ჰიტლერზე უარესი

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საფრანგეთის ნაკრების ნახევარფინალს კი ყველა დროის გამორჩეულ მატჩებს შორის ასახელებენ.
იმ თამაშს ჯერ გერმანელები იგებდნენ, დამატებითი დროის დასაწყისში ფრანგები დაწინაურდნენ, თან ორი ბურთით, მაგრამ ევროპის ჩემპიონმა ბუნდესგუნდმა მატჩის გადარჩენა მოახერხა, პენალტების სერიაში კი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავად ჩამორჩა, მაინც გაიმარჯვა.
იმ სერიის გმირად გამარჯვებულთა გოლკიპერი ჰარალდ ტონი შუმახერი მოგვევლინა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია. თუმცა ფეხბურთის მოყვარულებს ის სხვა ეპიზოდის გამო უფრო დაამახსოვრდათ: მეორე ტაიმის დასაწყისში შუმახერი პატრიკ ბატისტონს შეასკდა და ეს უკანასკნელი მოედნიდან ლამის გაასვენეს.
ის მომენტი ესპანეთი 1982-ის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ინგლისური საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo ტონი შუმახერს კატარი 2022-ის წინ შეხვდა და ორმოცი წლის წინანდელ ამბავზე გაესაუბრა. ინტერვიუ ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და მეც ეს წერილი ვთარგმნე.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: მეკარე რომ გავხდი, ეს დედის დამსახურებაა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა დურენში ვცხოვრობდით და იქაურ საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, მწვრთნელები წინ მათამაშებდნენ. აგრესიული ვიყავი, ხშირად ვჩხუბობდი კიდეც, დედას კი ძალიან არ მოსწონდა დახეული ტანსაცმლით და მტვერში ამოგანგლული რომ ვბრუნდებოდი შინ. ერთ მშვენიერ დღეს მკითხა: „ტონი, თუ არის ფეხბურთში სხვა პოზიცია, სადაც შედარებით მშვიდად იქნები? მეკარე? იცი, ვფიქრობ, კარში დგომა შენთვის ზედგამოჭრილი იქნება“. ასე გადაწყდა ყველაფერი.

დედის დამსახურებაა ისიც, რომ კიოლნს შევუერთდი. რამდენიმე კლუბი მთავაზობდა კონტრაქტს, მაგრამ მან მითხრა: „კიოლნი მშვენიერი გუნდია, მათი რამდენიმე წევრი ნაკრებშიც თამაშობს, კარგი პრეზიდენტი ჰყავთ, ყველაზე დიდი პლუსი კი ისაა, რომ შორს გამგზავრება არ მოგიწევს. მგონი კიოლნი უნდა აირჩიო“.

სხვა კლუბებში ტიტულების მოგების მეტი შანსი მექნებოდა, მაგრამ ბოლო სიტყვა დედას ეკუთვნოდა და მეც კიოლნის წინადადებას დავთანხმდი. როგორც ყოველთვის, დედა ამჯერადაც მართალი გამოდგა: რამდენიმე თვეში კიოლნის პირველ გუნდში დავწინაურდი, 1973 წლის ზაფხულიდან კი ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი და გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეც გავხდი! შესაძლოა, სხვა კლუბებს მეტი ვარსკვლავი ჰყავდათ, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია და 1978 წელს დუბლი შევასრულეთ – ბუნდესლიგაც მოვიგეთ და თასიც.

იმ დროს უკვე ზეპ მაიერის მთავარ კონკურენტად ვითვლებოდი და მალე შევცვალე კიდეც ის: 1979 წელს, ისლანდიაში, პირველად ვითამაშე ნაკრებში და მას შემდეგ იმდენი შევძელი, რომ ევრო 1980-ის წინ ბუნდესგუნდის ნომერ პირველი მეკარე გავხდი.

ჩვენ იმ ევროპირველობის მთავარ ფავორიტად არ ვითვლებოდით, მაგრამ თასი მაინც მოვიგეთ – ფინალში ბელგიას 2:1 ვაჯობეთ.

ფეხბურთელთა უმეტესობას გულშემატკივრები საერთაშორისო გამარჯვებებით იმახსოვრებენ. მე გამონაკლისი ვარ: მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მაისურით ჯერ ევროპის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალში ვითამაშე, უმეტესობას სხვა რამის გამო ვახსოვარ – 1982 წლის ნახევარფინალში, ფრანგებთან მატჩში პატრიკ ბატისტონთან იმ ცნობილ შეჯახებას ვგულისხმობ. მას შემდეგ ორმოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ იმ სევილიური საღამოს გამოძახილი დღემდე მესმის.

მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ. თასის ფავორიტთა შორის გვასახელებდნენ, მაგრამ პირველივე თამაშში ალჟირთან დავმარცხდით. საბედნიეროდ, მობილიზება მოვახერხეთ და მომდევნო მატჩები ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ – ჯერ ჩილეს და ავსტრიას, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი ინგლისს და მასპინძელ ესპანეთს ვაჯობეთ.

ნახევარფინალში ფრანგებზე გავედით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე, რომელთაც იმ წლების მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი ჰყავდათ – მიშელ პლატინი. თუმცა მე არაფრისა მეშინოდა, ზუსტად ისე, როგორც დურენში გატარებულ წლებში.

დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ როგორც კი საფეხბურთო მინდორზე შევაბიჯებდი, უმალ ვიცვლებოდი, სხვანაირი, დაუნდობელი ვხდებოდი. თანაგუნდელებსაც არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერზე მივდიოდი. მაშინ სხვა დრო იყო, ჩვენ, მეკარეები, ნაკლებად დაცულები ვიყავით და ლამის ყოველ შეხვედრაში ომი გვიწევდა, თავდამსხმელები არაფერს გვაკლებდნენ და ჩვენც, როგორც შეგვეძლო, თავს ვიცავდით. ალბათ ამიტომ თუ მაბრალებდნენ აგრესიულ თამაშს.

იმ დღეს სევილიაში ძალიან ცხელოდა. ნახევარფინალი საღამოს ცხრა საათზე კი დაიწყო, მაგრამ ტემპერატურა, თუ არ მეშლება, ოცდაათ გრადუსზე მაღალი იყო. თითოეულმა ჩვენგანმა მშვენივრად ვიცოდით, რომ ფრანგების შეტევების გარდა აუტანელი სიცხისთვისაც უნდა გაგვეძლო.

მეტოქე საუკეთესო შემადგენლობით დაგვიპირისპირდა, ჩვენ კი ლიდერი, ევროპის 1980 და 1981 წლების უძლიერესი მოთამაშე კარლ-ჰაინც რუმენიგე დაგვაკლდა. იმ ჩემპიონატზე მას ერთთავად პრობლემები ჰქონდა, ნახევარფინალის წინ სიცხემ აუწია და იუპ დერვალმაც კალე სათადარიგოთა შორის დატოვა.

მიუხედავად ამისა, პირველი გოლი ჩვენ შევაგდეთ – პიერ ლიტბარსკიმ გახსნა ანგარიში. იმ წუთებში მომეჩვენა, რომ გულშემატკივრები მის გოლს უკმაყოფილებით შეხვდნენ. ისიც ვიფიქრე, მგონი ყველას ფრანგების მოგება სურს-მეთქი. მეტოქემ მალე გაათანაბრა – მიშელ პლატინიმ პენალტიდან გამიტანა გოლი.

პირველ ტაიმში იშვიათად გავდიოდი წინ, მცველები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სიტუაცია შეიცვალა და მეც უფრო ხშირად ვერთვებოდი თამაშში.

ის შეტევა პლატინიმ დაიწყო, ფლანგიდან პირდაპირ ჩვენს ცენტრალურ მცველებს შორის ჩაუგდო ბურთი თანაგუნდელს. მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო, კარიდან გამოვვარდი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ავხტი – ბურთის მოგერიება ვცადე. ფრანგმა დარტყმა მაინც მოასწრო, მე კი რა უნდა მექნა? ჰაერში ვიყავი და თვალის დახამხამებაში მეტოქეს შევასკდი. ის მინდორზე მოწყვეტილი დავარდა, მე კი გავიფიქრე, რომ ახლა კარისკენ უნდა წავსულიყავი და ბურთი ბადიდან გამომეტანა – დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლი გავუშვით.

როცა მივიხედე, გამეხარდა – ბურთი კარს აცდა. მაგრამ წამში ცუდი გრძნობა დამეუფლა – ვიგრძენი, რომ საშინელება მოხდა. მოვტრიალდი და უგონოდ გაშხლართული ბატისტონი დავინახე, გათიშული ეგდო. წამში პლატინიმ მიირბინა და თანაგუნდელის დახმარება სცადა, მიშელმა ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე, რომ ბატისტონი მოკვდა.

მალე სხვებიც მოვარდნენ და ჩხუბი დამიწყეს. იქაურობას გავეცალე და კარისკენ წავედი. დამიჯერეთ, იმ წამებში მინდოდა, რომ პატრიკის სიახლოვეს ვყოფილიყავი, დავრწმუნებულიყავი რომ გადარჩა, მაგრამ მისი თანაგუნდელების რეაქციამ მაფიქრებინა, რომ კარის ხაზზე დარჩენა სჯობდა.

მსაჯი ნიდერლანდელი იყო და ჩათვალა, რომ წესი არ დარღვეულა, შესაბამისად, არც პენალტი დანიშნა და წითელი კი არა, ყვითელი ბარათიც არ მიჩვენა. მეტიც, სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. იმ დროს VAR-ი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ პენალტიც დაინიშნებოდა და ალბათ, მეც გამაგდებდნენ. დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად ვიმსახურებდი წითელ ბარათს, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ გასაძევებელი არ ვიყავი.

თამაში მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდა, რაც პატრიკი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ფრანგები მლანძღავდნენ, გულშემატკივრები კი ბურთთან ჩემს ყოველ შეხებას სტვენით ხვდებოდნენ. მოკლედ, ყოველ წამს მაგრძნობინებდნენ, რომ არასასურველი კაცი ვიყავი.

თამაში 1:1 დასრულდა. დამატებითი დროის წინ, შესვენებაზე, დერვალს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ყველა ვხვდებოდით, რომ ჭკუის დარიგების დრო არ იყო, წინ ურთულესი ნახევარი საათი გველოდა და მოსაგებად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა.

განახლდა თუ არა თამაში, ფრანგებმა ორი გოლი გაგვიტანეს და ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ყველა ფიქრობდა, რომ გავტყდით, მაგრამ კიდევ ერთხელ შევძელით გაერთიანება და ანგარიში გავათანაბრეთ – 3:3!

პენალტების სერიის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრანგებს ჩემი ეშინოდათ. და ამას რომ ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობ ბატისტონის ეპიზოდს, უბრალოდ, პენალტებს მართლა ხშირად ვიგერიებდი. ასეც მოხდა: ორ მეტოქეს არ გავატანინე – ჯერ დიდიე სიქსს, შემდეგ კი მაქსიმ ბოსის.

ყველა სხვა შემთხვევაში თამაშის გმირად მაღიარებდნენ, ხელში ამიტაცებდნენ, ქებით ცაში ამიყვანდნენ, მაგრამ მინდორზე შემოვარდნილმა კორესპონდენტებმა მხოლოდ ბატისტონის შესახებ მომაყარეს კითხვები. იმ წუთებში მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პატრიკს რამდენიმე კბილი მოტყდა. რა უნდა მეთქვა? ერთ-ერთ ჟურნალისტს გავძახე, პრობლემა არ არის, მკურნალობის საფასურს გადავიხდი-მეთქი.

ეს ნათქვამი ხელზე დაიხვიეს, ტონის მეტოქე ფეხებზე ჰკიდიაო და ყველამ მიწასთან გამასწორა. მაშინ რომ მცოდნოდა, პატრიკს კბილების გარდა ნეკნებიც გატეხილი ჰქონდა და კისრის მალებიც დაუზიანდა, საერთოდ არაფერს ვიტყოდი, ხმას არ ამოვიღებდი.

იმ დღეებში დაიწერა, თითქოს სევილიური ნახევარფინალის შემდეგ ბატისტონს საავადმყოფოში ვესტუმრე, მოვუბოდიშე და მანაც დიდსულოვნად მაპატია. ეს ტყულია, მსგავსი არაფერი ყოფილა. წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გველოდა და ბაზიდან არსად გავსულვარ, ყველანი ფინალზე ვფიქრობდით.

სამწუხაროდ, ჩემპიონები ვერ გავხდით. მარტივად რომ ვთქვა, მზად არ აღმოვჩნდით ფინალისთვის. ის იტალია კი, რომელთანაც 1:3 დავმარცხდით, საოცარი გუნდი იყო და მოგებას იმსახურებდა. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გავაკეთეთ თასის მოსაგებად, მაგრამ მეტოქე გვჯობდა.

ფინალის წაგება ხომ დამთრგუნველია, მაგრამ უფრო უსიამოვნო აღმოჩნდა ის ამბები, რაც ჩემი და ბატისტონის შეჯახებას მოჰყვა. საფრანგეთში ხომ ლამის პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს, ამაზე უარესი კი ის იყო, რომ რამდენიმე გაზეთმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საკონცენტრაციო ბანაკების ნაცისტ კომენდანტებს შემადარა. ახალი წლის დღეებში მორიგი შეურაცხყოფა მომაყენეს: ერთ-ერთმა პოპულარულმა გამოცემამ მკითხველებს საფრანგეთის ნომერ პირველი მტრის დასახელება სთხოვა. იმ რეფერენდუმში ადოლფ ჰიტლერი მეორე ადგილზე გავიდა. ხომ ხვდებით ფრანგებმა პირველ ადგილზე ვინ დაასახელეს?

განახლდა თუ არა საკლუბო სეზონი, ვიგრძენი, რომ ბუნდესლიგაშიც შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება. ნელ-ნელა მუქარის შემცველმა წერილებმა იმატა, გასვლით მატჩებში გულშემატკივრები მხოლოდ მისტვენდნენ, სულ უფრო ხშირად მაბრალებდნენ, რომ ბატისტონს განზრახ შევასკდი… ორჯერ ჩემი შვილების გატაცებაც სცადეს. საბედნიეროდ, მასწავლებლებმა საფრთხე იგრძნეს და პოლიციას უხმეს…

ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე, მუდმივად გაღიზიანებული ვიყავი, უაზროდ ვჩხუბობდი, არაფერი მიხაროდა… მალევ მივხვდი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა შემეცვალა.

სევილიის შემდეგ პატრიკი არ მინახავს და ვგრძნობდი, რომ ეს კარგი საქციელი ნამდვილად არ იყო. მსურდა მისი მონახულება და მინდოდა პირადად მეთხოვა პატიება, მაგრამ მან შემატყობინა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საჯაროდ მოვუბოდიშებდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ნამდვილად არაფერი იყო ცუდი იმაში, თუ ხალხი დაინახავდა, რომ ტონი შუმახერი ჩვეულებრივი ადამიანია და არა მხეცი, როგორც ბევრმა დამხატა იმ შეჯახების შემდეგ.

პატრიკს შევუთანხმდი და ერთ მშვენიერ დღეს მეცში, მისი მეგობარი ჟურნალისტის სახლში ვეწვიე. ცხადია, პრესა ინფორმირებული იყო ჩემი სტუმრობის შესახებ და იქაურობა ფოტოკორესპონდენტებით გაივსო. პატრიკს მათ წინაშე ვესაუბრე, შეხვედრის ბოლოს ხელი ჩამოვართვი და ვთქვი, იმედია მაპატიე და მომხდარი ამით დასრულდა-მეთქი.

ჩემდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პატრიკი არაფერ შუაშია, უბრალოდ ევრო 1984-ის დღეებში სევილიური ამბავი კიდევ არაერთხელ შემახსენეს. ის ევროჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდა და რა გასაკვირია, რომ ბევრმა ფრანგმა ჩემი იქ ყოფნა სათავისოდ გამოიყენა.

ჩვენ ნაკრებს კვლავ იუპ დერვალი წვრთნიდა და სანამ ჩემპიონატზე გავემგზავრებოდით, მწვრთნელი შინ მესტუმრა. სურდა დარწმუნებულიყო, რომ ფსიქოლოგიურად მხნედ ვიყავი, რომ შევძლებდი საფრანგეთის სტადიონებზე თამაშს, რომ გუნდს არ დავაღალატებდი… დერვალს ზუსტად ისე ვუპასუხე, როგორც დედა მარიგებდა წლების წინ: „არ მსურს ვინმემ დამარცხებული მიხილოს! ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ“!

პარიზის აეროპორტში ჩემს თანაგუნდელებს ჩვეულებრივად შეხვდნენ, მე კი პირადი მცველები დამჭირდა. ნაკრების ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის ასე უმჯობესი იყო. ევრო 1984 ნამდვილად არ არის ტკბილი მოგონება – ცუდად ვითამაშეთ და ჯგუფში ჩავრჩით, მაგრამ პირადად მე ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს, მოგვიანებით კი გერმანიის წლის მოთამაშედ მაღიარეს.

მეორედ ეს საპატიო ტიტული 1986 წელს მერგო, როცა მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდით, მე კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალში მხოლოდ მარადონას ჩამოვრჩი.

მანამდე, მეოთხედფინალში, მასპინძლებთან 0:0-ის შემდეგ, პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოვიგერიე და გუნდი ნახევარფინალში გავიყვანე. იქ კვლავ მიშელ პლატინის საფრანგეთს დავუპირისპირდით.

ბატისტონს საფეხბურთო მინდორზე სევილიის შემდეგ პირველად სწორედ იმ დღეს, გვადალახარაში შევხვდი. პრესამ ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა, რადგან ოთხი წლის წინანდელ ამბავს გაგრძელება აღარ მოჰყვა – იმ ნახევარფინალში ბრემეს და ფიოლერის გოლებით მშვიდად მოვიგეთ და ფინალში გავედით, სადაც კვლავ დავმარცხდით, ამჯერად არგენტინასთან – 2:3.

რუდი ფიოლერი ხშირად მეუბნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალს ვიმსახურებდი და თუ ის არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. მექსიკა 1986-ის შემდეგ 32 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ნაკრების მთავარ მეკარედ ვითვლებოდი, მაგრამ ყველაფერი დასრულდა, როგორც კი 1987 წელს ჩემი ავტობიოგრაფია გამოიცა.

„ტონი, ის დაწყევლილი წიგნი რომ არა, ახლა მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდი“, – ეს სიტყვები ფიოლერის გარდა ბევრს უთქვამს ჩემთვის და რომ ვფიქრობ, ალბათ ასეცაა.

ავტობიოგრაფიის გამოცემას ძალიან ბევრი ელოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ მთავარი ამბავი ბატისტონის ინციდენტი იქნებოდა, მაგრამ წიგნი სხვა თავში მოთხრობილი ისტორიის გამო გახდა ბესტსელერი – ვაღიარე, რომ ბუნდესლიგაში დოპინგი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ თითქმის ყველა კლუბის ფეხბურთელები იღებდნენ პრეპარატებით გაჯერებულ სითხეებს, რაც მათ გაათმაგებული ძალით თამაშში ეხმარებოდა.

ეს იყო და ეს, მას შემდეგ ყველამ ზურგი მაქცია! თან მხოლოდ ნაკრები კი არა, კიოლნიც დამატოვებინეს, სადაც თხუთმეტი წელიწადი გავატარე და ხუთასზე მეტ შეხვედრაში ვითამაშე. ჯერ გელზენკირხენში, შალკე 04-ში გადავედი, შემდეგ სამი სეზონი თურქეთში გავატარე – სტამბოლის ფენერბახჩეში, მერე იყო მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია…

ავტობიოგრაფიამ კარიერა დამინგრია. ხალხს უკვირდა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რატომ არ დაველოდე ფეხბურთიდან წასვლას. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თვალთმაქცობა ყელში ამომივიდა. დედამ წლების წინ მითხრა, რომ სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია და სჯობს იყო მართალი, ვიდრე პირში წყალი ჩაიგუბო და უმსგავსობაზე თვალი დახუჭო. მეც ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ვთქვი, რაც მაწუხებდა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა ვცადე, მაგრამ სიმართლის სიყვარულის გამო ამ ასპარეზზეც ბევრი პრობლემა შემექმნა. პირველად კიოლნის ფორტუნაში, როცა ვცდილობდი გუნდი სწორ გზაზე დამეყენებინა და ბიჭებისადმი ყველაფერი გადამეცა, რაც კი თავის დროზე ვისწავლე. ერთ-ერთი მატჩის წინ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელზე ვთქვი, ძალიან უყვარს ალკოჰოლი, ასე არ შეიძლება-მეთქი და მორიგი თამაშის შესვენების დროს გამათავისუფლეს, როგორც კი პრეზიდენტმა ჩემი ნათქვამი შეიტყო.

თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ სიმართლით. მისი წყალობით არასდროს არაფრის შემშინებია და იმდენი შევძელი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გავხდი.

მაგრამ მეორე მხრივ, სიმართლის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა და ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალიც.

ყველაფრის მიუხედავად, არაფერს ვნანობ. კარიერის ყოველ ეტაპზე ყველა გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღე და ამიტომაც გავხდი ის, ვინც ვარ.

ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც იმავე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, როგორშიც 1982 წლის 8 ივლისის საღამოს სევილიაში, ზუსტად მაშინდელივით მოვიქცეოდი – კარიდან გამოვვარდებოდი. პატრიკ ბატისტონის მტერი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ იმ წამებში მე თანაგუნდელების დახმარება მსურდა, კარის გოლისგან გადარჩენა. ახლაც იგივეს შევეცდებოდი.

ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ესაა: ფრანგების პროტესტის მიუხედავად, მაინც მივირბენდი პატრიკთან. თუ რამეს ვნანობ, მხოლოდ იმას, რომ მაშინ კართან დავრჩი და ბატისტონს არ დავეხმარე.

ედ მაკემბრიჯის ინტერვიუ (FourFourTwo, #345; 2022 წლის ნოემბერი)
თარგმნა ლაშა
გოდუაძემ (2022 წლის 14 დეკემბერი)
ფოტო: FIFA & FourFourTwo

ka_GEGeorgian