ჰეი თქვენ, კარი გაგვიღეთ!

2022 წლის 10 ივლისს ბათუმში ძალიან მაგარი ამბავი მოხდა: ბორჯღალოსნებმა 33-წლიან ისტორიაში პირველად მოუგეს ელიტარულ ნაკრებთაგან ერთერთს, ექვს ერში მოთამაშე იტალიას – 28:19!
მეტოქე რომ პირველი დონის გუნდებში ყველაზე სუსტია, ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან, ძალიან რთულია რეიტინგში თუნდაც ერთი საფეხურით წინ მდგარ გუნდთან გამარჯვება. ჩვენებმა კი გუშინ ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალეს და ამიტომაც ალალი მადლობა მათ, თავდადებისთვის და ზღვა სიხარულისთვის!

ეს იყო ქართველ და იტალიელ მორაგბეთა მეხუთე ჯახი და ჩვენების პირველი მოგება, რომლითაც დაგვირგვინდა კიდეც სამდღიანი სარაგბო ზეიმი ბათუმში. და ეს სამი ფერადი დღე, მე თუ მკითხავთ, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აქციო სპორტული მოვლენა საყოველთაო ზეიმად.

ყველაზე ლამაზი მაინც მატჩის მასპინძელი სტადიონი იყო, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ რაღაც კარგი და გემრიელი უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემს მეგობრებს ასეთი განცდა გვქონდა. არენაზე შესულმა კი, როცა რაგბის კავშირის ბანერებით მორთული ტრიბუნები, ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, ბატონები თუ ქალბატონები, საგულშემატკივროდ მოსული ოჯახები და საქართველოს დროშებით მორბენალი ბავშვები დავინახე, ძმაბიჭს ვუთხარი ასე მგონია უცხოეთში ვარ, ჩვენში მსგავს ზეიმს პირველად ვხედავ-მეთქი. ინგლისი და ავსტრალია, ზელანდია თუ უელსი კი იმიტომ გამახსენდა, რომ იქ რაგბი ყოველთვის სიხარულია და მე ამ სიხარულს აქამდე შორიდან ვადევნებდი თვალს. გუშინდელის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ თუ ვინმეს უნდა მივბაძოთ, მხოლოდ და მხოლოდ ასეთ და მსგავს დიდ სარაგბო ქვეყნებს.

დღეს დილით ბათუმური გამარჯვების არაერთი მიმოხილვა წავიკითხე და რამდენიმე ბლოგერმა (მათ შორის იტალიელმა) დაწერა კიდეც: დროა ექვს ერში ფლეი ოფი შემოიღონ ბოლოადგილოსანმა მეტი რომ მოინდომოს და შანსი მეორე დონის გუნდსაც მიეცესო. აზრი კი ჩინებულია, მაგრამ ტურნირის შეფებს იოლად ვერ დავიყოლიებთ, ისინი ხომ თავისებურად ჭრიან და კერავენ.

არ ვიცი როდის მოგვეცემა ექვს ერში თამაშის შანსი, ან საერთოდ მოხდება თუ არა ასეთი რამ, მაგრამ მჯერა გუშინ მსოფლიო რაგბში კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გადაიზარდა პორტუგალია-ესპანეთ-რუმინეთისთვის და გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ეგრეთ წოდებული მეორე დონის გუნდები.

გუშინ ბორჯღალოსნებმა ძალიან მაგრად დააკაკუნეს საჭირო კარზე!

გუშინ ნაკრების თითოეული წევრი, მინდორზე თუ კიდეზე მდგარი, ჩინებული იყო!

აპლოდისმენტები მწვრთნელებსაც და რა თქმა უნდა რაგბის კავშირს, ბათუმური ზეიმის სულისჩამდგმელს.

ახლა მთვარია აღმასვლა გაგრძელდეს და ხვალ თუ ზეგ, სამოთხის კარსაც გაგვიღებენ!

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 11 ივლისი)

ka_GEGeorgian