ინტერვიუ: ფრანკო ბარეზი

ვინც ფეხბურთს XX საუკუნის 80-იანი წლებიდან გულშემატკივრობს, ფრანკო ბარეზიც ახოვს: არიგო საკის შეუდარებელი მილანის კაპიტანი და ბრწყინვალე მცველი.
ის არ იყო უხეში. ფრანკო საიმედო მცველი იყო, რომელსაც სწრაფად შეეძლო საჭირო გადაწყვეტილების მიღება და თუ ამას სიტუაცია მოითხოვდა, გუნდის გადარჩენა. ის ნამდვილი ლიდერი იყო!
ფრანკო ბარეზიმ მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა: ზუსტად 20 წლის მანძილზე იცავდა მილანის ღირსებას, 1997 წლის ზაფხულში კი კარიერა დაასრულა. ფრანკომ 6-ჯერ მოიგო იტალიის სერია ა, 3-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
ჟურნალ FourFourTwo- თხოვნით, ლეგენდარულმა მცველმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

მთელი კარიერის მანძილზე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდით, არადა, ფიზიკურად არცთუ ძლიერი იყავით. არ გიჭირდათ ამ ამპლუაში თამაში?
არა, არასდროს გამჭირვებია. სულაც არ ვთვლი, რომ ცენტრალური მცველი აუცილებლად მაღალი, ძლიერი, გოლიათი უნდა იყოს. ამ პოზიციაზე სათამაშოდ საკმარისად მოქნილი ვიყავი. ჩემი აზრით, მთავარი ის იყო, რომ გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებდი. ცენტრალური მცველისთვის, გარწმუნებთ, ეს თვისება უფრო საჭიროა.

თქვენი მეტსახელი პიჩინინი იყო. განგვიმარტეთ მისი ზუსტი მნიშვნელობა.
ზუსტი შესატყვისი „პაწაწინაა“. მილანში პირველ დღეებში შემარქვეს, მე ხომ გახდარი და პატარა ვიყავი… პიჩინინის 80-იანი წლების ბოლომდე მეძახდნენ, მერე უკვე ნაკლებად. თუ გაინტერესებთ იმასაც გეტყვით, რომ მეტსახელი არასდროს მაღიზიანებდა.

ყველა ფეხბურთელს ჰყავდა კერპი. ვინ იყო მოთამაშე, რომელსაც ბაძავდით ან ოცნებობდით, რომ მასავით გეთამაშათ?
ბავშვობიდანვე მილანს ვქომაგობდი და ყოველთვის მისი ფეხბურთელები მომწონდა. ჩემი საყვარელი მოთამაშე ჯანი რივერა იყო და ძალიან გამიმართლა, მის მხარდამხარ თამაში რომ მოვასწარი – როცა გუნდში მივედი, ის უკანასკნელ მატჩებს ატარებდა… წლების შემდეგ ჯანი ახლოს გავიცანი და დღეს ის უფროსი მეგობარია… მის გარდა პიერინო პრატი, რობერტო ბონინსენია და ლუიჯი რივაც მხიბლავდნენ – ყველანი დიდი ჩემპიონები არიან! რაც შეეხება ჩემი ამპლუის მოთამაშეებს, მცველებიდან საუკეთესოდ რუდი კროლი მიმაჩნდა – დახვეწილი, საიმედო და თითქმის უნაკლო მცველი გახლდათ.

სანამ მილანში აგიყვანდნენ, ინტერში ისინჯებოდით. თქვენი ძმა დაიტოვეს, თქვენ კი უარით გამოგისტუმრესროგორ იმოქმედა იმ ამბავმა?
ყველაფერი სხვანაირად იყო: უფროსი ძმა უკვე ინტერში ირიცხებოდა, როცა კლუბში გასინჯვაზე მივედი. დამიწუნეს, ერთ წელიწადში მოდიო, ასე მითხრეს. მაგრამ მოცდას არ ვაპირებდი – ჩემმა მწვრთნელმა მილანში მიმიყვანა, იქ კი გამსინჯეს და ჩათვალეს, რომ გუნდისთვის სიკეთის მოტანა შემეძლო. ეს იყო და ეს. მოტივაცია? როგორ გითხრათ, ინტერზე არ გავბრაზებულვარ, უფრო იმან გამაღიზიანა, რომ ჩემი მონაცემები პირველივე ცდაზე ვერ დაინახეს.

ბარეზი

ფრანკო და ჯუზეპე ბარეზების გზები გაიყო: უმცროსმა მილანის შავ-წითელი მაისური მოირგო, უფროსმა კი ინტერის შავ-ლურჯი

მთელი კარიერა მილანში გაატარეთ. ასეთი რამ დღეს იშვიათობაა. როგორ ფიქრობთ, რატომ იცვლიან ფეხბურთელები კლუბებს?
პასუხი ძალიან მარტივია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია: დღეს ფეხბურთში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ტრიალებს დიდი ფული და შესაბამისად, მოთხოვნებიც უმკაცრესია – თამაშობს ის, ვინც მოცემული მომენტისთვის საუკეთესოა. ანუ: გუნდის შემადგენლობა წლიდან წლამდე შესამჩნევად იცვლება, ასეთ დროს კი ერთ კლუბში დიდხანს გაჩერება რთულია. ვეჭვობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ ვიხილოთ ახალი ფრანკო ბარეზი ან პაოლო მალდინი.

დიდ კლუბში მისულ ახალბედებს, როგორც წესი, უჭირთ გუნდის ლიდერებთან გაშინაურება. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
როცა მილანში ჩავირიცხე, ჯერ მეორე გუნდში ვთამაშობდი და მხოლოდ ვარჯიშებზე მიწევდა ლიდერებთან ურთიერთობა. ასე, ნელ-ნელა დავუახლოვდი მათ, რომლებიც, უნდა ითქვას და, ჩინებული ფეხბურთელები იყვნენ: ალბერტოზი, რივერა, მორინი… მათ ისე ვუყურებდი, როგორც უცხოპლანეტელებს, მაგრამ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ჩვენ შორის დისტანცია იკლებდა და ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ გაქრა.

22 წლის იყავით, როცა მილანის კაპიტანი გახდით. საინტერესოა, ასაკში სამკლავური არ გამძიმებდათ?
როგორ გითხრათ, 1982 წელს ჩვენი კლუბი სერია ბ-ში გავარდა, კარსმომდგარი სეზონისთვის კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე გამოცდილი ვიყავი. ასე დაიწყო ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ ყოფილა… მილანის კაპიტნობაზე ფეხბურთელები მუდმივად ოცნებობენ, მე კი 22 წლისას უკვე გუნდი სათამაშოდ გამყავდა.

1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდით, მაგრამ ესპანეთში წუთიც არ გითამაშიათ. 1986 წელს იტალია ტიტულის დასაცვად მექსიკაში გაემგზავრა, თუმცა თქვენ ნაკრებზე უარი თქვით. დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად სწორ გეჩვენებათ მაშინდელი გადაწყვეტილება და რით იყო ის განპირობებული?
მწვრთნელ ენცო ბეარზოტს სურდა, რომ ნახევარმცველის პოზიციაზე მეთამაშა, მე კი ვთვლიდი, რომ წლების მანძილზე დაცვაში თამაშის შემდეგ წინ წაწევა გამიჭირდებოდა. ამიტომაც ვთქვი უარი მექსიკაში ასპარეზობაზე და დღესაც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება ნაკრებისთვის იყო კარგი.

80-იანი წლების მიწურულს და 90-იანბის დასაწყისში მილანის დაცვაში თქვენთან ერთად თამაშობდნენ პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა და მაურო ტასოტი. არის თუ არა ეს ოთხეული ფეხბურთის ისტორიაში ეს ერთერთი საუკეთესო დაცვ?
თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უძლიერესთა შორის ვართ. რაც შეეხება იდეალურ დაცვის ხაზს, ასეთად 80-იანი წლების იუვენტუსის სამეული მიმაჩნია – ანტონიო კაბრინი, კლაუდიო ჯენტილე და გაეტანო შირეა წლების მანძილზე თამაშობდნენ მხარდამხარ და უამრავ საკლუბო ტიტულთან ერთად 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგეს!

1994 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა ბარსელონა გაანადგურა, თქვენ კი ის მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეთ. გაიხსენეთ ის დღეები და როგორ ფიქრობთ, შესაცვლელია თუ არა წესი, როცა საქმე ფინალისწინა დისკვალიფიკაციას ეხება?
იმ თამაშის გამოტოვება არ მსურდა… აი წესი კი  ნაღდად უნდა გადაიხედოს. თუ ფეხბურთელმა ნახევარფინალში პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, მაშინ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ყვითელი ბარათის გამო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის გაცდენა, დამეთანხმებით, ძნელი გადასატანია. ამ სიტუაციაზე ყოველთვის პაველ ნედვედი მახსენდება – 2003 წელს ის იუვენტუსის ლიდერი იყო, მაგრამ ფინალში უაზრო გაფრთხილების გამო ვერ ითამაშა, არადა იუვე მისით და მის გარეშე მაშინ სულ სხვადასხვა გუნდი იყო…

მილანის მაშინდელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო დღეს ინგლისის ნაკრების სათავეშია და ჩინებულად მუშაობს. 90-იანი წლების შუაში თუ იფიქრებდით, რომ კაპელო ოდესმე ინგლისელთა მწვრთნელი გახდებოდა და თან, ასეთი წარმატებული?
იცით, რომ ეთქვა ვინმეს, ინგლისელები ნაკრებს იტალიელს ჩააბარებენო, ვერაფრით დავიჯერებდი და უბრალოდ, ამაზე გამეცინებოდა, მაგრამ ბოლო წლებში საფეხბურთო სამყაროში საზღვრები გაქრა და დღეს ასეთი რამ აღარავის უკვირს. რაც შეეხება შედეგებს, კაპელო ყველგან წარმატებული იყო და ამდენად, არც ინგლისელთა ბოლოდროინდელი შედეგები მაკვირვებს.

მილანური დერბი

ბარეზი Vs კარლ-ჰაინც რუმენიგე… ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში ფრანკომ უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ ითამაშა

2002 წელს ორი თვით ფულემის სპორტულ დირექტორი იყავით, მაგრამ კლუბი მწვრთნელ ჟან ტიგანასთან უთანხმოების გამო დატოვეთ. რა მოხდა?
როგორ გითხრათ, ტიგანასთან კონფლიქტი ჟურნალისტების მოგონილი უფროა. როცა ლონდონში მუშაობა მთხოვეს, მითხრეს, რომ რამდენიმე თვეში ტიგანას ადგილს დავიჭერდი, ანუ ჯერ ფულემს გავიცნობდი და მერე მწვრთნელიც გავხდებოდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლუბმა ტიგანას გაშვება გადაიფიქრა და მეც ფულემში გაჩერება უაზრობად ჩავთვალე. ამიტომ წავედი.

1989 წელს, იტალიის თასის გათამაშებაში მესინასთან სამი პენალტი გაიტანეთეს ერთადერთი ჰეთთრიქია თქვენს კარიერაში... მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალის წინ თავი პენალტისტად მიგაჩნდათ?
კლუბში წლების მანძილზე ვასრულებდი პენალტებს და მესინასთან საერთოდ საოცრება მოხდა. დამეთანხმებით, ხშირად არ გააქვს ფეხბურთელს ერთ მატჩში 3 პენალტი! რაც შეეხება 1994 წლის იმ ფინალს, პენალტის ვერგატანა მართლა საშინელება იყო, მაგრამ დღეს რომ ვფიქრობ, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ვიყავი, რომელმაც გოლის გატანა ვერ შეძლო – ჩემი წარუმატებლობის შემდეგ ჩვენმა მეკარე პალიუკამ ერთი დარტმა მოიგერია, ანუ ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ მერე ჯერ დანიელე მასარომ ვერ შეაგდო, ბოლოს კი რობერტო ბაჯომ… როცა კარისკენ წავედი და ბურთი გავასწორე, კლაუდიო ტაფარელისგან მარცხენა კუთხეში დარტყმა გადავწყვიტე, მაგრამ ბოლო წამს მარჯვნივ დავარტყი… როცა არჩევანს ბოლო მომენტში ცვლი, როგორც წესი მიზანს ვერ აღწევ. მაშინაც ეს მოხდა…

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალში თქვენი გამოჩენა სასწაულს ჰგავდა – 4 კვირით ადრე ხომ მუხლის ოპერაცია გაიკეთეთ!
კი, ასეა… მაგრამ ძალიან მინდოდა ფინალში თამაში და თან, არც ოპერაცია იყო მაინცდამაინც რთული.

თქვენი კარიერა 20 წელიწადი გაგრძელდა, ამ ხნის მანძილზე კი არაერთი დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშეთ. დაასახელეთ საუკეთესოები.
80-იან წლებში იუვენტუსი შეუდარებელი იყო! მიშელ პლატინი და პაოლო როსი ამ გუნდის ლიდერები იყვნენ, ნაპოლის სიძლიერეს ანტონიო კარეკა და მარადონა განაპირობებდნენ – ორივე მათგანი ბრწყინვალე იყო! ინტერს ალესანდრო ალტობელი ჰყავდა… თუ ერთის დასახელებაა აუცილებელი, მაშინ დიეგო მარადონას ავირჩევ. როცა ის ფორმაში იყო და ეს დაახლოებით 5-წლიანი ამბავია, მისი შეჩერება მე კი არა, არავის შეეძლო! საერთოდ, საუკეთესო ფორმაში მყოფი მარადონას წინააღმდეგ მარტო არავინ თამაშობდა. მას, როგორც წესი, დაცვის მთელი ხაზი მეურვეობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხისთვის იყავი განწირული, წაგება კი არცერთ მწვრთნელს სურდა…

მსოფლიო ჩემპიონი ტიტული, ჩემპიონთა 3 თასი, 6 სკუდეტორომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
1989 წელს მოგებულ ჩემპიონთა თასს გამოვყოფ ხოლმე… მილანის იმ ტრიუმფს 82 ათასი ტიფოზი დაესწრო და მათი დღესასწაული ახლაც თვალწინ მიდგას! იმ ფინალში ჩვენი მეტოქე სტიაუა იყო, რუმინელებს კი ბევრი გულშემატკივარი არ ჩამოჰყოლიათ, ძალიან გაგვიმართლა! საერთოდ, ის წლები საოცარი იყო: ჯერ სკუდეტო მოვიგეთ, მერე ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი… მეორე წელს იგივე მოხდა… სილვიო ბერლუსკონის მოსვლამ ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა. მახსოვს, როცა ფეხბურთელებს შეგვხვდა და გვითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესონი უნდა ვყოფილიყავით, დიდი ოპტიმიზმით არ შევხვდით მის სიტყვებს, მაგრამ 2-3 წელიწადში ყველამ ირწმუნა, რომ პრეზიდენტის ოცნების ხორცშესხმა შესაძლებელი იყო.

ფეხბურთი ადრეულ ასაკში გახდა თქვენი ცხოვრების ნაწილი. ძნელი იყო მასთან განშორება?
იცით, როცა 27 წლის მანძილზე თამაშობ, ცხადია წერტილის დასმა გიჭირს, მაგრამ მეორე მხრივ, ბოლო სეზონში ტრავმებმა გამტანჯა, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდი, ასეთ მდგომარეობაში ყოფნას კი წასვლა მერჩივნა. მეც ვადექი და წავედი.

რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო კარიერაც დაასრულეთ, არადა ჯერ მილანის 20-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდით, შემდეგ კი ერთი წლით უმცროსებს. რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?
თითქმის 6 წლის მანძილზე ვმუშაობდი ბავშვებთან და ჩავთვალე, რომ საკმარისი იყო. თუ პირველ გუნდებთან მუშაობის საშუალება მომეცემა, დავფიქრდები.

კლაუდიო ჯენტილე, პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტაიტალიას მსოფლიო დონის მცველები არასდროს აკლდა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
იტალიის ნაკრებს უმაღლესი კლასის მცველები ყოველთვის ეყოლება, რადგან თავდაცვის ხელოვნება არა მარტო კალჩოს, ზოგადად, ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღესდღეობით ჯორჯო კიელინის, დანიელე ბონერას და ალესანდრო გამბერინის თამაში მომწონს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე უმაღლესი დონის მცველი გამოჩნდება.

კაკას წასვლის შემდეგ პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ მილანი ჩემპიონთა თასისთვის ვერ იბრძოლებსო. თქვენც ასე ფიქრობთ?
კაკას წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუცვლელი არავინაა და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მჯერა ბერლუსკონის და დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი, უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი მილანის ნახვა მასზე ძალიან არავის სურს. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ ის კლუბის სწორ გზაზე დაბრუნებას აუცილებად შეძლებს. მხოლოდ დროა საჭირო – მილანი ჩემპიონთა თასისთვის აუცილებლად გაილაშქრებს.

მილანი

ფრანკო ბარეზიმ ჩემპიონთა თასი პირველად 1989 წელს მოიგო, როცა მილანმა ბარსელონაში ბუქარესტის სტიაუა 4:0 გაანადგურა

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბოლო წლებ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის გარდა სხვა იტალიური კლუბები დიდ წარმატებას ვერ აღწევენ. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სერია კლუბები პრემიერლიგის და ლა ლიგის წარმომადგენლებს გაუტოლდნენ?
იცით, ჩემპიონთა ლიგაში მილანის სტაბილური და წარმატებული თამაშის მიზეზი საკლუბო ფილოსოფიაა: ჩვენთან მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ჩინებულად შეუძლიათ კონკრეტული მიზნის მიღწევა. და რაც მთავარია, ჩვენთან ყოველთვის უდიდესი ყურადღება ექცეოდა ნახევარდაცვას, სადაც ჩემი აზრით, ყველა წარმატების საიდუმლოა დამალული. ამიტომაცაა, რომ მილანმა 7-ჯერ შეძლო ჩემპიონთა თასის მოგება. იგივე ინტერი ავიღოთ: იქ 20-მდე კარგი მოთამაშეა, რაც გუნდს სერია ა-ში გამარჯვების საშუალებას აძლევს, მაგრამ ერთია ახლანდელი სერია ა და მეორე – ჩემპიონთა ლიგა.

სილვიო ბერლუსკონის მილანში 10 სეზონზე მეტი გაატარეთ. ოგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
ყოველდღიური არა, ის ხომ პოლიტიკაშია ჩაფლული, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ მილანის წარმატებების მთავარი მიზეზი სწორედ სილვიო იყო. ის ყოველთვის უსწრებდა დროს და ამის დასტურად მილანის პირველ პრეზენტაციას ვიხსენებ: ჩვენ ბაზიდან მილანის ცენტრში, არენა რომაზე შვეულმფრენით მივედით, ხალხთან შეხვედრა კი ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციით დაიწყო, თუ არ ვცდები, ეს იყო ფილმის – „აპოკალიფსი დღეს“ – საუნდტრეკი. მაშინ ასეთი სანახაობები ახალი ხილი იყო, ფეხბურთელები კი ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენთვის უჩვეულო სამყაროში შეგვიპატიჟეს.

ფრანკო ბარეზი
დაიბადა 1960 წლის 8 მაისს იტალიის ქალაქ ტრავალიატოში
1977-97 წლებში მილანის ცენტრალური მცველი, კაპიტანი
ტიტულები: იტალიის სერია ა – 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996; იტალიის სერია ბ – 1981, 1983; იტალიის სუპერთასი – 1988, 1992, 1993, 1994; ჩემპიონთა თასი – 1989, 1990, 1994; ევროპის სუპერთასი – 1989, 1990, 1994; საკონტინენტთაშორისო თასი – 1989, 1990; მსოფლიოს ჩემპიონი – 1982; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1994; მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1990
იტალიის ნაკრებში: 81 მატჩი, 1 გოლი (1982-94)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian