ინტერვიუ: ჟერარ პიკე

ისტორიაში მხოლოდ 4 ფეხბურთელია, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოუგიათ სხვადასხვა კლუბებში.
პირველი ფრანგი მარსელ დესაი იყო, მეორე პორტუგალიელი პაულო სოუზა გახლავთ, მესამე კი კამერუნელი სამუელ ეტოო. მეოთხე და ჯერჯერობით ბოლო ესპანელი ერარ პიკეა: 2008 წელს ის მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ავიდა ევრომწვერვალზე, ერთი წლის შემდეგ კი მშობლიური ბარსელონ მაისურით. 28 მაისს, უემბლიზე, მან კიდევ ერთხელ, მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგაისევე როგორც 2009 წელს, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში კვლავ სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილი მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა.
24
წლის პიკე ერთერთი ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა: ინგლისის ჩემპიონი, ლიგის და სუპერთასის მფლობელი, ესპანეთის ლა ლიგ სამგზის გამარჯვებული, თასის და სუპერთასის ორგზის მომგები, ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრიუმფატორი, ევროპის სუპერთასის მფლობელი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი 19-წლამდელთა შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ჩემპიონი2010 წელს ის ესპანეთის ნაკრების დაცვის ერთერთი ლიდერი იყო.
დღეს ერარ პიკე ბედნიერია: უყვარს შაკირა, 18 ივლისამდე ფეხბურთისგან თავისუფალია და რაც ყველაზე მთავარია, თამაშობს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდში.
ბარსელონ მცველ CHAMPIONS-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა.

1992 წელს, როცა ბარსელონამ პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, თქვენ 5 წლის იყავით. გახსოვთ ის ფინალი?
სიმართლე გითხრათ არა. მამა და ბაბუა დაესწრნენ იმ თამაშს უემბლიზე. ბაბუაჩემი (ამადორ ბერნაბეუ) მაშინ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორატის წევრი იყო. ერთადერთი, რაც მაგონდება, დიდი სიხარულის განცდაა, რაც კუმანის გოლს მოჰყვა. თამაში ტელევიზორში ვნახე, თუმცა ამის მეტი არაფერი მახსენდება.

19 წლის შემდეგ თქვენ უემბლიზე ითამაშეთ და მესამედ მოიგეთ ჩემპიონთა თასი. რით იყო გამორჩეული ეს ფინალი?
როგორ გითხრათ… ბევრი რამით! პირველ რიგში უემბლიზე უნდა ვთქვა: ძალიან ლამაზ სტადიონზე ვითამაშეთ, რომელსაც დიდებული წარსული აქვს და რომელთანაც ორივე კლუბს დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებს: ბარსამაც და მანჩესტერმაც ხომ აქ მოიგეს პირველად ჩემპიონთა თასი! ამას გარდა, ვთამაშობდი საოცნებო კლუბში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთანაც დიდებული მოგონებები მაკავშირებს. გამარჯვებაზე, ცხადია არაფერს ვამბობ…

რა გახსენდებათ პირველი უემბლიზე მოგებული ფინალიდან?
მსაჯის სასტვენის ხმა და ენითაუწერელი ბედნიერება – რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდით! რამდენიმე წამში ისიც გამახსენდა, რომ მესამედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და თავი კარგა ხანს სიზმარში მეგონა!

2009 წელს, როცა მანჩესტერ იუნაიტედს პირველად მოუგეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, საწყის წუთებში ბარსა კრიშტიანუ რონალდუს და პარკ ჯი სუნის საგოლე დარტყმებს გადაურჩა, მაგრამ დარჩენილ დროში ფერგიუსონის გუნდს ბევრი არაფერი გაუკეთებია
იმ მომენტებმა გამოგვაფხიზლა და მთელი ძალით ავთამაშდით. გული მწყდება, რომ ჟურნალისტები მხოლოდ თავდამსხმელების და ზოგადად, შემტევების გაცუდებულ მომენტებს იხსენებენ და მცველების კარგ თამაშს უკიდურესად იშვიათად ახსენებენ, არადა ის, რომ მანჩესტერელებმა ის მომენტები ვერ გამოიყენეს, ჩვენი, მცველების დამსახურებაა. სასურველია ასეთ მომენტებს სხვა კუთხით შევხედოთ. მაგალითად აღვნიშნოთ, რომ თუ ფორვარდს გოლი ვერ გააქვს, ეს მცველის დამსახურებაცაა.

მანჩესტერ იუნაიტედმა უემბლიზე ორი ფორვარდით ითამაშა: უეინ რუნიმ და ხავიერ ერნანდესმა ამ სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეს, მაგრამ ერთადერთი, რაც ფინალში შეძლეს, ეს ანგარიშის გათანაბრება იყო
ესპანეთში დაბრუნებულებმა ვნახეთ, რომ რუნიმ თამაშგარედან გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს… ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით მათი თამაშის სტილი: ის, რომ რუნი სახიფათოა და ძლიერად ურტყამს… რომ ერნანდესის მარტო დატოვება და გოლი ერთია… რომ მათ მუდმივად სჭირდებათ მეურვე… ორივე ფანტასტიკური თავდამსხმელია, მე კი, როგორც მცველს, მიხარია, რომ ჩვენ მათ ვაჯობეთ!

როცა იუნაიტედიდან ბარსელონაში გადახვედით, თქვით, რომ მანჩესტერში ხშირად არ გათამაშებდნენ და ამის გამო დატოვეთ კლუბი. როგორ დაგემშვიდობათ სერ ალექს ფერგიუსონი?
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სათადარიგოთა შორის ვიყავი, მწვრთნელთან მაინც კარგი ურთიერთობა მქონდა. არიან მენეჯერები, რომლებიც არ გათამაშებენ და არც გიხსნიან მიზეზს, შენთან საუბარს გაურბიან, მაგრამ სერ ალექსი ყოველთვის პირდაპირ ამბობდა ყველაფერს. როცა ბარსელონიდან დამიკავშირდნენ, ვუთხარი, რომ ჩემთვის ოლდ ტრაფორდზე თამაში ბედნიერება იყო, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მერჩივნა. ეს იყო და ეს. მწვრთნელმა წარმატება მისურვა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ბარსელონა

ბარსელონა 2011 წლის 28 მაისს, უემბლიზე, მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. დგანან (მარცხნიდან): ერიკ აბიდალი, პედრო როდრიგესი, ხავიერ მაშერანო, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ვიქტორ ვალდესი. პირველ რიგში: ლეო მესი, დანი ალვეში, დავიდ ვილია, ანდრეს ინიესტა, ჩავი

შეადარეთ სერ ალექს ფერგიუსონი და ხოსეპ გვარდიოლა.
ორივე დიდებული მწვრთნელია, ჩინებულად ესმით ფეხბურთი და შესანიშნავად ეხერხებათ მოთამაშეთა მოტივაცია. მგონი, ორივე ზუსტად დავახასიათე.

დაასახელეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მანჩესტერ იუნაიტედიდან ბარსელონაში წაიღეთ.
პროფესიონალიზმი! ყველას ჰგონია, რომ ინგლისში ფეხბურთელები თამაშის შემდეგ გონის დაკარგვამდე ილხენენ, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. მე სწორედ მანჩესტერში ვისწავლე,თუ  როგორ უნდა ივარჯიშოს, ითამაშოს და დაისვენოს პროფესიონალმა ფეხბურთელმა.

საინტერესოა, როცა ბარსელონა რამდენიმე ბურთის სხვაობით იგებსდა ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდებათუ აკვირდებით, როგორ თამაშობს თქვენი გუნდი შეტევაში?
კი. როცა ანგარიში 4:0-ია, მშვიდად ვარ და ვრწმუნდები, რომ ბედნიერებაა ჩავისთან, პედროსთან, ინიესტასთან, ვილიასთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად თამაში. მსიამოვნებს, რომ თანაგუნდელები ვართ და იქ, მეტოქის მოედანზე ყველაფერი მოგვარებული აქვთ. თუმცა ძალიანაც არ ვდუნდები: თუ კონცენტრაცია დაკარგე, შეცდები და გუნდს დააღალატებ, ეს კი ყველაზე მეტად არ მსურს.

მესისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ძალიან კარგი მეგობრები ვართ! 13 თუ 14 წლიდან ერთად მოვდივართ… ხალხი ფიქრობს, რომ ლეო გულჩათხრობილია, მაგრამ მათ არ იციან, რომ ბარსაში ყველაზე მეტს სწორედ ის ლაპარაკობს! 24 წლის ვარ და ამიტომ ვერ გეტყვით, როგორი ფეხბურთელები იყვნენ პელე ან მარადონა, მაგრამ შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ლეო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა!

თანაგუნდელებს როგორი დამოკიდებულება აქვთ მასთან?
ძალიან კარგი! ბარსელონაში ყველამ იცის, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენთან ეს ყველას ახარებს. ბარსა ერთი დიდი ოჯახია!

დაცვის ცენტრში კარლეს პუიოლთან ერთად თამაშობთ. განვლილი სეზონის მიწურული მას ტრავმის გამო გაუცდა. დაახასიათეთ კაპიტანი და თქვენი პარტნიორი.
როცა დაშავებული ვიყავი და ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდი, მითხრა, რომ ჩემთან ერთად თამაში მოენატრა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთხელ ერთი ამბავი ამიტეხა, არასწორად ითამაშე, ბურთი უაზროდ რატომ მოიგერიეო. არადა, 5:0-ს ვიგებდით და 90-ე წუთი იყო. გავხედე, გამეცინა და ვუთხარი: კარგი რა, კარლეს-მეთქი… ის ჩინებული მეგობარი და დიდებული კაპიტანია!

როგორი ფეხბურთელია ერარ პიკე?
ის ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება და ცდილობს მინდვრის გარეთ თანაგუნდელები ყოველთვის გაამხიარულოს. სურს, რომ ბარსელონაში გატარებული თითოეული დღით ძალიან ისიამოვნოს. მილიონობით ფეხბურთელს არ აქვს იმ ტიტულების მოპოვების საშუალება, რაც მან კამპ ნოუზე გატარებულ 5 წელიწადში მოიგო, ასე რომ, სადარდებელი ნამდვილად არაფერი აქვს. ის ძალიან ბედნიერია, რომ ყველა დროის საუკეთესო გუნდის ძირითად შემადგენლობაშია!

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2011)

ka_GEGeorgian