის ამერიკელი გაწბილებული გახლდათ: „სიმონა დღეს შეუდარებელი იყო. ვარ თუ არა იმედგაცრუებული? რა თქმა უნდა. როცა ზედიზედ მესამე ფინალს წააგებ, როგორ ხასიათზე უნდა იყო“?

2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში უფროს დასთან, ვინუსთან გამარჯვების შემდეგ სერენა დიდი სლემის მოგებას ვეღარ ახერხებს. შარშან უიმბლდონი გერმანელ ანგელიკ კერბერთან წააგო, ამერიკის ღია პირველობა კი ნაომი ოსაკასთან, ახლა კი ჰალეპთან მოეცარა ხელი.

23 გრან სლემით სერენა კვლავ მეორე ადგილზეა. პირველი ავსტრალიელი მარგარეტ კორტია 24 თასით.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 ივლისი)

ka_GEGeorgian