ინტერვიუ: ხუან სებასტიან ვერონი

ხუან სებასტიან ვერონი ვეტერანი არგენტინელი ფორვარდის ხუან რამონ ვერონის უფროსი ვაჟია. ესტუდიანტესში მოთამაშე ხუან რამონ ვერონმა 1968 წელს საკონტინენტთაშორისო თასის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედის კარი დალაშქრა.
იმის გამო, რომ ხუან რამონ ვერონს ეშმაკს (La Bruja) ეძახდნენ, უმცროს ვერონს ეშმაკუნა (La Brujita) შეარქვეს.
ამ სიტყვებს იმ ვებგვერდზე ამოიკითხავთ, რომელიც ლამის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა. იქ უმცროს ვერონზე კიდევ არაერთი საინტერესო ცნობაა თავმოყრილი, მაგრამ ის ამბები მერე იყოს, ახლა სხვა რამის თქმა გვსურს: ინტერვიუ, რომელსაც ჩვენი ჟურნალის ამ ნომერში გთავაზობთ, პოპულარულ ინგლისურ გამოცემაში – FourFourTwo – ახლახანს გამოქვეყნდა. ლა პლატას ესტუდიანტესის 37 წლის სპორტული დირექტორი გულშემატკივართა კითხვებს პასუხობს.

 

არაერთხელ წამიკითხავს, რომ ძალიან ცელქი ბავშვი იყავით. ერთ-ერთ წერილში ისიც ეწერა, თითქოს პატარაობისას მამას მანქანა მოპარეთ…
ცელქი? მგონი, ზეაქტიური უფრო მეთქმოდა, ვიდრე ცელქი: მშობლებს ფულს ხშირად ვპარავდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთელების ბარათები მეყიდა… მასწავლებლებს ვატყუებდი – მსურდა სკოლა გამეცდინა და მეგობრებთან ერთად ფეხბურთი მეთამაშა… რაც შეეხება მანქანის ამბავს, ნაწილობრივ მართალია, თუმცა მაშინ უკვე ბავშვი ნაღდად აღარ ვიყავი: მამას თავი რომ მოვაბეზრე, მე და ბიძაშვილს გასაღები გადმოგვიგდო – წადით, მანქანაში მუსიკას მოუსმინეთო. ამას რაც მოჰყვა კი ხვდებით: მანქანა ჯერ ეზოში მოვატრიალეთ, მერე სახლს შემოვუარეთ, მაღაზიაში წასვლაც მოგვინდა და… მოკლედ, თავსხმა წვიმაში ავარია შეგვემთხვა. შინ ფეხით დავბრუნდით, მერე მამა წავიყვანეთ მანქანასთან და… ამ ამბის შემდეგ რამდენიმე თვე მამა ხმას აღარ მცემდა.

1996 წელს ბოკა ხუნიორსში მარადონას მხარდამხარ ითამაშეთ. როგორი იყო?
ბავშვობის ოცნება რომ აგიხდება, აი, ზუსტად ეგ იყო! დიეგო ჩემი კერპი იყო, მასთან ერთად მოედანზე გასულს კი თავი ზღაპარში მეგონა! ურაკანთან იმ მატჩის ყოველი წუთი თვალწინ მიდგას: ერთ მომენტში ბურთი გავუთამაშე და ამის მერე მთელი მატჩი გულში ვიმეორებდი: დიეგომ ბურთი მომცა! მე დიეგოსთან ერთად ვთამაშობ!.. ძალიან მაგარი იყო!.. მალე ბოკა ჩინეთში წავიდა კომერციულ ტურნეში: ერთ ქალაქში ჩვენს ვარჯიშს 50 ათასი კაცი დაესწრო – ყველას სურდა დიეგოს ხილვა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მენახა!

წლების შემდეგ გენუის სამპდორიაში გადახვედით, ამ კლუბში კი რობერტო მანჩინი ღმერთი თუ არა, მეფე ნაღდად იყო. მართლა იჩხუბეთ გასახდელში?
არა, ტყუილია. გეტყვით როგორც იყო: რადგან რობერტო სამპდორიას ლიდერი იყო, ყოველთვის ბურთს ითხოვდა, ერთ-ერთ შეხვედრაში კი არაფერი გამომივიდა და მან, რბილად რომ ვთქვა, უკმაყოფილება ვერ დამალა. ნუ, მერე სიტყვას სიტყვა მოჰყვა და… საბოლოოდ სვენ-გორან ერიქსონმა დაგვამშვიდა. მაშინ ის სამპდორიას მთავარი მწვრთნელი იყო.

ერთ-ერთ ინტერნეტ-გვერდზე ეწერა, თითქოს მანჩინიმ მანჩესტერ სიტიში გადასვლა შემოგთავაზათ, მაგრამ თქვენ იუარეთ…
ერთ დღეს რობერტომ დამირეკა და ხუმრობით მკითხა: არ გინდა სიტიში 5 თვით ითამაშო? ვუპასუხე: პრემიერლიგაში კი არა, შვილებთან თამაში აღარ შემიძლია-მეთქი.

ფაბიო კანავარო მართლა აატირეთ?
კი, ასეთი რამ მართლა მოხდა… მაშინ პარმაში ვთამაშობდით ორივე. მორიგ ტურში იუვენტუსს 4:1 მოვუგეთ. იმ თამაშს დიეგო დაესწრო, რომელმაც მთხოვა, კანავაროს, კრესპოს და ტურამს ჩემთვის მაისურები გამოართვიო. ფაბიო მარადონას ნაპოლის ცქერაში გაიზარდა, დიეგოს აღმერთებდა და რომ გაიგო, მარადონას მისი მაისურა სურდა, ატირდა.

სვენ-გორან ერიქსონი თქვენი მწვრთნელი იყო ლაციოში და სამპდორიაში. მაშინვე ეტყობოდა, რომ მექალთანე იყო?
როგორ გითხრათ… ასეთი რამ არ შემიმჩნევია. გულახდილად რომ ვთქვა, არასდროს მაინტერესებდა მწვრთნელების პირადი ცხოვრება – ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ერიქსონი კარგი სპეციალისტი გახლდათ. იცით, არაერთ თანაკლუბელს ის ძალიან მოსწონდა, რამდენიმე კი სულაც „მამას“ ეძახდა.

ხუან სებასტიან ვერონი

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ხუან სებასტიან ვერონის არგენტინამ დევიდ ბექემის ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა

გახსოვთ როგორ მოიგო თქვენმა ლაციომ 2000 წელს სკუდეტო?
ალბათ „ოქროს 10 წუთს“ გულისხმობთ. ეს არასდროს დამავიწყდება, ასე მეგონა, მთელი წელი გავიდა! ჩვენ კი გავიმარჯვეთ, მაგრამ კიდევ 10 წუთი ველოდეთ, რადგან პერუჯა-იუვენტუსის მეორე ტაიმი საშინელი თქეშის გამო გვიან დაიწყო… მახსოვს, მთელი გუნდი გასახდელში ვუცქერდით იმ თამაშს, მე კი ნესტორ სენსინის გვერდით ვიდექი. კარიერის მანძილზე რამდენჯერმე ვმონაწილეობდი პენალტების სერიაში, მაგრამ არასდროს მინერვიულია ისე, როგორც მაშინ! დღეს რომ ვფიქრობ, მაშინ სასწაული მოხდა: ის იუვენტუსი იმ პერუჯას ათიდან ათ მატჩს მოუგებდა, მაგრამ მაშინ დამარცხდა. ლაციომ ისტორიაში მეორე სკუდეტო მოიგო – ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი გამარჯვება!

იტალიაში ძალიან კარგად თამაშობდით, ყველა ინტერვიუში ამბობდით, რომ ბედნიერი ხართ, მაგრამ 2001 წელს სერია ა-დან პრემიერლიგაში გადახვედით – მანჩესტერ იუნაიტედთან გააფორმეთ კონტრაქტი. რატომ?
ინგლისში გადასვლას არასდროს ვფიქრობდი. იმ დღეებში იწერებოდა, თითქოს რეალთან ვაფორმებდი ხელშეკრულებას, მაგრამ ეს არ იყო მართალი. სწორედ მაშინ დაიწყო გამოძიება ჩემი პასპორტის თაობაზე, რამდენჯერმე დამკითხეს, მე კი ეს ძალიან არ მომეწონა. თან, მანჩესტერ იუნაიტედიც შემეხმიანა და მეუღლესთან საუბრის შემდეგ, კარიერის ინგლისში გაგრძელება გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ბედნიერი ვიყავი, ვთვლი, რომ მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამის გამო არასდროს მინანია.

ის დღეები, პასპორტის სკანდალს ვგულისხმობ, ყველაზე რთული იყო „იტალიურ კარიერაში“?
კი, ასეა – ძალიან დაუცველად ვიგრძენი თავი. ადამიანი შეიძლება ბედნიერი ან უბედური იყო, როცა იცი, რომ სიკეთე გააკეთე ან, ვთქვათ, დანაშაული ჩაიდინე, მაგრამ მე არც ერთი ვიყავი და არც მეორე – ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოესაჯათ იმისთვის, რაც არასდროს გამიკეთებია და რაზეც წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა! ძალიან ცუდად მახსენდება ის დღეები, მაგრამ საბედნიეროდ, ოჯახი გვერდით მედგა და შედარებით ადვილად დავძლიე ის პერიოდი. საერთოდ, კარიერის მანძილზე 3-ჯერ შემემთხვა ძალიან ცუდი ამბავი და ყველა შემთხვევაში ოჯახმა გადამარჩინა. პასპორტის სკანდალამდე 1998 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში გავეხვიე შარში: აკრძალული პრეპარატის მიღება დამაბრალეს, მესამედ კი 2002 წელს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში – ერთმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, ინგლისთან მატჩი იმიტომ ჩააგდო, საკლუბო კარიერა უფრო აინტერესებსო. მერე იმ ტვინნაღრძობს რამდენიმემ მიბაძა და ერთ-ორი თვე უამრავი სიბუნძურე ითქვა ჩემზე… საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

პრემიერლიგაში ბრწყინვალედ დაიწყეთ თამაში – პირველივე თვეს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვეთ. მერე სიტუაცია აირია. რა მოხდა?
რა უნდა მომხდარიყო? ერთ ტრავმას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და… ინგლისში მთელი სეზონი თამაშობენ: ახალი წელი, შობა… დასვენება არ იციან და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული, ნახევარი სეზონის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. თან, ხომ იცით როგორც ხდება: საკმარისია ერთხელ ამოვარდე ფორმიდან და ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს, ისეთ გიჟურ ჩემპიონატში კი, როგორც პრემიერლიგაა, არავის დაგიცდის.

მანჩესტერ იუნაიტედში თქვენი გადასვლიდან რამდენიმე თვეში სერ ალექსმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებდა. ბევრი თვლის, რომ მწვრთნელის ამ სიტყვებმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა – კლუბი პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
არ ვთვლი, რომ ფერგიუსონის სიტყვებმა ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. მაშინ იუნაიტედში ისეთი ბიჭები თამაშობდნენ, მათ იოლად ვერ გატეხდი. კი, იმ წელს მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ მომდევნო სეზონში არსენალთან 11-ქულიანი ჩამორჩენა გავაბათილეთ და ჩემპიონები გავხდით. მგონი, მთავარი მიზეზი, რის გამოც 2002 წელს მესამეზე გავედით, ტაქტიკური განლაგება იყო: თითქმის მთელი სეზონი ერთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაშინ როცა მანამდე კლუბი ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით უტევდა.

არაერთხელ გითქვამთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი განსაკუთრებული ვარჯიშებით არ გამოირჩეოდა და არც თამაშისწინა მოთელვით იკლავდა თავს. შეგიძლიათ აღწეროთ ერთ ჩვეულებრივი დღე და რა იყო საწვრთნელ პროცესში თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
იცით ყველაზე ძალიან რა მიკვირდა? მიუხედავად ურთულესი სეზონისა, გუნდი ვარჯიშებზე არასდროს იხარჯებოდა ბოლომდე – წვრთნა გართობას უფრო ჰგავდა… კარიერა ესტუდიანტესში დავიწყე, რომლის ფეხბურთელები ცნობილნი იყვნენ საუკეთესო ფიზიკური მომზადებით. იტალიაშიც ძალიან მძიმე სეზონისწინა ვარჯიშები გვქონდა, ინგლისში კი… მსგავსი არაფერი! არასდროს მითამაშია ესპანეთში, მაგრამ მგონი, იქაც ინგლისელებივით არიან… ვფიქრობ, სრულიად განსხვავებული საწვრთნელი პროცესია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ესპანეთიდან იტალიაში გადასულ დიეგო ფორლანს ძალიან გაუჭირდა. მეორე მხრივ, მოთამაშეები, რომლებსაც მთელი ძალით ვარჯიში ეზარებათ და არ ხიბლავთ, მაგალითად კარლიტო ტევესი, ინგლისში ყოველთვის ჩინებულად იგრძნობენ თავს.

მართალია, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე თქვენ მიერ გატანილ ბურთს სერ ალექს ფერგიუსონმა ყველა დროის საუკეთესო გოლი უწოდა?
რამდენად შეიძლება წვრთნის დროს გატანილ გოლს არნახული უწოდო არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ მართლა მოხდა: ჩვენ ამერიკაში ვიყავით, ერთ-ერთი ვარჯიშზე კი ნახტომში ქუსლით დავარტყი ზედა კუთხეში. მახსოვს, ფანებმა ტაშიც დამიკრეს, მათ კი ჩვენი მწვრთნელიც აჰყვა. საერთოდ, ფერგი არ გამოხატავდა ემოციას, მაგრამ მაშინ თავი ვერ შეიკავა…

იუნაიტედში არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელის მხარდამხარ ითამაშეთ. ყველაზე ძალიან ვინ მოგწონდათ?
სქოულზი! მან იცის როგორ დაარტყას კარში, ჩინებული პასები ეხერხება, ძალიან კარგად თამაშობს თავით, შესანიშნავად ხედავს მოედანს… ამასთან ერთად, უშუალო ბიჭი იყო, საერთოდ არ აინტერესებდა ინტერვიუები, პრესკონფერენციები და ათასი სისულელე. იმ წლების მანძილზე, რაც მანჩესტერში ვიყავი, პოლი საუკეთესო იყო! ორი წლის წინ ფეხბურთიდან რომ წავიდა, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გამიხარდა, მალე რომ დაბრუნდა. მისნაირ პროფესიონალებს დიდხანს შეუძლიათ თამაში.

ჩელსიში გადასულმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანეთ – ენფილდ როუდზე ლივერპულთან, მაგრამ მერე მხოლოდ 14-ჯერ ითამაშეთ ლონდონურ კლუბში. რა მოხდა?
მძიმე ტრავმის ბრალი იყო ყველაფერი. ლონდონში გადასვლას ძალიან ვნანობ – მანჩესტერ იუნაიტედი არ უნდა დამეტოვებინა. კლუბი არაერთხელ გამომიცვლია, მაგრამ ცოლს არც მანამდე და არც მას შემდეგ ამის გამო არასდროს უტირია, იმ დღეებში კი… მანამდე ფერგიუსონს ვესაუბრე: მითხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მომცემდა, ეს უნდა დამემსახურებინა, მე კი თამაში ძალიან მინდოდა, ამ დროს კი ჩელსი ძირითადს მპირდებოდა… მოკლედ, ოლდ ტრაფორდი დავტოვე… ეს უდიდესი შეცდომა იყო.

2004 წელს ლონდონში თქვენი სახლი გაქურდეს. იმ დღეებში დაიწერა, თითქოს ოჯახსაც დაემუქრნენ. ინგლისი ამის გამო დატოვეთ?
ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. უსიამოვნება, რომელსაც სამშობლოში ყველანაირად გავურბოდი, შემემთხვა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. საბედნიეროდ, სკოტლანდ იარდმა კარგად იმუშავა – ქურდებიც დაიჭირეს და საიმედოდ გვიცავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომხდარი ვერაფრით დავივიწყე.

ესტუდიანტესის კაპიტნის რანგში 2009 წელს ლიბერტადორესის თასი აღმართეთ. ალბათ, ეს თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.
ერთ-ერთი კი არა, ის ტრიუმფი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! და არა მარტო იმიტომ, რომ ბავშვობიდან ესტუდიანტესს ვგულშემატკივრობდი. უბრალოდ, იმ გამარჯვებით ისტორია დაიწერა – თავის დროზე მამაჩემმაც ესტუდიანტესთან ერთად მოიგო ეს თასი. ჯადოსნური ღამე იყო, ახლაც მახსოვს!

ვერონი

იტალიის პარმას მაისურით ხუან სებასტიან ვერონმა 1999 წლის გაზაფხულზე უეფას თასი მოიგო

ინგლისთან პენალტების სერიაში მოგებული საფრანგეთი 98-ის მერვედფინალი როგორ გახსენდებათ?
ეს იყო ყველაზე მრავალფეროვანი თამაში, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. და არა მარტო იმიტომ, რომ იმ 1/8-ფინალში ძირძველი მეტოქეები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ინგლისთან თამაში ყველაფრით სავსე იყო: ჯერ ჩვენ დავწინაურდით, მერე – მეტოქე, იყო გაძევება, ულამაზესი და არჩათვლილი გოლები… ნუ, პენალტების სერიაზე არაფერს ვამბობ – როცა საქმე აქამდე მიდის, ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. ისე, პენალტების სერიას არავის ვუსურვებ, ყველაზე საძულველ მეტოქესაც კი.

გადაპარსული თავი და ბლანჟე… სტილს დიდხანს ეძებდით?
ბლანჟე ერთხელ გავიკეთე, მომეწონა და დავიტოვე. რაც შეეხება გადაპარსულ თავს, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. აღარც მახსოვს ბოლოს როდის გავიზარდე თმა. იცით, არგენტინაში იმ ბიჭებს, ვინც ჯარში სამსახურს რამენაირად დაუძვრება, წვევამდელები თმას პარსავენ. ეს ერთგვარი ტრადიციაა…

ამბობენ, რომ როლინგ სტოუნზის ფანი ხართ…
ზოგადად, როკი ძალიან მომწონს. მათ შორის როლინგ სტოუნზი, AC/DC… რაც შეეხება ფანობას, მგონი ეს სხვა რამეს გულისხმობს. ფანი არ ვარ – მხოლოდ მოყვარული.

დაასახელეთ საუკეთესოები, ვისთან ერთად და ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ.
მარადონა და მესი! მგონი, ყველაფერი ნათქვამია. საუკეთესონი ესენი არიან. ისე კი, დაასახელეთ ვარსკვლავი და გეტყვით, როდის გავსულვარ მის წინააღმდეგ მოედანზე.

ვინ უფრო ძლიერია: მარადონა თუ მესი?
ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. მარადონა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის ჩემი ბავშვობის სიყვარულია, ასე რომ… საერთოდ, აქვს კი რამე აზრი მათ შედარებას? დიეგო ფენომენი იყო, მესიც ფენომენია… ორივე თვალუწვდენელი სიმაღლიდან გვიცქერს.

ხუან სებასტიან ვერონი
დაიბადა 1975 წლის 9 მარტს ლა პლატაში, არგენტინა
1994-96 და 2006-12 წლებში ესტუდიანტესის (ლა პლატა, არგენტინა), 1996 წელს ბოკა ხუნიორსის (ბუენოს აირესი, არგენტინა), 1996-98 წლებში სამპდორიის (გენუა, იტალია), 1998-99 წლებში პარმის (პარმა, იტალია), 1999-2001 წლებში ლაციოს (რომი, იტალია), 2001-03 წლებში მანჩესტერ იუნაიტედის (ინგლისი), 2003-04 წლებში ჩელსის (ლონდონი, ინგლისი), 2004-06 წლებში ინტერის (მილანი, იტალია) შემტევი ნახევარმცველი
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 2000, 2006; ინგლისის ჩემპიონი – 2003; არგენტინის ჩემპიონი – 2006 (აპერტურა), 2010 (აპერტურა); იტალიის თასი – 1999, 2000, 2005, 2006; იტალიის სუპერთასი – 2000, 2005; უეფას თასი – 1999; ევროპის სუპერთასი – 1999; ლიბერტადორესის თასი – 2009
ინდივიდუალური ტიტულები: არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006, 2009; სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი (ელ პაისი, ურუგვაი) – 2008, 2009; ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი – 1999; ლიბერტადორესის თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2009
არგენტინის ნაკრებში: 73 მატჩი, 9 გოლი

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2013)

ka_GEGeorgian