ინტერვიუ: ბუდუ ზივზივაძე

გუშინდელი თამაშის მთავარ გმირზე დავწერ. ბუდუ ზივზივაძეს ზუსტად ერთი კვირის წინ, პარასკევს შევეხმიანე, საქართველოლუქსემბურგის მატჩის ოფიციალური პროგრამისთვის პატარა ინტერვიუ ჩავწერე.
მაშინ ბუდუ რთულ სიტუაციაში იყო. თითქმის ერთი თვით ადრე კარლსრუეს მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის გადაიყვანა და ხან 28, ხან 2, ხანაც 15 წუთს აძლევდა, ჩვენ საუბრამდე გამართულ ბოლო მატჩში კი საერთოდ არ ათამაშა. ცხადია ამ ამბავზეც ვკითხე. პასუხს ქვემოთ წაიკითხავთ, პროგრამაში დაბეჭდილ ინტერვიუს, სფფის ნებართვით, აქვე დავდებ.

ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ სიტუაცია საოცრად შეიცვალა: 17 მარტს, მაგდებურგთან 7:0 მოგებულ თამაშში ბუდუმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, გუშინ კი ნაკრებშიც გაიტანა ორი გოლი, კარიერაში პირველად.

ეს სერია 26-ში საბერძნეთთან უნდა გასამდეს: ბუდუმ კვლავ შეაგდოს, ჩვენებმა კი აუცილებლად მოიგონ! გამარჯვება საქართველოს!

* * *

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. ლუქსემბურგთან უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფის ნახევარფინალი ევრო 2024-ის გზაზე ბოლოსწინა ნაბიჯია.

ამ თამაშისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ კარლსრუეს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ნაკრების მაისურით ბოლო ორ წელიწადში ხუთი გოლი გაიტანა.

ბუდუ ივლისში შეუერთდა გერმანულ კლუბს და პირველი ბურთი მეორე შეხვედრაშივე შეაგდო – გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის, ჰამბურგის კარი დალაშქრა.

ნოემბრის მიწურულიდან თებერვლის დასაწყისამდე ქართველი მშვენიერი ფორმაში იყო და შვიდი გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ის თითქმის ერთი თვეა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ბუდუსთან ინტერვიუ ამ საკითხით დავიწყეთ:

„ჩემთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ პროფესიონალი ვარ და შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მაინც მთელი ძალით ვვარჯიშობ, ვცდილობ მწვრთნელის ნდობა დავიბრუნო. დაახლოებით თვენახევრის წინ ჩვენი სათამაშო ტაქტიკა შეიცვალა – კრისტიან აიხნერმა გვითხრა, რომ უკმაყოფილო იყო დაცვით და ამიტომ, ორი ცენტრფორვარდის ნაცვლად ორი საყრდენი ნახევარმცველით თამაში გადაწყვიტა. ამ ცვლილებას მე შევეწირე. ამასთან დაკავშირებით აიხნერმა თავისთან დამიბარა და პირადად მესაუბრა. ისიც მითხრა, რომ კონკურენტს მხოლოდ იმიტომ მიანიჭა უპირატესობა, რომ ჩემზე მაღალია. მე ცდას არ დავაკლებ და იმედია სიტუაცია მალე გამოსწორდება“.

ბუდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის იანვარში შედგა. მაშინ ის ჯერ კიდევ ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, სამტრედიის თავდამსხმელი გახლდათ. 22 წლის ფორვარდმა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა.

მისი მეოთხე სანაკრებო მატჩი ლუქსემბურგთან ამხანაგური იყო. 2018 წლის 5 ივნისს, სტუმრად გამართულ შეხვედრაში, ბუდუმ მეორე ტაიმში შეცვალა ნიკა კაჭარავა. იმ დროს ზივზივაძე თბილისის დინამოს წევრი გახლდათ:

„ჩემთვის, ჯერ კიდევ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ნაკრებში გატარებული ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ლუქსემბურგთან ის თამაში ძალიან კარგად მახსოვს. ვლადიმირ ვაისმა მაშინ მეორე ტაიმში შემიშვა მინდორზე. გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ ვეცდები, თუ დღეს შანსი მომეცა, ამჯერად მაინც გავახარო გულშემატკივრები. ის ამხანაგური თამაში იყო, დღეს ოფიციალურად ვხვდებით მეტოქეს. სხვაობა დიდია, თან შინ ვთამაშობთ… მოკლედ, იმედიანად ვარ“.

ნაკრებში ჩატარებული 23 მატჩიდან უმრავლესობა, 19, ბუდუმ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ითამაშა. ყველა, ხუთივე გოლიც ფრანგი სპეციალისტის ხელში გაიტანა:

„ჩემი დებიუტი ვაისის ხელში შედგა, თუმცა ნაკრებში ვილი სანიოლის დროს დავმკვიდრდი. მათი შედარება გამიჭირდება, ისინი განსხვავებული მწვრთნელები არიან. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვცდილობ ყველა სპეციალისტისგან რაიმე ვისწავლო, რაც განვითარებაში, უფრო მაღალ დონეზე თამაშში დამეხმარება“.

მარტის თამაშების წინ ნაკრებში დაბრუნდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ცენტურიონი, რეკორდსმენი კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების მიხედვით ჯაბა კანკავა. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის მოსვლა ბუდუსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„არ დავმალავ, ჯაბას გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა. ის სამაგალითოა ყველა გაგებით, პროფესიონალია როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მინდორს მიღმა. ამ ასაკში კვლავ ევროპაში თამაშობს და თან უცვლელად ძირითადი შემადგენლობის წევრია, ეს კი ბევრ რამეზე მიუთითებს. მახსოვს, როცა ნაკრების კანდიდატად ვითვლებოდით მე და ჩემი მეგობრები, ჯაბას შესახებ ხშირად ვსაუბრობდით. ბიჭებს ვეკითხებოდი ხოლმე, როგორ ვარჯიშობდა, როგორ ემზადებოდა მატჩებისთვის… მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი და ვცდილობდი გამოცდილი თანაგუნდელებისგან რაღაც-რაღაცები მესწავლა… ითამაშებს თუ არა დღეს, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ჯაბა რომ ნაკრებს დაუბრუნდა, ეს უკვე ძალიან დადებითი მომენტია“.

მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველო ძლიერ მეტოქეებთან ერთად მოხვდა, ბევრი თვლის, რომ ჩვენებს უკეთ თამაში შეეძლოთ. ამავე აზრისაა ბუდუც, რომელმაც რვიდან ექვს საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ნაკრების კარში:

„ძლიერი ჯგუფი გვერგო, ესპანეთი გრანდია, შოტლანდიას კარგი თაობა ჰყავს, ნორვეგიაც ანგარიშგასაწევი ძალაა… მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ რამდენიმე მატჩში უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, ჯამშიც მეტი ქულა უნდა აგვეღო. მაგალითად ბათუმში ნორვეგიასთან, ან გლაზგოში შოტლანდიასთან… ყველაზე ძალიან, მგონი, თავდაჯერება გვაკლდა, უფრო თამამად უნდა გვეთამაშა“.

საქართველო მეორედ მიუახლოვდა დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპს. ევროპის წინა ჩემპიონატამდე ჩვენ გუნდს უკანასკნელი ნაბიჯი დააკლდა. მაშინ ბუდუ ნაკრების წევრი არ იყო, ახლა კი თანაგუნდელებთან ერთად ეცდება ოცნების ახდენას:

„ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უდიდესი მოვლენა იქნება! ნაკრების თითოეული წევრი ზუსტად ხვდება, თუ რამდენად დიდი ამბის წინაშე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ვეცდებით შანსი ხელიდან არ გავუშვათ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი მომენტი დგას და ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ – ფეხბურთელები და გულშემატკივრები. ვიმედოვნებ, რომ დღეს ყველა ერთად გავიხარებთ“.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 22 მარტი
ფოტო:
ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian