ჰელსინკი 1952: ოქროს ოჯახი

-დანას ჩემპიონობა ჩემი დამსახურებაცაა, მას ჩემმა ოქროს მედალმა შეასხა ფრთები!
-რას ამბობ, მართლა? ძალიან მაინტერესებს, შენი შემხედვარე სხვა გოგონები თუ ისვრიან შუბს ორმოცდაათ მეტრზე შორს!

ეს სახალისო საუბარი ჰელსინკის ოლიმპიადაზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა 25 ივლისს მოისმინეს. ერთი დღით ადრე, 1952 წლის 24 ივლისს, ლეგენდარული ჩეხი სტაიერი ემილ ზატოპეკი ხუთ ათას მეტრზე სირბილში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მცირე ხანში კი ოქროს მედალი მოიგო მისმა მეუღლემაც, შუბის მტყორცნელმა დანა ზატოპკოვამ. მეორე დღეს მათ ერთად უპასუხეს მედიის წარმომადგენელთა კითხვებს.

ემილ ზატოპეკი ჰელსინკის ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირი გახდა, დანა ზატოპკოვასთან ერთად კი სამოცდაათი წლის წინანდელი თამაშების ყველაზე პოპულარული წყვილი. იმ დღეებში გადაღებული მათი ფოტოები მას შემდეგ ჰელსინკის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ყველა წიგნსა თუ ალბომს ამშვენებს.

ოქროს მედლები ხუთ და ათ ათას მეტრზე სირბილსა და მარათონში – ემილ ზატოპეკმა სამი ტრიუმფით დაასრულა ფინეთის დედაქალაქში გამართული ოლიმპიადა. და ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ეს დისციპლინები ერთ თამაშებზე მოიგო! ოთხი წლით ადრე, ლონდონში მოგებული ოქრო-ვერცხლი კი (ათ და ხუთ ათას მეტრზე), მას, როგორც მძლეოსანს, კიდევ უფრო დიადს ხდის.

ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1958 წელს წავიდა დიდი სპორტიდან. დანა ზატოპკოვა 1960 წელს, რომის თამაშების ვერცხლით დაემშვიდობა სარბიელს.

მათ მხოლოდ სპორტული გამარჯვებებიც ეყოფოდათ უკვდავებისთვის, მაგრამ სპორტის მოყვარულები ოლიმპიურ ჩემპიონთა ოჯახს უფრო იმიტომ აფასებენ, რომ ღირსეულად გადაიტანეს მთავარი ცხოვრებისეული გამოწვევა და უმძიმეს დღეებში ღირსება შეინარჩუნეს.

1968 წლის გაზაფხულზე, როცა საბჭოთა ჯარები პრაღაში შეიჭრნენ, ცოლ-ქმარმა ქვეყნის გაწითლების წინააღმდეგ გაილაშქრა. სამაგალითო სპორტსმენების საქციელი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას, ცხადია, არ მოეწონა და „თავგასულები“ დასაჯა: ემილ ზატოპეკს ყველა საპატიო წოდება ჩამოართვა, მალე კი პრაღიდან გადაასახლა და როგორც ხელისუფლებისთვის საშიშ პირს, მეუღლესთან, ასევე მეგობრებთან ურთიერთობა აუკრძალა.

ხუთი წლის შემდეგ ვეტერან სპორტსმენს პრაღაში დაბრუნების უფლება კი დართეს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩრდილში დატოვეს – ფიზიკური განათლების კავშირის არქივში მიუჩინეს ადგილი და როგორც პოლიგლოტს, უცხოურ პრესაში სპორტის თემაზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების თარგმნა დაავალეს.

90-იანი წლების მიწურულს, როცა რკინის ფარდა გაიცრიცა და პრაღაში ხალხი გონს მოეგო, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ჩეხოსლოვაკიის ბოლო პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა 1990 წლის 9 მარტს ემილ ზატოპეკის რეაბილიტაციას ხელი მოაწერა – სპორტსმენს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

1997 წელს ემილ ზატოპეკი ჩეხეთის XX საუკუნის უძლიერეს ათლეტად აღიარეს.

ის 2000 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა, 78 წლისა. დაკრძალვის ცერემონიას პრაღის ნაციონალურ თეატრში მსოფლიო მძლეოსნობის ლეგენდები დაესწრნენ…

2002 წელს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში ემილ ზატოპეკის ქანდაკება დაიდგა.

2012 წელს, როცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ – IAAF – დიდების დარბაზის პირველი წევრები დაასახელა, ჩეხი სტაიერი თორმეტ რჩეულთა შორის მოხვდა.

დანა ზატოპკოვა სახელოვანი მეუღლის ყველა აღიარებას მოესწრო. თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი 2020 წლის 13 მარტს, პრაღაში, 97 წლისა გარდაიცვალა…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 ივლისი)
წიგნიდან:
„მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი; წიგნები
From Athens to Moscow და ჰელსინკი 1952

ka_GEGeorgian