ჰალეპს უიმბლდონი დაუფასდა

უიმბლდონის ჩემპიონ სიმონა ჰალეპს რუმინეთის უმაღლესი სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდო – ვარსკვლავის ორდენი გადაეცა. საზეიმო ცერემონია ბუქარესტში, კოტროცენის სასახლეში გაიმართა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოანისმა განაცხადა: „უიმბლდონის მოგებით სიმონამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭა, თუმცა ეს ჯილდო მხოლოდ ამ, ძალიან პრესტიჟული ტურნირის მოგების გამო არ გადაეცა. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მისი კარიერა აღნიშვნას და სათანადოდ დაფასებას იმსახურებს. 55 წუთში მოგებული ფინალი, და თან ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, ეს ისტორიული მიღწევაა! სიმონა ჰალეპი ეს რუმინეთია“!

„ძალიან ვნერვიულობ, სიმართლე გითხრათ, ზუსტად იგივეს ვგრძნობ, რასაც უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე, დაჯიდლოების წინ განვიცდიდი. უზომოდ გახარებული ვარ, ჩემთვის ეს ძალიან დიდი აღიარებაა! მადლობა ყველას, მადლობა რუმინელ ქომაგებს და მადლობა თქვენ, რომ ამ ჯილდოს ღირსად ჩამთვალეთ“, – განაცხადა ჰალეპმა. კოტროცენის სასახლეში მასთან ერთად იყვნენ ოჯახის წევრები და სამწვრთნელო გუნდი.

სიმონა ჰალეპი პირველი რუმინელია, რომელმაც უიმბლდონი მოიგო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 31 ივლისი)

ka_GEGeorgian