ინტერვიუ: იკერ კასილიასი

დღეს ის ევროპის ჩემპიონია, ბებერი კონტინენტის უძლიერესი გუნდის კაპიტანი. ის პირველი მეკარეა, რომელმაც ანრი დელონეს თასი გუნდისთავის რანგში აღმართა29 ივნისს უეფას ფრანგმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იკერს ევროპის ახალი თასი გადასცა! 44-წლიანი ლოდინის, უამრავი იმედგაცრუების და ნერვებისწყვეტის შემდეგ ესპანეთმა გულით გაიხარა.
2008 წელი მადრიდის რეალის მეკარესთვის ჩინებულად დაიწყო: ზედიზედ მეორედ მოიგო ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული, დაასახელეს პრიმერადივიზიონის საუკეთესო მეკარედ, ივნისში ევროპის ჩემპიონი გახდა, ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად აღიარეს და ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
27 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ არანაკლებ დიდი გამარჯვებები წინ აქვსმადრიდის რეალი ჩინებულ ფორმაშია და დიდი შანსია, XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად აღიარებულმა გუნდმა პრიმერადივიზიონი მიჯრით მესამედ მოიგოს, მანამდე კი ესპანეთის სუპერთასი კიდევ ერთხელ აღმართოს.
იკერ კასილიასის ეს ინტერვიუ სამეფო კლუბის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდა ვენის ტრიუმფიდან რამდენიმე დღეში. ჩემპიონთა კაპიტანი მომავალ სეზონზე, მეტწილად კი, ავსტრიაშვეიცარიაში გამართულ ევროჩემპიონატზე საუბრობს.

ესპანეთის ნაკრები მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ლუის არაგონესის გუნდი მართლა საუკეთესო იყო?
მოდით ასე ვთქვათ: ჩვენ ვაჯობეთ კონტინენტის პირველობის 15 მონაწილეს. ცხადია, ყველასთან არ გვითამაშია, მაგრამ ვინც დავამარცხეთ – სამართლიანად. გეტყვით, რომ ძალიან მსურდა ნიდერლანდების ნაკრებთან პაექრობა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო ამ ჩემპიონატზე, თანაც, მეგობრებთან ნაძლევი მქონდა, რომ მოვუგებდით, მაგრამ არ გამოვიდა – რუუდმა და უესლიმ ჩემთან შეხვედრა არ ისურვეს (იცინის).

სამაგიეროდ ფინალში ის გუნდი დაამარცხეთ, სადაც თქვენი გერმანელი თანაკლუბელი კრისტოფ მეცელდერი თამაშობს, მეოთხედფინალში კი სულაც იტალია, ფაბიო კანავაროს გუნდს სძლიეთ
მეგობრების წინააღმდეგ თამაში სულ სხვა განცდას ტოვებს. როცა მთელ სეზონს ერთად ატარებთ და უცებ მეტოქეები ხართ, ძნელია, მაგრამ ეს ფეხბურთია და მით უმეტეს დღეს ასეთ შემთხვევებს გვერდს ვერ ავუვლით… სხვა რა გითხრათ, გამარჯვება ფინალშიც კარგი იყო და მსოფლიოს ჩემპიონებთანაც, თუმცა ამ მოგებებს არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ მეცელდერთან და კანავაროსთან…

ესპანეთის ნაკრებმა ევროჩემპიონატზე 6 შეხვედრა ჩაატარა, თქვენ 5 მატჩში ითამაშეთ. რომელი იყო ყველაზე რთული?
თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, მგონი, ყველაფერი ნათელი გახდება: ავსტრია-შვეიცარიაში 6-დან 5 მატჩი ძირითად დროში მოვიგეთ და მხოლოდ მეოთხედფინალში, იტალიასთან დაგვჭირდა დამატებითი დრო და პენალტები. მათთან ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა გამარჯვების იმედი წამით არ დამიკარგავს. იყო მომენტები, როცა ჩვენი კარი გოლს გადაურჩა, მაგრამ მეტოქესაც ძალიან გაუმართლა… პენალტების სერიაში კი იმან მოიგო, ვინც უკეთესი იყო, ანუ ჩვენ (იცინის).

იკერ კასილიასი

ევრო 2008-ის მადრიდელი ჩემპიონები: იკერ კასილიასი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო

გამოდის, რომ ფინალში არ გაგჭირვებიათ
ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი მატჩი იოლად მოვიგეთ, მაგრამ იტალიელებთან თამაში უფრო რთული იყო. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, გერმანელებთან ფინალის წინ უკეთ ვიყავით, ვიდრე მეოთხედფინალამდე.

ფლეიოფის 3 შეხვედრაში გოლი არ გაგიშვიათ, სკუადრა აძურასთან კი სულაც ორი პენალტი მოიგერიეთ. ეს გამართლება იყო თუ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო?
მეტოქეებმა გოლი რომ ვერ გაგვიტანეს, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურებაა არაა. დაცვამ სამივე ხსენებულ მატჩში ძალიან საიმედოდ ითამაშა, ერთმანეთის დაზღვევა უმაღლეს დონემდე იყო აყვანილი… თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რომ ერთი მიზნისთვის ვიბრძოდით და ვცდილობდით, ერთმანეთისთვის ტვირთი შეგვემსუბუქებინა… რაც შეეხება პენალტების სერიას, ვთვლი, რომ გამიმართლა – მიმაჩნია, რომ დამრტყმელი აფუჭებს პენალტს. დი ნატალემ და დე როსიმ არცთუ კარგად დაარტყეს, მე კი კუთხე წინასწარ მქონდა ამორჩეული და უბრალოდ, მათი შეცდომა და ჩემი არჩევანი ერთმანეთს დაემთხვა. შედეგად, 1/2-ფინალში გავედით, ესაა და ეს.

რუსეთის ნაკრებს თქვენმა გუნდმა ორჯერ აჯობა და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე შემთხვევაში დიდი ანგარიშით. როგორ ფიქრობთ, რუსეთი ყველაზე სუსტი მეტოქე იყო?
რუსეთი სუსტი რომ არ იყო, ეს მეოთხედფინალში, ნიდერლანდებთან მატჩმაც დაადასტურა. მათ პირველივე ტურში შევხვდით და მგონი, იმ დროისთვის მეტოქე ფსიქოლოგიურად არ იყო მზად, აშკარად უჭირდა. მერე ეს გუნდი გაიხსნა და ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, თან, ყველა შემთხვევაში ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება ნახევარფინალს, მათ რევანში სწყუროდათ, ჩვენ ისინი ძალიან კარგად გვყავდა შესწავლილი და შანსები სრულად გამოვიყენეთ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ რუსები ნახევარფინალში გასვლით კმაყოფილები ჩანდნენ, ჩვენ კი მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. როცა მეტოქეებში ასეთი განსხვავებული განწყობაა, ცხადია, შედეგიც ადეკვატურია.

ჩემპიონატის მსვლელობისას ფერნანდო ტორესს ბევრი აკრიტიკებდა აქაოდა გოლი ვერ გააქვსო, თუმცა ფინალში მან უმნიშვნელოვანესი ბურთი შეაგდო
ის ბრწყინვალე ფორვარდია და საუკეთესოთა შორის რომ სახელდება, დამსახურებულად. მისი გოლი ფინალში, მგონი, ერთ-ერთი ულამაზესი იყო ჩემპიონატზე. ტორესი ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და თუ ბევრი გოლი ვერ გაიტანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავსტრია-შვეიცარიაში ცუდად ითამაშა.

თვლით თუ არა, რომ რაულის და გუტის ჩემპიონატს მიღმა დატოვება შეცდომა იყო?
ისინი ჩემი მეგობრები არიან და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მათ გამო გული მწყდება. ეს ბიჭები, თავიანთი კარიერიდან გამომდინარე, ასეთ დიდ გამარჯვებას უდავოდ იმსახურებდნენ. თუმცა მწვრთნელის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ ლუის არაგონესი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან მიდიოდა. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მისი გამარჯვება?
საქმისადმი ძალიან სერიოზულმა დამოკიდებულებამ, უნაკლო პროფესიონალიზმმა, გამოცდილებამ, ნიჭიერებამ… ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. ესპანეთის ნაკრები მის ხელში თვიდან თვემდე აუმჯობესებდა თამაშს და აგერ, მწვერვალზეც ავედით. ვთვლი, რომ არაგონესმა ესპანური ფეხბურთისთვის ფასდაუდებელი სამუშაო გასწია. ქება რომ არ გამიგრძელდეს, ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩვენ ავსტრია-შვეიცარიაში ერთი გუნდი ვიყავით ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ასეთი რამ კი, გარწმუნებთ, არცერთ ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატზე შემინიშნავს. მან შეძლო და ამდენი განსხვავებული ადამიანი ერთი მიზნის მისაღწევად გაგვაერთიანა. ამის არდანახვა არ შეიძლება.

ესპანეთის ნაკრები

ესპანეთის ნაკრებმა 1964 წლის შემდეგ პირველი დიდი ტიტული 2008 წელს, ავსტრია-შვეიცარიაში მოიგო – მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი! დგანან (მარცხნიდან): იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ჟოან კაპდევილია. პირველ რიგში: დავიდ სილვა, ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია, ჩავი, კარლეს პუიოლი

არაგონესის ერთერთ შესაძლო მემკვიდრედ ვისენტე დელ ბოსკე სახელდება, რეალის ყველა დროის ერთერთი წარმატებული მწვრთნელი და ადამიანი, რომელმაც თქვენი კარიერის წინსვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
კარგია, რომ დელ ბოსკე ასე თქვენ დაახასიათეთ და არა მე. ის რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელია, ამაზე შედეგებიც მეტყველებს. დელ ბოსკეს დიდ პატივს ვცემ და მისი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ის შეძლებს არაგონესის გზის გაგრძელებას, თუმცა მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, შესაძლოა სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ.

ჟურნალისტებმა ავი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა ბევრი თვლი, რომ ამ ტიტულს მარკოს სენა უფრო იმსახურებდა. თქვენ ვინ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
მთლიანად ესპანეთის ნაკრები! ვერ ვიტყვი, რომ ჩავიმ სხვა ფეხბურთელებს ერთი თავით აჯობა. ის ფინალში მართლა შეუდარებელი იყო, შეცდომა რაა, ის არ დაუშვია, მაგრამ საერთო ჯამში, მასზე ნაკლებ არც ინიესტას უთამაშია, არც სენას და არც სილვას. ყველა შემთხვევაში, მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელი გახდა საუკეთესო, მაგრამ ვთვლი, რომ ესპანეთი ერთი ფეხბურთელის გუნდი არ იყო, ეს იყო ერთი, მონოლითური ნაკრები.

საინტერესოა, რა შანსი აქვს ევროპის საუკეთესო გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე?
იცით, ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გვითხრეს, რომ ესპანეთი ისტორიაში პირველად მოექცა ფიფას რეიტინგის სათავეში. თუ ამით ვიმსჯელებთ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ჩვენ უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მოგების ყველაზე კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი წელია და არ მსურს მომავალზე დღეს საუბარი.

ერთი თვეც და მორიგი სეზონი დაიწყება. რას გეგმავს ჩემპიონთა კაპიტანი?
მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს! ბოლო სეზონებში ჩემპიონთა ლიგაში არცთუ კარგად ვთამაშობთ და ძალიან მინდა, რომ ახალ სეზონში კიდევ ერთხელ მოვიგო ეს თასი. ჩემპიონობაც მინდა, სუპერთასიც… რომელი ერთი გითხრათ? რეალი ის კლუბია, რომელიც ყველა ასპარეზზე პირველობას გეგმავს და ვიმედოვნებ, ერთი წლის შემდეგ ასეც იქნება. ჩვენ ყველგან პირველები ვიქნებით!

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian