ჰელსინკი 1952: იარვინენის კოშკი
1932 წლის 4 აგვისტოს, ლოს ანჯელესის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შუბის მტყორცნელთა შეჯიბრება ფინელთა სრული ტრიუმფით დასრულდა: მატი იარვინენმა 72 მეტრსა და 71 სანტიმეტრზე გაისროლა იარაღი და ოლიმპიური ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიგო, სეხნია სიპალამ ვერცხლი მოიპოვა – 69.80 მეტრი, ეინო პენტილა კი მესამე ადგილზე გავიდა – 68.70.
ლეგენდარული მორბენლის პაავო ნურმის შემდეგ მატი იარვინენი, ალბათ, ყველაზე პოპულარული ფინელი სპორტსმენი გახლდათ – სხვა თუ არაფერი, 1930-36 წლებში ზედიზედ ათჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი!
და რა აკავშირებს ლოს ანჯელესის ოლიმპიადის შუბის მტყორცნელთა შეჯიბრებას ჰელსინკის 1952 წლის თამაშებთან?
საქმე ისაა, რომ ფინურმა კვარცხლბეკმა, გამორჩევით კი მატი იარვინენის არნახულმა შედეგმა ფინელებზე განსაკუთრებით იმოქმედა და ქვეყანამაც იმ დღის და იმ შედეგის უკვდავყოფა მოინდომა:
საოლიმპიადოდ ჰელსინკიში ახალი სტადიონის აგება როცა დამტკიცდა, ტრიბუნებთან ზუსტად 72 მეტრის და 71 სანტიმეტრის სიმაღლის კოშკის აგებაც გადაწყდა. ჩანაფიქრი მალევე განხორციელდა და მას შემდეგ მატი იარვინენის კოშკი ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონის მშვენებაა, თავად არენა კი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი.
რა გასაკვირია, რომ სარბიელი თავისი კოშკით 1952 წლის ოლიმპიადის ოფიციალური ემბლემა გახდა და ყველაფერზე გამოისახა პლაკატებით დაწყებული დროშებით, სხვადასხვა სუვენირებით თუ სამკერდე ნიშნებით დასრულებული.
მატი იარვინენი კი ჭეშმარიტად ოლიმპიელთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ: მამამისი, ვერნერი, ლონდონის 1908 წლის თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბადროს ტყორცნაში; უფროსი ძმა აკილესი ფინეთის გუნდის მედროშე გახლდათ 1928, 1932 და 1936 წლების ოლიმპიადებზე და ამავდროულად ამსტერდამის (1928) და ლოს ანჯელესის (1932) თამაშების ვერცხლის მედალოსანი ათჭიდში; კიდევ ერთი უფროსი ძმა კალე კი ლოს ანჯელესში ბირთვის მკვრელთა შორის ასპარეზობდა.
მატის უფროსი ძმები მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ: კალე 1941 წელს, 38 წლის ასაკში, აკილესი კი ორი წლის შემდეგ, 37 წლისა.
თავად ოლიმპიური ჩემპიონი იმ საშინელი წლების მანძილზე ფინელ სამხედროებს ყუმბარების მოხერხებულად ტყორცნაში ავარჯიშებდა…
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 ივლისი)
წიგნიდან: „მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი; წიგნი From Athens to Moscow