ინტერვიუ: ფრანკ რიბერი

დღეს ის გერმანიის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ბაიერნის გულშემატკივრები კი თვლიან, რომ ფრანკ რიბერი კლუბის სული და გულია.
პოპულარულ საფეხბურთო ჟურნალ CHAMPIONSში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების ლიდერი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს, საფრანგეთის და გერმანიის ჩემპიონატის შედარებით დაწყებული სარწმუნოების შეცვლით დამთავრებული.

საფრანგეთში თვლიან, რომ ქვეყნის პირველ გუნდში ზინედინ ზიდანის მემკვიდრე სწორედ ფრანკ რიბერია. 25 წლის ტანმორჩილ შემტევ ნახევარმცველს გერმანიაში ჯადოქარს უწოდებენ – მან უკვე მოასწრო საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება და მხოლოდ მეორე უცხოელი შეიქნა, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. ჟურნალი კიკერი 1960 წლიდან ავლენს ბუნდესლიგის უძლიერეს მოთამაშეებს და პირველი უცხოელი, რომელმაც ტიტული მოიგო, 2004 წლის რჩეული, ბრემენის ვერდერის ბრაზილიელი ფორვარდი აილტონი გახლდათ…
რიბერი ბრწყინვალეა, თუმცა დიდ აღიარებამდე 7 კლუბის გამოცვლა და ამდენივე წელიწადი დასჭირდა. ჩვენი ჟურნალი მას ზაბერნერშტრასეზე, ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა.

ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როცა ერთდროულად გაფასებენ საფრანგეთსა და გერმანიაში
ჰო, ასეა. მსიამოვნებს, რომ ხალხს ჩემი თამაში მოსწონს, ჩემთვის ხომ არაფერია ბურთით თამაშზე სასიამოვნო. თუ გსურთ, რომ რიბერიმ ბევრი რამ დაივიწყოს, მას ბურთი უნდა მისცეთ.

როგორ ფიქრობთ, სხვებთან შედარებით გამორჩეულად ნიჭიერი ხართ?
ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ, თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები, იმას ვაკეთებ, რასაც გული მეუბნება და ალბათ, ამიტომაა, რომ სხვების ფონზე გამოვირჩევი. ამბობენ, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესოთა შორის უფრო ვარ, ვიდრე ცალკე. მსიამოვნებს წინა პლანზე ყოფნა, მაგრამ ამის გამო რაიმე განსაკუთრებულს და სხვებისგან განსხვავებულს არ ვითხოვ.

ბაიერნი ცნობილია საქმისადმი მკაცრი მიდგომით, დისციპლინითთქვენ შემოქმედი ფეხბურთელი ხართ. არ გიჭირთ ჩარჩოებში მოქცევა?
რაიმე შეზღუდვას რომ ვგრძნობდე, აქ არ გავჩერდებოდი. ერთია დისციპლინა, რეჟიმის დაცვა და მეორე – შეზღუდვა. კარგია, რომ ბაიერნში დიდ ყურადღებას აქცევენ წესრიგს. ასე რომ არ იყოს, კლუბი ბევრს ვერ მიაღწევდა.

თქვენ ორი ქალიშვილი გყავთ. როგორ ფიქრობთ, მკაცრი მამა ხართ?
ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიონ. მინდა, რომ ჩემი შვილები მისაღებ გარემოში აღიზარდონ და საამისოდ არაფერს დავიშურებ, ყოველთვის ვეცდები ვიყო მათი მეგობარი და კარგი მრჩეველი – ცუდზე ვეტყვი რომ ცუდია, კარგს შევუქებ… მგონი, ეს სიმკაცრე არ არის… ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე იქნება.

სხვა ქვეყნების ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ბუნდესლიგაში ხანგრძლივი შესვენებაა. დიდი ხნის მანძილზე უფეხბურთობა არ გბეზრდებათ?
არა, ჯერ ასეთი რამ არ შემიმჩნევია. პირიქით, ფეხბურთისგან თავისუფალ დროს ოჯახში და მეგობრებთან ერთად ვატარებ და შესანიშნავად ვისვენებ, რესტორნებში დავდივართ, ვსეირნობთ, შინ ვთამაშობთ… ძვირფას ადამიანებთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს!

საფრანგეთში თვლიან, რომ ზიდანის მემკვიდრე ფრანკ რიბერია
მიხარია, რომ სამშობლოში ჩემზე ბევრს საუბრობენ და თან, მხოლოდ და მხოლოდ დადებითს ამბობენ. ზიდანთან შედარება სასიამოვნოა – ის დიდი ფეხბურთელი იყო შეუდარებელი კარიერით, მაგრამ ფეხბურთში, ისევე როგორც სხვა სფეროში, მთავარია შენი ხელწერით გამოირჩეოდე და მეც ვცდილობ არავის მივბაძო, თუნდაც ზიზუს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რიბერი ზიდანია, უბრალოდ, ცდება და მეტი არაფერი. ეგეც არ იყოს, ზიზუ ჩემზე მაღალია.

და მაინც, საინტერესოა, რით განსხვავდებით ზიდანისგან?
სიმაღლეში სხვაობაზე უკვე გითხარით… ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, ის გამთამაშებელი იყო და ხშირად თამაშს საკუთარ თავზე იღებდა, მთელი გუნდის მოქმედებას წარმართავდა… ბურთი მეც მიყვარს, მაგრამ მგონი, უფრო ხშირად ვერთვები შეტევაში, ვიდრე ამას ზიზუ აკეთებდა.

თქვენ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაგიცნეს. რატომ დაგჭირდათ ამდენი ხანი?
ნიჭის გარდა გამართლებაც აუცილებელია. საჭირო დროს საჭირო კლუბში უნდა მოხვდე. თუ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, კარგია. ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა – შედარებით შორი გზის გავლა მომიხდა და არაერთი რთული მომენტის გადატანაც.

რთულ მომენტში იმ ავტოავარიასაც გულისხმობთ, რომელიც 2 წლისაკში შეგემთხვათ?
ასე შორს წასვლაც არ მიფიქრია… თუმცა, ის ავარიაც ჩემი წარსულია და მისი შედეგები სახეზე ახლაც იკითხება. ნაიარევი სახის გამო არაერთი ცუდი სიტყვაც მომისმენია, მაგრამ ამან მხოლოდ გამაძლიერა. მერე და მერე კი საერთოდ არ მაინტერესებდა, რას ამბობდნენ იარების შესახებ…

ფრანკ რიბერი

ფრანკ რიბერი გერმანიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერია

პლასტიკური ოპერაცია რატომ არ გაიკეთეთ?
არავითარ შემთხვევაში! ამაზე შეგნებულად ვთქვი უარი. იარები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ არასდროს მოვიშორებ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს არცთუ იოლია… თანაც, ასე ცხოვრებას მივეჩვიე და ხალხი უკვე ასეთად მიცნობს… ცვლილებებს რა აზრი აქვს?

თქვენ სარწმუნოება შეიცვალეთ, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც უმეტესწილად, მუსლიმები ცხოვრობდნენ. მაგალითად, ღორის ხორცი ბავშვობიდან აღარ მიჭამია, აი, ალკოჰოლური სასმელი კი არასდროს დამილევია: ბავშვობაში მიკრძალავდნენ, მერე და მერე კი თავად არ გამჩენია სურვილი… მერე მომავალ მეუღლეს შევხვდი, რომელიც მუსლიმია. აღმოვაჩინე, რომ ამ რელიგიაში ბევრი რამ ემთხვეოდა ჩემს მოსაზრებებს და მოსახდენიც მოხდა, თუმცა ეს ნაბიჯი უცბად არ გადამიდგამს… მთავარი ისაა, რომ ღმერთის მწამს, რწმენა კი ძალას მმატებს.

მარხვას როგორ ინახავთ?
ვცდილობ შეძლებისდაგვარად. თამაშების და ვარჯიშის დროს ყველაფრის შესრულება რთულია, მაგრამ დასვენების დღეებიც ხომ მაქვს?!

ევრო 2008-ის დროს მძიმე ტრავმა მიიღეთ, რის გამოც მოსამზადებელი პერიოდი გაგიცდათ
ძნელია, როცა ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გიცდება… მეც იძულებული ვიყავი ნაბიჯ-ნაბიჯ მიმეღწია სათანადო დონისთვის, არადა, ამ დროს სეზონი გახურებული იყო. ასეთ დროს დახმარებას ძალიან დიდი ფასი აქვს და მესიამოვნა, რომ კლუბის ხელმძღვანელები, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი გვერდით მედგნენ.

საინტერესოა, დღეს თავს როგორ გრძნობთ?
მითხრეს, რომ ფეხბურთს სამთვენახევარი ვერ ვითამაშებდი. ამ ამბავმა ძალიან დამთრგუნა. ყოველ დღეს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მეორე მხრივ, ექიმის დავალებას ვასრულებდი… დღეს აშკარად უკეთ ვარ და დარწმუნებული ვარ, ბუნდესლიგის მეორე წრეს სრულ მზადყოფნაში შევხვდები, ისე, როგორც მე მსურს.

ბაიერნის თავკაცმა იურგენ კლინსმანმა არაერთი ცვლილება განახორციელა. მათზე რას იტყოდით?
როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, სასურველი შედეგის მიღწევას საკმაო დრო სჭირდება. ცვლილებები იყო და მალე ისიც გამოჩნდა, რომ ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედა გუნდზე. ბაიერნმა წელი კარგად დაასრულა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ალბათ, ახალი წლიდან შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდება.

რამდენად წაადგება ბაიერნს ხსენებული ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაში?
მგონი, აქამდე ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია. ალბათ, არც საგაზაფხულო ეტაპზე გაგვიჭირდება. სხვა რა გითხრათ…

საინტერესოა, რომელიმე სხვა კლუბი თუ გაინტერესებთ ან გხიბლავთ?
ბარსელონა, მილანი და რეალი. მათ გამორჩეული ისტორია აქვთ და ძნელია, ყურადღება არ მიაქციო.

თუ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ითამაშებთ, ალბათ ბარსელონას ან რეალს დაუპირისპირდებით
ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება, თუმცა ჯერ სპორტინგი უნდა დავამარცხოთ.

ფრანკ რიბერი
დაიბადა 1983 წლის 7 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ბულონ სურ მერში
შემტევი ნახევარმცველი
2001-02 წლებში ბულონის (საფრანგეთი), 2002-03 წლებში ალესის (საფრანგეთი), 2003-04 წლებში სტად ბრესტის (საფრანგეთი), 2004-05 წლებში მეცის (საფრანგეთი), 2005 წელს გალათასარაის (სტამბოლი, თურქეთი), 2005-07 წლებში ოლიმპიკის (მარსელი, საფრანგეთი), 2007 წლიდან ბაიერნის (მიუნხენი, გერმანია) შემტევი ნახევარმცველი
ტიტულები: გერმანიის ჩემპიონი – 2008; თურქეთის თასი – 2005; გერმანიის თასი – 2008; გერმანიის ლიგის თასი – 2007; ინტერტოტოს თასი – 2005; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 2006; საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი – 2007, 2008; გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი (კიკერი) – 2008
საფრანგეთის ნაკრებში: 32 მატჩი, 5 გოლი (2006-)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian