ჰელსინკით დაწყებული ისტორია

გაცნობებთ, რომ საბჭოთა კავშირში შეიქმნა ოლიმპიური კომიტეტი.
სსრკ ოლიმპიური კომიტეტი ეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას და აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიერთების შესახებ.
ვიცით, რომ 3-6 მაისს გაიმართება სოკ-ის სესია და გვსურს გავგზავნოთ ჩვენი წარმომადგენელი. უმორჩილესად გთხოვთ, ტელეგრაფით გვაცნობოთ სოკ-ის სესიის დღის წესრიგი.
გთხოვთ მაისის სესიაზე დაამტკიცოთ ჩვენი მიერთება სოკ-თან.
სოკ-ის წევრად დანიშნეთ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ანდრიანოვი.
სსრკ ოლიმპიური კომიტეტის მისამართია: მოსკოვი, სკატერტნი, 4.
სსრკ ოლიმპიური კომიტეტის სახელით, პასუხისმგებელი მდივანი სობოლევი.

ეს საგანგებო ტელეგრამა 1951 წლის 23 აპრილს გაიგზავნა მოსკოვიდან ლოზანაში, იმ დღეს დაარსებული საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისში, პრეზიდენტის, ზიგფრიდ ედსტრიომის სახელზე.

სოკ-მა მოსკოვს ედსტრიომის ხელმოწერით დამშვენებული წერილით უპასუხა: „თქვენი ტელეგრამა მივიღეთ. ანდრიანოვს და თქვენ გიწვევთ 6 მაისს, ვენის ფილარმონიის დიდ დარბაზში, სესიის გახსნის ცერემონიაზე“.

1951 წლის 7 მაისს ავსტრიის დედაქალაქში გამართულმა სესიამ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ის წევრად მიიღო. წინადადებას სოკ-ის 31 წევრი დაეთანხმა, სამმა კი თავი შეიკავა. იმავე დღეს ითქვა, რომ საბჭოთა სპორტსმენებს მიიწვევდნენ 1952 წლის ზამთრის (ოსლო) და ზაფხულის (ჰელსინკი) ოლიმპიადებზე.

1951 წლის 16 ოქტომბერს, მოსკოვში გამართულმა სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის პირველმა სესიამ ერთხმად დაადგინა, რომ საბჭოთა სპორტსმენები 1952 წელს მხოლოდ ზაფხულის თამაშებში იასპარეზებდნენ, ზამთრის ოლიმპიადებში კი 1956 წლიდან ჩაებმებოდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ზამთრის თამაშებში სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი ქართველი სპორტსმენი მოხვდა, ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი კობა წაქაძე (1956, 1960, 1964, 1972).

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები, ჰელსინკი 1952-ის ოქროს მედალოსნები (მარცხნიდან): ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ავთანდილ გურასაშვილის ფოტო

ზაფხულის თამაშებში კი საბჭოთა ოლიმპიურ დელეგაციებში 1952-1988 წლებში, ასევე ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ გუნდში (1992), საქართველოს 104 წარმომადგენელი იყო.

ამ 104-დან თოთხმეტმა ჰელსინკის თამაშებში იასპარეზა:

თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელი და ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ!

მზია ჯუღელმა მძლეოსან ლევან სანაძესთან და კალათბურთელებთან, ოთარ ქორქიასთან და ნოდარ ჯორჯიკიასთან ერთად ვერცხლის მედალი მოიგო!

კიდევ ორი მძლეოსანი, ნინო დუმბაძე და ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი კი ბრინჯაოს დაეუფლნენ!

ამავდროულად, თამაშების მსვლელობისას რაფაელ ჩიმიშკიანმა და ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილმა რეკორდი დაამყარეს!

მათ გარდა ჰელსინკის ოლიმპიადაზე იასპარეზეს: ელენე გოკიელმა (მძლეოსნობა), ოთარ დადუნაშვილმა (ველოსპორტი), აკაკი მეიფარიანმა (ფარიკაობა), ვლადიმერ ლავრინენკომ (ცურვა) და ფეხბურთელებმა – ავთანდილ ღოღობერიძემ და ავთანდილ ჭკუასელმა.

სწორედ ამ 14 სპორტსმენით იწყება საქართველოს ოლიმპიური სპორტის ისტორია.

ოლიმპიადებზე ქართველების გამოჩენიდან ზუსტად 70 წელი გავიდა.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 ივლისი)
წიგნიდან:
„მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: ავთანდილ გურასაშვილი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian