ინტერვიუ: ბაქარ ჟორდანია

საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სარეკონსტრუქციო სტადიონები, კლუბების ლიცენზირება, ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რასაც ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა მოიცავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ 22 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართულ საფეხბურთო სამყაროს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის შესასრულებლად მომდევნო 4 წლის მანძილზე იმუშავებს.

ჩამონათვალში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიფა-უეფას პროგრამებით ჩვენი კლუბების დახმარებას, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების ლიცენზირებას და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციას გამორჩეული ადგილი ეჭირა.
ამ თემებზე სასაუბროდ სფფს ლიცენზირების განყოფილების უფროსს, ბაქარ ჟორდანიას შევხვდით.

დეკემბერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაში გადავიდა. სფფს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი სახლისთვის ამ არენას დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, როდის დაიწყება სარბიელის რეკონსტრუქცია?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ 2 თვის წინ გააფორმეს ხელშეკრულება – სტადიონი სფფს გადაეცა, თუმცა კიდევ დარჩა რამდენიმე ფორმალური საკითხი, რომელზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, უახლოეს დროში, როცა ყველა დარჩენილი დოკუმენტი გაფორმდება, არენა საბოლოოდ გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას.

სფფს თანხებით და უეფას ფინანსური დახმარებით რეკონსტრუქციის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უეფას მე3 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აქ მხოლოდ სარბიელის კეთილმოწყობას არ ვგულისხმობ – საუბარია არენის გარშემო ტერიტორიაზეც, რეკრეაციული ზონის ჩათვლით.

სფფმ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ერთ-ერთ ცნობილ უცხოელ არქიტექტორთან – მას უეფას რეკომენდაციით დავუკავშირდით. ჯერჯერობით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ტრიბუნების დიდი ნაწილი გადაიხურება, კეთილმოეწყობა პრესლოჟა, შენობას დაემატება ვიპ-ლოჟები და გაუმჯობესდება განათება-გახმოვანება. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი რეკონსტრუქციის შემდეგ ეროვნულზე ბევრად კომფორტული იქნება.

რაც შეეხება მინდვრის საფარს, ის მთლიანად გამოიცვლება, თუმცა ეს სამუშაოების ერთ-ერთი ბოლო ეტაპი იქნება.

სტადიონის ძირითადი მომხმარებელი, ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციაა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, კლუბებსაც შეეძლებათ მისი ქირაობა.

უეფას პროგრამა ჰეთ-თრიქით გამოყოფილი 3 ხელოვნური საფარიდან სფფმ ერთი უკვე დააგო რუსთავის სტადიონზე. იგივე უნდა მომხდარიყო ვიტ ჯორჯიას სარბიელზეც, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. რატომ?
ამ პროექტში სფფს მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის საფარის დაგება ევალება, კლუბმა კი ინფრასტრუქტურა თავად უნდა განავითაროს. რუსთავის ოლიმპმა თავისი გეგმა შეასრულა და ახლა ამ სტადიონს 2 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური საფარის მიუხედავად, სტადიონზე უეფას ეგიდით გამართული ტურნირების მატჩების ჩატარება ნებადართულია.

რაც შეეხება ვიტ ჯორჯიის არენას, სამწუხაროდ, კლუბმა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქამდე ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეში სფფ საფარს დააგებს, სტადიონს საერთაშორისო მატჩების მიღების უფლება არ ექნება – მას კლუბი მხოლოდ სფფს ეგიდით გამართული ტურნირებისთვის თუ გამოიყენებს.

ამ ტიპის საფარი სპეციფიურ ქვიშაზე იგება, რომელიც ეგვიპტიდან შემოგვაქვს. ეს პროცესი დასრულებულია და მალე დაგებაც დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ საფარს ყოველი სეზონის ბოლოს სჭირდება ლაბორატორიული შემოწმება. თუ გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მასზე საერთაშორისო თამაშების ჩატარება აიკრძალება.

ცნობილია, რომ იგივე საფარის დაგება ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის სფფს ტექნიკურ ცენტრშიცაა გათვალისწინებული…
სამუშაოები იქაც მიმდინარეობს – ზუსტად იგივე პროცესია ჩასატარებელი, რაც ვიტ ჯორჯიას სტადიონზე.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის არარსებობა კვლავ დიდი პრობლემაა. საინტერესოა, რამდენად რეალურია ქალაქში სარბიელის აშენება და რას აკეთებს ფეხბურთს ფედერაცია საამისოდ?
ჯერჯერობით ახალი არაფერია – ბათუმში სტადიონის აგება მხოლოდ და მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი. სფფს ინიციატივა არაფერს ნიშნავს – აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება, რათა საკითხი ადგილიდან დაიძრას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველა პროცესი შეჩერებულია.

საქართველოს უმაღლესი და I ლიგის კლუბების ლიცენზირების პროცესიც დაწყებულია…
უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სფფს ლიცენზირების განყოფილება ყველა კლუბს ამოწმებს. პროცესი მაისში დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც მაშინ გაცხადდება. ზოგი კლუბი უეფას ლიცენზიას მიიღებს, დანარჩენი – ეროვნულს. ორივე სახის ლიცენზიას ჩვენი განყოფილება გასცემს. თუ მოხდა და კლუბმა ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ უეფას ლიცენზია ვერ მიიღო, საერთაშორისო ტურნირებს მიღმა დარჩება.

მაისში ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია უნდა დასრულდეს…
ეს პროცესიც საკმაო ხანია მიმდინარეობს – ინსპექტირების ჯგუფები უკვე მუშაობენ და მაისში შედეგებსაც გავიგებთ.

არსებობს სკოლების 5 კატეგორია: პირველი – ყველაზე დაბალია, მეორე – შედარებით უკეთესი და ასე შემდეგ საუკეთესომდე, ანუ მეხუთემდე. სავარაუდოდ, ივნისისთვის ყველა საფეხბურთო სკოლა შეფასდება და თავის კატეგორიას მიიღებს. არაა გამორიცხული, იმ სკოლებმა, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საერთოდ ვერ მიიღონ კატეგორია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გავაუქმებთ – კატეგორიზაციის პროცესი ამას არ ითვალისწინებს. როცა საბოლოო სია შედგება, გამოქვეყნდება, ამით კი ჩვენ საშუალებას მივცემთ მშობლებს სრული წარმოდგენა შეექმნათ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებზე და შვილები იქ მიაბარონ, სადაც საჭიროდ ჩათვლიან.

გეგმაში გვაქვს წამახალისებელი პროექტი, რომელსაც სფფ, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში აამოქმედებს. მაგალითად, თუ რომელიმე სკოლამ მე5 კატეგორია მიიღო, შესაძლოა, ინვენტარით დავაჯილდოვოთ ან საერთაშორისო ტურნირზე გავუშვათ. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ გეგმაა – მთავარი ისაა, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებმა განვითარებისთვის იზრუნონ.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 1 თებერვალი)

ka_GEGeorgian