ინტერვიუ: ფაბიო კანავარო

ჟურნალ CHAMPIONS-ში მადრიდის რეალის იტალიელ მცველ ფაბიო კანავაროსთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. გასული წლის მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და ერთერთი საუკეთესო მოთამაშე სამეფო კლუბში გატარებულ სეზონზე და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
სხვათა შორის, კანავარომ საკლუბო დონეზე ჩემპიონის ტიტული პირველად სწორედ წელს, რეალთან ერთად მოიგო. კი, 2005 და 2006 წლებში ის იტალიის ჩემპიონი გახდა იუვენტუსის შემადგენლობაში, თუმცა მერე რაც მოხდა, ყველამ იცის.

* * *

იშვიათი გამონაკლისის გარდა, მას ჯინსები და მოკლესახელოიანი სპორტული მაისური აცვია. მის მკლავებზე შვილების სახელებ ამოიკითხავ, ხშირად იღიმის და საოცრად კეთილი თვალები აქვს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სწორედ ამ ადამიანის ეშინიათ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებსის ხომ ფორვარდების რისხვაა!
2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ფაბიო კანავარო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს! ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ ის გახდა პირველი მცველი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. თუმცა სიხარულს გულისტკივილიც თან სდევდა – დაახლოებით იმავე პერიოდში იუვენტუსში 2005 და 2006 წელს მოგებული ორი სკუდეტო ჩამოართვეს...
რეალმა იტალიელს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესთავაზა თავისთან გადასვლა და ისიც არც დაფიქრებულა, ჩათვალა, რომ სამეფო კლუბში თამაში ახალი გამოწვევა იყო და მადრიდში ისევე შეძლებდა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა, როგორც ტურინში ახერხებდა.
ესპანეთში გატარებული პირველი სეზონი შესანიშნავად დასრულდა: კანავარომ ლა ლიგა მოიგო დაჩვენთან ინტერვიუს დროც დადგა.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აშკარა ჩავარდნა გქონდათ. როგორ ფიქრობთ, ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა?
როცა ისეთ განსხვავებულ ჩემპიონატში გადადიხარ, როგორიც ესპანეთის პირველობაა, შესაძლოა, პრობლემებს მართლაც წააწყდე. მეც ასე დამემართა – აქამდე სერია ა-ს გარდა არსად მითამაშია და მგონი, რეალში თავდაპირველად მართლაც არადამაჯერებლად გამოვიყურებოდი… თუმცა დღეს ყველაფერი რიგზეა – შემოდგომასთან შედარებით, გაზაფხულზე გაცილებით კარგად ვითამაშე.

იტალიისა და ესპანეთის ლიგებს შორის დიდი სხვაობაა?
ასე ვიტყოდი: სხვადასხვა სამყაროა! სხვა თუ არაფერი, დღესდღეობით იტალიაში მხოლოდ ორი გუნდია – ინტერი და მილანი – რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, ესპანეთში კი ასეთი ხუთია: რეალი, ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდის ატლეტიკო.

შარშან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორ ფიქრობთ, რის გამო?
ძალიან კარგად ვითამაშე და თავდამსხმელებს ვაჯობე! ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, მთელი წელი მართლა უმაღლეს დონეზე ჩავატარე და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამაც თავის როლი ითამაშა.

ამბობენ, რომ ყველა იტალიელმა იცის დაცვაში თამაში და რომ მცველები იტალიაში გმირები არიან...
ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს… მგონი არსად თამაშობენ გუნდურ ფეხბურთს ისე კარგად, როგორც იტალიაში. მაგალითად ლა ლიგაში ბიჭებს უყვართ ინდივიდუალური თამაში, სერია ა-ში კი მეტი ყურადღება ექცევა ერთმანეთის დაზღვევას. მცველების გმირობაზე კი, აბა რა გითხრათ, კარგი მცველები იტალიაში ახლაც არიან და ადრეც იყვნენ, გულშემატკივრებს კი ისინი განსაკუთრებით უყვარდათ და უყვართ.

საუკეთესო იტალიელ მცველად ითვლებით. და თქვენი აზრით, ვინ არის ესპანეთში უძლიერესი?
ძალიან მომწონს კარლეს პუიოლი, ყოველთვის კონცენტრირებულია და სუფთად თამაშობს. ამასთანავე, სწრაფი და საზრიანია, თავდამსხმელებს ყოველთვის ასწრებს. დიახ, ვფიქრობ, ის საუკეთესოა!

შესაძლებელია თუ არა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ უფრო დაიხვეწოს, ანუ ჩვენ საუკეთესო კანავაროს ვხედავთ თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?
მხოლოდ ერთს გეტყვით: ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ უკეთესი გავხდე, ნაკლი აღმოვფხვრა და მოედანზე გასულმა კარგად ვითამაშო. უკეთესობისკენ სწრაფვაა ის, რის გამოც საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. ახლა რომ ვიფიქრო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ვარჯიშზე ფეხი არ გავანძრიო, ისიც ვერ ვიქნები, რაც ახლა ვარ.

რეალში თქვენი გადსვლა კლუბში განხორციელებულ ცვლილებებს დაემთხვა
გეთანხმებით, ასეა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია. ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ახალი მწვრთნელი, ფეხბურთელები… გონივრულად განხორციელებულ ცვლილებებს ყოველთვის სასურველი შედეგი მოაქვს. ხომ ხედავთ, ახალმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა პირველივე სეზონში მოიგეს პრიმერადივიზიონი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონებში რეალი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს!

და თქვენ თუ იქნებით 23 წლის მანძილზე რეალის წევრი?
დარწმუნებული ვარ ასე იქნება. დღესდღეობით ფეხბურთელები კარგა ხანს თამაშობენ და ვფიქრობ, მეც შევძლებ მინიმუმ 3 წელი უმაღლეს დონეზე ასპარეზობას. მერე რა იქნება, ვერ გეტყვით. ფაბიო კანავარო ფეხბურთს იქამდე ითამაშებს, სანამ საიმედო იქნება და მოედანზე გასვლა არ მობეზრდება.

კანავარო

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ფაბიო კანავარომ მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე ითამაშა, 2006 წელს კი ფიფას ოქროს თასიც აღმართა

დაასახელეთ თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი პრობლემა შეგიქმნათ.
რამდენიმე ფორვარდმა აშკარად მაჯობა, მაგრამ ყველაზე ძალიან ლიონის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა იონ კარეუმ გამამწარა.

არაერთი ჩინებული ფორვარდის წინააღმდეგ გითამაშიათ: რონალდინიო, ეტოო, ანრი
ცდებით: ეტოოს მოწინააღმდეგე არასდროს ვყოფილვარ, რონალდინიოს და ანრის კი არაერთხელ შევხვედრივარ.

საინტერესოა, როგორც მცველს, მოგეწონებოდათ თქვენ კარში გასული ლამაზი გოლი?
მეტოქის კარში კი, ჩემსაში – არა! მირჩევნია მოწინააღმდეგე თავდამსხმელმა ლამაზად ითამაშოს და… ააცილოს.

რა უფრო ძნელია: იყო კარგი მცველი თუ კარგი თავდამსხმელი?
გადაჭრით ვერ ვიტყვი. საერთოდ, კარგი ფეხბურთელობაა ძნელი და არ აქვს მნიშვნელობა, მცველი ხარ, ნახევარმცველი თუ თავდამსხმელი. სხვათა შორის, დღესდღეობით ძალიან გაიზარდა კარგი მეკარის ფასიც. ჩემი აზრით, ჯიჯი ბუფონი და იკერ კასილიასი საუკეთესონი არიან!

როგორ გრძნობს თავს ძირძველი ნეაპოლელი მადრიდში?
ძალიან კარგად!

კი მაგრამ პიცა, მოცარელა, სპაგეტი, ბოლონეზე?
ყველაფერი დიდებულია, მაგრამ ბოლონეზე – არა! ეს უფრო ჩრდილოიტალიურია.

ყველაზე ძალიან როდის და რომელ კლუბში გაგიჭირდათ?
ორი აზრი არაა – მილანის ინტერში. ტრავმებს რომ თავი დავანებოთ, რის გამოც სასურველად ვერ ვვარჯიშობდი, კარგი შედეგები არ გვქონდა: თუ დღეს ვიგებდით, ხვალ უაზროდ ვაგებდით… ინტერში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდია…

საუკეთესო კი, ალბათ 2006 წელი იყო.
შესანიშნავი, დაუვიწყარი წელიწადი იყო – ყველაფერს მივაღწიე!

ერთერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ მცირე ხნის წინ მარადონას წინააღმდეგ ითამაშეთ ნეაპოლში
მართალია. საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა და მისი მეურვე ვიყავი… არ გავახარე!

ფაბიო კანავარო

2006 წელს ფაბიო კანავარომ ყველა ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთით“ კი უმშვენიერესმა მონიკა ბელუჩიმ დააჯილდოვა

იყო თუ არა დიეგო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
ნეაპოლელებისთვის მარადონასნაირი არავინ ყოფილა. ჩვენთვის ის ღმერთი იყო!

ოდესმე თუ გიოცნებიათ ყოფილიყავით დიეგო არმანდო მარადონა?
პატარაობაში მე და მეგობრებს, და მგონი უკლებლივ ყველა ნეაპოლელი ბიჭიც ასე იყო, გვსურდა მარადონა ვყოფილიყავით.

ფიქრობთ თუ არა, რომ მცველი არ შეიძლება იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
რატომ? მცველიც ხომ ფეხბურთელია? შარშან ანრის ან რონალდინიოს მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთ რომ ეთამაშათ, საუკეთესოს ტიტულს რომელიმე მათგანი მოიგებდა, მაგრამ მათ მე, მცველმა ვაჯობე. საუკეთესოს ტიტული მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოეცათ ჩემთვის, რომ თავდამსხმელი ან ნახევარმცველი არ ვარ?! ასეთი მიდგომა არასწორია.

დაასახელეთ 3 მცველი, რომლებთანაც სიამოვნებით ითამაშებდით დაცვაში.
მარკო მატერაცი, კარლეს პუიოლი და სერხიო რამოსი.

საინტერესოა, ვინ იყო მსოფლიოს საუკეთესო მცველის სამაგალითო ფეხბურთელი?
ყოველთვის მსურდა ჩირო ფერარას და ალესანდრო კოსტაკურტას დარად მეთამაშა, მათ ვაღმერთებდი! მიხარია, რომ ორივე მათგანის მხარდამხარ ვითამაშე: ფერარასთან იუვენტუსში და ნაკრებში, ბილისთან ერთად კი სკუადრა აძურაში.

რა ამპლუაში გსურთ კარიერის დასრულება?
არ ვიცი, დასასრულზე ახლა ნაღდად არ ვფიქრობ. მხოლოდ ერთი რამ მსურს – რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო უმაღლეს დონეზე.

მადრიდელი ხართ, მაგრამ ვის ეკუთვნის თქვენი გული?
ნაპოლის! მხოლოდ და მხოლოდ ნაპოლის! ძალიან გამიხარდა, რომ ნეაპოლი სერია ა-ს დაუბრუნდა – ფაბიო კანავარო მომდევნო სეზონში ნაპოლის უქომაგებს!

იცოდით?
ფაბიო კანავარო დაქორწინებულია დანიელაზე, რომელიც 16 წლის ასაკში გაიცნო. მათ 3 შვილი ჰყავთ: კრისტიანი (8 წლის), მარტინა (6) და ანდრეა (3).

…მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ნეაპოლში იტალიას პენალტების სერიაში სძლია. ფაბიო კანავარო იმ თამაშში მინდვრის კიდეზე ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნებს შორის იდგა.

ფაბიოს უმცროსი ძმა პაოლო დღესაც პარმაში თამაშობს. ამ კლუბის ღირსებას ძმები 2000-02 წლებში ერთად იცავდნენ.

…2006 წლის 18 დეკემბერს ფიფამ ფაბიო კანავარო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. კანავარო ამ ჯილდოს მფლობელი პირველი მცველი და ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. მანამდე ფიფას რეფერენდუმში მცველმა საუკეთესო შედეგი 1995 წელს უჩვენა: კანავაროს თანამემამულე პაოლო მალდინი II ადგილზე გავიდა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, 9 ივლისს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, კანავარომ მე-100 შეხვედრა ჩაატარა იტალიის ნაკრებში. პაოლო მალდინის და დინო ძოფის შემდეგ, ის მესამე იტალიელი გახდა, რომელმაც სკუადრა აძურაში 100 მატჩი ჩაატარა!

…იტალიის ნაკრების შემადგენლონაში კანავარომ პირველად 1997 წლის 22 იანვარს ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ. მას შემდეგ ქვეყნის პირველი გუნდის მაისური 108-ჯერ მოირგო.

…2004 წლის 30 მაისს, ტუნისთან 4:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში, ერთერთი გოლი ფაბიომ გაიტანა. ეს მისი ერთადერთი სანაკრებო გოლია.

…იტალიის სერია ა-ში კანავარომ პირველი შეხვედრა 1993 წლის 7 მარტს ჩაატარა ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ. 2004-06 წლებში კანავარო სწორედ იუვენტუსის ფეხბურთელი იყო.

…2002 წლის ზაფხულში მილანის ინტერმა 32 მილიონი ევრო გადაუხადა პარმას ფაბიო კანავაროს სანაცვლოდ. ორი წლის შემდეგ იუვენტუსმა მის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

…2006 წლის 25 ივლისს ფაბიო კანავარო ოფიციალურად გახდა მადრიდის რეალის ფეხბურთელი. მან მე-5 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც მანამდე ზინედინ ზიდანს ემოსა. სხვათა შორის, ფიფას რეფერენდუმში კანავარომ ზიდანს აჯობა, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ გენიალური ფრანგი დაასახელეს.

ფაბიო კანავარო იტალიის საუკეთესო მცველად 1999, 2005 და 2006 წლებში აღიარეს. 2000, 2001 და 2002 წლებში ის ამ გამოკითხვაში II ადგილზე გავიდა.

ფაბიო კანავარო
დაიბადა 1973 წლის 13 სექტემბერს იტალიის ქალაქ ნეაპოლში
კლუბები: ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია – 1992-95; ჩემპიონატში 68 მატჩი, 2 გოლი), პარმა (იტალია – 1995-02; 212-5), ინტერი (მილანი იტალია – 2002-04; 50-2), იუვენტუსი (ტურინი, იტალია – 2004-06; 74-6), რეალი (მადრიდი, ესპანეთი – 2006 წლიდან; 32-0)
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი – 2007; იტალიის თასი – 1999, 2002; იტალიის სუპერთასი – 1999; უეფას თასი – 1999; მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2000; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1994, 1996; იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006; იტალიის საუკეთესო მცველი – 1999, 2005, 2006; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფა) – 2006; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 2006; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 2006
იტალიის ნაკრებში: 108 თამაშში 1 გოლი (1997-)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2007)

ka_GEGeorgian