ჰელსინკი 1952: ლასლო პაპი

1955 წლის 21 სექტემბერს როკი მარჩიანო უკანასკნელად, 49-ედ გამოჩნდა რინგზე, ნოკაუტში გაგზავნა პრეტენდენტი არჩი მური და კიდევ ერთხელ დაიცვა მსოფლიოს ჩემპიონის სარტყელი. 32 წლის მოკრივე მას შემდეგ რინგზე აღარ გასულა და კარიერაც წაუგებლად დაასრულა.
როცა დაუმარცხებელ მოკრივეებს იგონებენ, პირველ რიგში ყველას როკი ახსენდება, თუმცა იყო კიდევ ერთი, რომელსაც ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ პოლიტიკურმა ამბებმა მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაბადებული ლასლო პაპი გახლდათ. იმ თამაშებზე მან მეორედ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, სამოყვარულო კარიერა კი მელბურნის 1956 წლის თამაშების ოქროს მედლით დაასრულა. ოლიმპიური კრივის ისტორიაში პაპი პირველი სამგზის ჩემპიონი გახლავთ და ეს რეკორდი მხოლოდ ორმა კუბელმა გაიმეორა – თეოფილო სტივენსონმა და ფელიქს სავონმა.

მოყვარულებში ტრიუმფის შემდეგ დიადმა უნგრელმა პროფესიონალებში გადაინაცვლა და გახდა პირველი მოკრივე სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის სარტყელისკენ მიმავალ ურთულეს გზას დაადგა.

პირველი 29 ბრძოლიდან პაპმა 27 მოიგო (მათ შორის 15 ნოკაუტით), ორი ფრედ დაასრულა და თითქოს ოცნებაც ხელშესახები გახდა, მაგრამ 1965 წელს უნგრეთის ხელისუფლებამ სახელოვან სპორტსმენს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. ეს დასასრული იყო – პაპი კრივს გამოეთხოვა.

უნგრელისგან განსხვავებით პროფესიონალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჰელსინკის თამაშების სხვა გამარჯვებული, ამერიკელი ფლოიდ პატერსონი, რომელმაც ფინეთის დედაქალაქში ერთით ზედა წონაში, 75კგ კატეგორიაში გაიმარჯვა…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 ივლისი)
წიგნიდან:
„მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian