ინტერვიუ: ფაბიო კაპელო

სადაც კი იმუშავა, მილანიდან მადრიდის ჩათვლით, ყველგან წარმატებას მიაღწია. წლის დასაწყისში კარიერის ყველაზე დიდ გამოწვევას დათანხმდა და ახლა გამარჯვებისთვის იბრძვის: ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი უნდა მოაგებინოს.
ინტერვიუ, რომელსაც დღეს გთავაზობთ, პოპულარულ ბრიტანულ საფეხბურთო ჟურნალ FourFourTwo-ში გამოქვეყნდა. ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს ჯეიმს რიჩარდსონი ესაუბრა.

* * *

უემბლი ინგლისის ნაკრების მორიგი მატჩების მოლოდინშია. სანამ სტადიონის მუზეუმში გულშემატკივრები ასოციაციის თასთან სამახსოვრო ფოტოებს იღებენ, ამ მშვენიერი სარბიელის საპატიო სტუმართა ლოჟასთან ერთი კაცი განმარტოებით დგას და მინდორს გასცქერის.
შორეული 1973 წლის ნოემბერში ფაბიო კაპელომ აქ, უემბლიზე, იტალიის ნაკრებში თამაშისას ინგლისს ერთადერთი გოლი გაუტანა და აპენინელებს მოაგებინა. ეს იყო იტალიელთა პირველი გამარჯვება ინგლისში.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის სკუადრა აძურა მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი იყო და სხვა არაერთი დიდებული გამარჯვებაც მოეპოვებინა, კაპელოს თანამემამულე ჟურნალისტებმა ის მატჩი ნაკრების ისტორიაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრად მონათლეს.
ვერავინ იფიქრებდა, რომ 35 წლის შემდეგ ადამიანი, რომელმაც ამ სტადიონზე შეკრებილი ათასობით ფანი დაამწუხრა, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, ფეხბურთის ასოციაცია კი მისგან უდიდეს გამარჯვებებს მოითხოვდა.
სანამ ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნებოდა, მას რამდენჯერმე შევხვდი და ყველა შემთხვევაში ის განსხვავებული ჩანდა: მილანში მუდმივად ჩაფიქრებული იყო, უკარება და არცთუ ენაწყლიანი; რომში მუშაობისას სახეზე მუდმივად დასთამაშებდა ღიმილი მადრიდში დასვენებული ჩანდა, ტურინშისაინტერესო მოსაუბრე.
მას შემდეგ, რაც ინგლისელთა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ის სულ სხვა კუთხით დავინახე: დინჯია, გაწონასწორებული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ადრე სპორტულ სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა მეტწილად, აკადემიურ სტილს ამჯობინებს. თან, სათვალეც როგორი შეარჩია?!
ეს, სავარაუდოდ, ასაკის ბრალია და კიდევ, არცთუ მცირე ხელფასის: ადამიანი, რომლის გუნდი წელიწადში 10, მაქსიმუმ 12 შეხვედრას ატარებს, 6 მილიონ გირვანქას იღებს!
ტრადიციულად, ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ვესალმებით და ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის და თარჯიმნის თანხლებით ჩვენი ინტერვიუც იწყება.

გამარჯობა ფაბიო და კიდევ ერთხელ, ამჯერად ჩემგან: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინგლისში. ჩვენ ბოლოს მადრიდში შევხვდით ერთმანეთს...
თუ არ ვცდები, ის ჩემი ბოლო ინტერვიუ იყო რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე…

მართალია! იმ ინტერვიუს დროს თქვენი კლუბები სხვადასხვანაირად დაახასიათეთ: რომას ლამაზი უწოდეთ, მილანსწარმატებისთვის შექმნილი, იუვენტუსი უნაკლო მანქანას შეადარეთსაინტერესოა, ინგლისში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ როგორ დაახასიათებთ ნაკრებს?
დავიწყოთ იმით, რომ კლუბში და ნაკრებში მუშაობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ ფეხბურთელებთან წლის მანძილზე ძალიან ცოტა დროს ატარებ და მეტწილად, მათ აკვირდები. შენი მთავარი მოვალეობა იმ ფეხბურთელების ერთად შეკრებაა, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. ძნელია 10-12 შეხვედრით გუნდის პორტრეტზე მსჯელობა, მაგრამ საკმარისია ერთი დიდი ტურნირი და უკვე ნაკრების სახეც გამოიკვეთება. ვფიქრობ, თქვენ კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შემეძლება.

აქაურ პრესაზე რას იტყვით, ზოგადად, ჟურნალისტების ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე?
სიმართლე გითხრათ, ასეთი ზეწოლა თუ იქნებოდა, არ მეგონა. ყველაზე ძალიან, იცით რა მაოცებს? იტალიისგან, ესპანეთისგან ან თუნდაც, პორტუგალიისგან განსხვავებით, ინგლისში არ არსებობს საფეხბურთო გაზეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეხბურთს ყველა გამოცემაში ძალიან, ძალიან დიდი ადგილი ეთმობა და სპორტის ამ სახეობას ძალიან ბევრი ჟურნალისტი აშუქებს. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო! შევამჩნიე ისიც, რომ ინგლისელი ჟურნალისტები, იგივე იტალიელებისგან ან ესპანელებისგან განსხვავებით, გულშემატკივრებიც არიან, მხოლოდ პროფესიული კუთხით არ უდგებიან ნაკრების თამაშებს.

ჩვენი ინტერვიუ უემბლიზე იწერება, ეს სტადიონი კი თქვენთვის ისტორიული ადგილი უნდა იყოს
ეს ახალია, ჩემთვის ისტორიული კი ძველი უემბლი იყო…

ნუთუ ამ სარბიელმა თქვენთვის მნიშვნელობა დაკარგა?
არა, არავითარ შემთხვევაში. უემბლი ყველა ფეხბურთელისთვის და მწვრთნელისთვის მუდმივად მნიშვნელოვანი სტადიონი იქნება. მათ შორის, ჩემთვისაც.

მახსოვს, 90-იან წლებში როცა შევხვდით, მითხარით, რომ ამ სტადიონზე გატანილი გოლით მუდმივად იამაყებდით და ის ბურთი ყოველთვის თქვენი კარიერის მშვენებად დარჩებოდა.
აზრი არ შემიცვლია. სხვა თუ არაფერი, ის ფეხბურთელი გავხდი, ვისი გოლითაც იტალიამ ინგლისს სტუმრად სძლია. ჩვენ მანამდე მსგავსი რამ ვერ მოგვეხერხებინა. რამდენჯერმე ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოვიგეთ. ის გოლი არა მარტო ჩემთვის, ზოგადად, იტალიური ფეხბურთისთვისაა უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ხომ ამ მშვენიერი თამაშის სამშობლოში პირველად გავიმარჯვეთ!

2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთი აფრიკა მასპინძლობს. საინტერესოა, რა შედეგს მიიჩნევს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი წარმატებად?
პირველ ყოვლისა, ჩვენ ამ ტურნირზე თამაშის უფლება უნდა მოვიპოვოთ. როცა ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.

თუ ტოტალიზატორში დღეს ინგლისის გამარჯვებაზე დადებთ ფსონს, გამართლების შემთხვევაში 12-ჯერ მეტს მიიღებთ!
იცით, მე მჯერა ჩემი გუნდის, ასე იყო წლების მანძილზე და ასეა ახლაც… თუ მწვრთნელს თავის გუნდის არ სჯერა, მაშინ მან სხვა სამუშაო უნდა ეძებოს. რაც შეეხება ტოტალიზატორს, უნდა გაგაწბილოთ… არ ვთამაშობ!

ინგლისმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. თქვენი აზრით, რატომ?
როგორც წესი, იმ საკითხზე საუბარს ვამჯობინებ, რომელთანაც პირდაპირი შეხება მაქვს. ახლა ნამდვილად ვერ დავიწყებ ამ მარცხის მიზეზების ძიებას, მით უმეტეს, ყველაფერი მხოლოდ გაზეთებიდან ან ფეხბურთელებისგან ვიცი.

ინგლისის ნაკრები

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სტივენ ჯერარდი და გუნდის ისტორიაში პირველი იტალიელი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო

თქვენი ხელმძღვანელობით ნაკრებმა მხოლოდ ერთი წააგო. რაც მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ოთხივე შეხვედრა მოიგო
ოფიციალურ მატჩებამდე 5 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, რომელთაგან 3 მოვიგეთ, თითო კი ფრედ დავასრულეთ და წავაგეთ. ეს მატჩები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ახალი ფეხბურთელები გამოვცადე, პრობლემები კარგად დავინახე და იმ გზების გამოძებნის საშუალება მომეცა, რომელიც გუნდის გაძლიერებაში დამეხმარებოდა. დანარჩენი მხოლოდ მუშაობის და დროის ამბავი იყო. კარგია, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩინებული სტარტი გამოგვივიდა.

საინტერესოა, რა დრო დასჭირდება ინგლისის ნაკრებს ისეთი ფეხბურთის სათამაშოდ, როგორიც თქვენ გსურთ?
ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

ერთ თვეში, ნახევარ წელიწადში თუ
ძალიან მალე, ჩვენ მიზანთან ახლოს ვართ. ხორვატიაში გამარჯვება და ოქტომბერში ყაზახეთთან და ბელარუსთან მოგებები ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა, ეფექტური იყო. ნაკრები საკუთარ თავში დარწმუნებულია და მალე სულ სხვა დონეზე გავალთ.

ნაკრების კაპიტნის გარშემო დიდხანს საუბრობდნენ. რამდენიმე კანდიდატურა სახელდებოდა: ჯონ ტერი, რიო ფერდინანდი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, დევიდ ბექემითქვენ ფერდინანდი აირჩიეთ. რატომ?
ჩემთვის კაპიტნის გარშემო ატეხილი ამბავი მოულოდნელობა იყო და აი, რატომ: იტალიაში ყველაფერი მარტივადაა – კაპიტანია ის, ვისაც ყველაზე მეტჯერ უთამაშია გუნდში. ინგლისში ასე არაა და მეც არცთუ იოლი არჩევანის გაკეთება მომიხდა. საბოლოოდ ფერდინანდი შევარჩიე: ის ახალგაზრდაა, ჩინებული ფეხბურთელია და თანაგუნდელთა გაძღოლა შეუძლია. მანჩესტერ იუნაიტედში ამას ჩინებულად ახერხებს… რა თქმა უნდა, ჯონ ტერი, უეინ რუნი, დევიდ ბექემი, სტივენ ჯერარდიც დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ფერდინანდი ავირჩიე და მორჩა! ის ჩემი მარჯვენა ხელია მინდორზე.

ამ ინტერვიუმდე დაახლოებით ერთი თვე მაქსიმალურად გაკვირდებოდით: სად დადიოდით, რას ამბობდითმრჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისში თავს ჩინებულად გრძნობთ. ასეა?
მართალი ბრძანდებით, აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, ფეხბურთის ასოციაციის წინადადებას არ დავთანხმდებოდი.

საინტერესოა, როცა ინგლისელთა წინადადებას დათანხმდით, შესაძლო წარუმატებლობამ არ შეგაშინათ?
ამაზე არასდროს ვფიქრობ. თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ შრომით, შრომა კი არც ახლა მეზარება. ნაკრებში აქამდე არასდროს მიმუშავია და ვთვლიდი, რომ დრო იყო, ამ ასპარეზზეც მეცადა ბედი. თან, როცა ინგლისიდან შემეხმიანნენ, უარი როგორ მეთქვა?

პირველივე შეკრებაზე გამოჩნდა, რომ დისციპლინის მოყვარული ბრძანდებით: ბიჭებს კომპიუტერული თამაშები აუკრძალეთ. ამით რის მიღწევა გსურთ?
ჩემთვის დისციპლინა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იდგა და ასე იქნება აქაც. ფეხბურთელები გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილონ. რაც შეეხება კომპიუტერულ თამაშებს და გართობის კიდევ რამდენიმე სახეობას, ის პირველივე შეკრებაზე ავკრძალე და მოთამაშეებს ავუხსენი კიდეც: ნაკრების წევრები სამაგალითონი უნდა ვიყოთ, ჩვენ ხომ საერთაშორისო ასპარეზზე წარვადგენთ ერს. ყველა გვიყურებს: ბავშვები, ქალები, ასაკოვანი ხალხი, უცხო ერის წარმომადგენლები… მათთვის სამაგალითონი უნდა ვიყოთ!

ამბობთ ჩვენ და თავს ინგლისელად თვლით. წარმოვიდგინოთ, რომ ინგლისი იტალიას ხვდება
დღესდღეობით ფაბიო კაპელოს ინგლისის ნაკრების მაისური აცვია!

ერთხელ თქვით, რომ რომასთან ერთად სკუდეტოს მოგება თქვენი უდიდესი გამარჯვება იყო. საინტერესოა, არის თუ არა ინგლისის ნაკრებთან ერთად დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგება კარიერის უდიდესი გამოწვევა?
რომასთან ერთად გამარჯვება მართლა გმირობა იყო! რაც შეეხება ნაკრებს… ვფიქრობ, არანაკლებ დიდი გამოწვევაა, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ინგლისელებს ჩემპიონობის უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე იმ სეზონის დაწყების წინ რომას ჰქონდა.

კარიერის მანძილზე არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან გიმუშავიათ. რას იტყვით უეინ რუნიზე, რის მიღწევა შეუძლია მას?
რუნი ჩინებული მოთამაშეა… ახალგაზრდაა, თუმცა უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. ჩემი აზრით, მას ბრწყინვალე შანსი აქვს, თაობის საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: რუნი კლუბში უფრო ძლიერად თამაშობს, ვიდრე ნაკრებში. ასე იყო კარგა ხანს, ბოლო 2 შესარჩევ შეხვედრაში კი სიტუაცია გამოსწორდაყაზახეთთან და ბელარუსთან მან 4 გოლი გაიტანა!
ვერ დაგეთანხმებით, რომ ის ნაკრებში უფრო სუსტია, ვიდრე კლუბში. პრობლემა პირობითია: მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ის სეზონში 50-60 მატჩს ატარებს და გულშემატკივარს ადვილად ავიწყდება თითო-ოროლა ჩაგდებული თამაში, ნაკრებში კი მას ყოველ ჯერზე უწევს იმის მტკიცება, რომ ეროვნულის ფორმის ღირსია. რუნით უკმაყოფილო ჯერ არ ვყოფილვარ და შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ რუნი კლუბში და ნაკრებში ერთმანეთისგან განსხვავდება.

რუნი

ფაბიო კაპელო: რუნის შეუძლია გახდეს თაობის საუკეთესო თავდამსხმელი

ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე დაგეკითხებით: დევიდ ბექემი 2010 წელს 35 წლისა იქნება. როგორ ფიქრობთ, იმ დროისთვის თუ დააკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს?
ჩემთვის მთავარია, რომ დევიდი დღეს ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშეა. რა იქნება ორი წლის შემდეგ, ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით.

არის რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ინგლისური ფეხბურთის მომავლად მოიაზრება: ეშლი იანგი, თეო უოლკოტი, დევიდ ბენტლიაქვთ თუ არა მათ ნაკრებში დამკვიდრების შანსი?
თქვენ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგრჩათ… თეო უოლკოტმა შანსი ჩინებულად გამოიყენა, რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, ბედნიერი ვარ, რომ მათი გამოყენების საშუალება მექნება. ვნახოთ.

თქვენ მუდმივად თვალს ადევნებთ პრემიერლიგის თამაშებს
რატომაც არა, ეს ხომ ჩემი სამუშაოა?! ძალიან ადვილია შინ დარჩენა და ტელერეპორტაჟების ცქერა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს. მაინტერესებს ჩემთვის საინტერესო ფეხბურთელები უბურთოდ როგორ მოქმედებენ. ამას ტელევიზიით ვერ ნახავ.

ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა არ გღლით?
არანაირად, პირიქით, სასიამოვნოცაა ახალი ადგილების მონახულება. ფეხბურთის ასოციაციამ ამ მხრივ ჩინებული პირობები შემიქმნა.

ლონდონს როგორ შეეგუე?
ბედნიერი ვარ, რომ აქ მიწევს ცხოვრება, აქაურობით სავსებით კმაყოფილი ვარ! გეტყვით, რომ მხოლოდ ფეხბურთით არ ვცხოვრობ და ლონდონში ეს შეუძლებელი სულაც არაა. ასეთ დიდ ქალაქში ჩემთვის საინტერესო ბევრი სხვა რამ გამოვძებნე.

ლონდონის ნაკლზე რას იტყვით?
მხოლოდ ერთი მინუსი აქვს: ჩრდილოეთ ნაწილში მგზავრობა აუტანელია!

ინგლისურ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა გქონდათ... შეიცვალა თუ არა ის აქ ჩამოსვლის შემდეგ?
ვფიქრობდი, რომ ინგლისურ ფეხბურთში აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდებოდა. ასეც აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე ძალიან თამაშის ტემპით გავოცდი – აქ ძალიან მაღალ ტემპში თამაშობენ. ეს უდავოდ პლუსია და ამის საჩვენოდ გამოყენება ნამდვილად შეიძლება.

ნელ-ნელა ინგლისურსაც ეუფლებით. ფეხბურთელებთან თარჯიმნის საშუალებით ურთიერთობთ თუ მათ ინგლისურად ესაუბრებით?
ხშირად პირდაპირ ვამბობ სათქმელს, ადვილად იგებენ ჩემ სიტყვებს. ცხადია, თარჯიმანიც მეხმარება, თუმცა რაც დრო გადის, უფრო იშვიათად.

როგორც ჩანს, მომავალ გამარჯვებებს ინგლისურად აღნიშნავთ...
ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება!

ფაბიო კაპელო
დაიბადა 1946 წლის 18 ივნისს იტალიის ქალაქ პიერისში
მოთამაშის კარიერა: სპალი (მილანი, იტალია; 1964-67 – 49 მატჩი, 3 გოლი); რომა (რომი, იტალია; 1967-69 – 62 მატჩი, 11 გოლი); იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 1969-76 – 165 მატჩი, 27 გოლი); მილანი (იტალია; 1976-79 – 65 მატჩი, 4 გოლი)
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 1972, 1973, 1975, 1979; იტალიის თასი – 1969, 1977
სამწვრთნელო კარიერა: მილანი (იტალია; 1991-96, 1997-98); რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1996-97, 2006-07); რომა (რომი, იტალია; 1999-2004); იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 2004-06), ინგლისის ნაკრები (2008 წლიდან)
სამწვრთნელო ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 1992, 1993, 1994, 1996, 2001, 2005 2006 (ბოლო ორი ტიტული იუვენტუსს ჩამოერთვა); ესპანეთის ჩემპიონი – 1997, 2007; იტალიის სუპერთასი – 1992, 1993, 1994, 2001; ჩემპიონთა თასი – 1994; ევროპის სუპერთასი – 1994; სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელი – 2005
იტალიის ნაკრებში: 32 მატჩი, 8 გოლი (1972-76)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian