ინტერვიუ: კაკა

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 1956 წლიდან ვლინდება: ფრანგული ჟურნალი ფრანს ფუტბოლი მთელ კონტინენტზე აწყობს ჟურნალისტების გამოკითხვას, შედეგებს აჯამებს და წლის საუკეთესო მოთამაშესაც ასახელებს.
1995 წლამდე ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმში მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, თუმცა გლობალიზაცია ამრესტიჟულ გამოკითხვასაც შეეხო და მას შემდეგ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების შანსი ტყავის ბურთის არაევროპელ ოსტატებსაც გაუჩნდათ.
რიკარდო ისეკსონ დოს სანტოს ლეიტე, იგივე კაკა, მეოთხე ბრაზილიელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო! 1997 და 2002 წლებში მსგავს რონალდომ მიაღწია, 1999 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ რივალდო აღიარეს, 2005 წელს კი ოქროს ბურთი რონალდინიომ აღმართა.
დღეს კაკა ტრიუმფატორია: 2007 წელს ის შეუდარებელი იყო და გარდა იმისა, რომ ჩინებულად თამაშობდა, გუნდურ თუ ინდივიდუალურ ტიტულებს ერთიმეორის მიყოლებით იხვეჭდა.
გაზაფხულზე 25 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირიჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!
ზაფხულში ისევ მილანთან ერთად მიაღწია წარმატებას: ევროპის სუპერთასი კარიერაში მეორედ აღმართა, უეფას გალაწარმოდგენაზე კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელისთვის და თავდამსხმელისთვის განკუთვნილი ლამაზი ჯილდოები ჩაიბარა.
შემოდგომით კაკამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა: პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ის საუკეთესოდ სცნო!
ზამთარში პრიზები ფიფქებივით ცვიოდა: ფრანგული ონზის გამოკითხვა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის მორიგი ტიტული; ინგლისური უორლდ სოკერის რეფერენდუმი და პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელის სახელი კიდევ ერთი ვერსიით
ერთი სიტყვით, 2007 წელი კაკას წელიწადი იყო.
დღეს ის ფრანს ფუტბოლის სტუმარია. ტრადიციული ინტერვიუ ფრანგული გამოცემის ოფისში ჩაიწერა, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ. ეს კვირას მოხდა, 2 დეკემბერს, რამდენიმე დღეში კი კაკას მილანელი გულშემატკივრების წინაშე გადასცეს ოქროს ბურთი“, სან სიროზე, ჩემპიონთა ლიგაში გლაზგოს სელტიკთან მატჩის წინ.

ოქროს ბურთი უკვე თქვენია. თვლით თუ არა, რომ თქვენი ოცნებებიდან ერთერთი ასრულდა?
გამარჯვება ძალიან სასიხარულოა! მეამაყება, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ! „ოქროს ბურთის“ მოგება ძალიან მინდოდა. სიმართლე გითხრათ, არ მეგულება მოთამაშე, რომელსაც ამ ჯილდოს აღმართვა არ სურს, ასე რომ, წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ. ალბათ, ესაა ასრულებული ოცნება.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდურ ტიტულებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ინდივიდუალურ ჯილდოებს. თქვენთვის რა უფრო ფასეულია: მილანთან ერთად მოგებული პრიზები თუ სხვადასხვა პირადი ტიტულები?
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა და პირადად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, გუნდური იქნება თუ ინდივიდუალური. თუმცა ისიც სათქმელია, რომ პირად ტიტულებს ფეხბურთელი ვერ მოიპოვებს, თუ ძლიერ კლუბში არ თამაშობს და თასებს არ იგებს.

წლეულს ჩინებულად თამაშობთ: ნაკრებსა თუ კლუბში გოლებიც ხშირად გაგაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა თქვენ თამაშში?
ვგრძნობ რომ დღეს უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე შარშან ამ დროს. ეს, რა თქმა უნდა, მუდმივი თამაშის მიზეზია: მილანსა თუ ნაკრებში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მიწევს ასპარეზობა და მატჩიდან მატჩამდე ვუმატებ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლო ვარ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასახვეწი და იმედია, მომავალში, როცა კიდევ მოვიგებ „ოქროს ბურთს“, უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვებ.

დარწმუნებული იყავით, რომ ოქროს ბურთს მოიგებდით?
ვფიქრობდი, რომ კარგი შანსი მქონდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვყოფილვარ. ეს იმიტომ, რომ ძლიერი კონკურენტები მყავდა: კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმ 2007-08 წლების სეზონი ძალიან ძლიერად დაიწყეს.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე აჯობეთ რონალდუს და მესის?
ვფიქრობ, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში მილანის გამარჯვებამ – ეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია და აქ წარმატება უკვალოდ არასდროს ჩაივლის. ისიც სათქმელია, რომ ლიგის ბომბარდირი გავხდი, ეს კი ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი პლუსია.
შემდეგ უეფას გალა-წარმოდგენა და ორი პრიზი იყო, სხვადასხვა ინდივიდუალური ტიტულები, კარგი თამაში მილანის და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში… ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაება და „ოქროს ბურთიც“ მოვიდა.

ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელიც ასე ვლინდება. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენითვის ჟურნალისტების აზრი?
თავად ხედავთ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება ძალიან მიხარია, ასე რომ, ჟურნალისტების აზრს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მილანის მატჩების ანალიზს პრესაში მუდმივად ვკითხულობ, თუმცა ვერც იმას დავიჩემებ, რომ გაზეთს არასდროს ვეცნობი. როგორ გითხრათ, ჩემთვის კრიტიკაც მისაღებია და ქებაც, მთავარია ზომიერი, ობიექტური და დროული იყოს.

თვლით თუ არა, რომ ჟურნალისტთა ნააზრევი პროფესიონალ ფეხბურთელს შეიძლება წაადგეს?
რჩევა ყველა ადამიანისგან მისაღებია, თუ ის სამართლიანია. იტალიაში ვიცნობ რამდენიმე ჟურნალისტს, რომელთა აზრს დიდ პატივს ვცემ, თუმცა სამწუხაროდ, უმეტესობა იაფფასიანი სენსაციების მოყვარულია, ეს კი ჩემთვის მიუღებელია.

მას შემდეგ, რაც მილანის წევრი გახდით, კარლო ანჩელოტიმ თქვენთვის სპეციალური ტაქტიკა შეიმუშავა, რომელშიც ფორვარდებს უკან მიგიჩინათ ადგილი. თქვენ არც გამოკვეთილი ნახევარმცველი ხართ და არც ფორვარდი: ამ ორი ამპლუის ფეხბურთელებს აკავშირებთ ერთმანეთთან
მილანის ტაქტიკურ მონახაზში თავს ჩინებულად ვგრძნობ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მწვრთნელის დავალებით, თავისუფალი ვარ ჩამშლელი საქმიანობისგან, სამაგიეროდ, მთელ ენერგიას შემოქმედებას, გუნდის შეტევების გაძღოლას და მათ დაგვირგვინებას ვახმარ. მგონი, ყველა კმაყოფილია.

რაში მდგომარეობს მილანის სიძლიერე?
მოკლედ გეტყვით: თითოეულ ფეხბურთელში! და მწვრთნელში. ჩვენთან ყველა ჩემპიონია, არავისთვისაა უცხო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მილანის თითოეული წევრი ჩემპიონია, რომელთაც კარიერის მანძილზე უამრავი რამ უნახავთ და რომელთა გაოცება შეუძლებელია. ჩვენ ვიცით როგორ მოვიგოთ და ვიგებთ კიდეც. ესაა და ეს.

იტალიური პრესის აზრს გაგაცნობთ: მილანის სუსტ წერტილად თავდასხმა მიიჩნევა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტთა აზრი ჩემთვის მიუღებელია: მილანის თავდასხმა სუსტი რომ იყოს, ვერც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით და ვერც სხვა ტიტულებს.
თავად განსაჯეთ: ფილიპო ინძაგი, ასაკის მიუხედავად, ევროთასების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, რონალდო კი, მართალია ტრავმები აწუხებს, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერია. ალბერტო ჯილარდინო კი ის ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველა მცველს უჭირს.
მილანის საშუალო ასაკი დიდია – დაახლოებით 27 წელი… ფეხბურთელები კარიერის პიკს, როგორც წესი, ამ ასაკში აღწევენ. ხომ მეთანხმებით?

2003 წლიდან ასპარეზობთ მილანში. თვლით თუ არა, რომ ეს ის გუნდია, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ?
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ასეა. რაც კლუბის წევრი გავხდი, მუდმივად ვპროგრესირებ და მგონი, თქვენც დამეთანხმებით. მილანში თავს ჩინებულად ვგრძნობ, კლუბში ყველა პირობაა შექმნილი და შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს საიმისოდ, რომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ვითამაშო.

ერთი წლის წინ თქვენი გადაბირება მადრიდის რეალს სურდა. ესპანურ პრესაში ისიც ითქვა, რომ მადრიდელები 70 მილიონ ევროს იხდიდნენ
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის დროზე მილანმა ჩემში დაახლოებით 9 მილიონი ევრო გადაიხადა, მაშინ ძალიან მომგებიანი გარიგება იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პრესაში გავრცელებული ხმები ხმებადვე დარჩა. მილანთან ყველაფერი გარკვეულია: კლუბის ხელმძღვანელობა თვლის რომ გუნდისთვის აუცილებელი ვარ, მეც არ მსურს სხვაგან წასვლა, ასე რომ, ჩემი ტრანსფერი კიდევ რამდენიმე წელიწადი არ შედგება.

კლუბთან ხელშეკრულება როდის გიმთავრდებათ?
2012 წლის 30 ივნისს.

შესაძლოა თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება და არის თუ არა მილანი თქვენ კარიერაში ბოლო კლუბი?
ხელშეკრულების გაგრძელება ბევრ პირობაზეა დამოკიდებული, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დავინახეთ, ხელს ვერაფერი შეგვიშლის. რაც შეეხება იმას, დავასრულებ თუ არა კარიერას მილანში, ასე გიპასუხებთ: დღეს ვფიქრობ, რომ მილანიდან არასდროს წავალ, თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ არასდროს არ უნდა თქვა არასოდეს.

წლევანდელი სეზონი მილანმა ცუდად დაიწყოსერია ში არადამაჯერებლად თამაშობდა, არადა კლუბი სკუდეტოს მოგებაზე აცხადებდა პრეტენზიას
გეთანხმებით, არასახარბიელო სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 38 ტური გრძელდება, ჯერ კი ნახევარიც არ გასრულებულა. თან, ლიდერებს არცთუ ძალიან ჩამოვრჩებით. შესაძლოა წლეულს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა გაგვიჭირდეს, მაგრამ დანებებას არ ვგეგმავთ.

დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირად ითვლება. თქვენ ის უკვე მოიგეთ. და მაინც, რომელი ტურნირი უფრო მნიშვნელოვანია: სერია თუ ჩემპიონთა ლიგა?
ორივე. და იცით რატომ? სერია ა და ლიგა მთელი სეზონის მანძილზე გრძელდება, სხვადასხვა გუნდებთან გიწევს თამაში, უამრავ ფეხბურთელს ეჯიბრები…
ორივე ტურნირს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო და კარგი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა საუკეთესო ფეხბურთელთან გიწევს ორთაბრძოლა…
იტალიის ჩემპიონატიც ძალიან მნიშვნელოვანია და ლიგაც, ამ ორი ტურნირის თითოეული მატჩი ჩემთვის ძალიან ფასეულია!

კარიერის მანძილზე უამრავი ტიტული მოიგეთ: იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ფიფას კონფედერაციათა თასითვლით თუ არა, რომ ყველა სურვილი აგიხდათ?
სანამ მოქმედი ფეხბურთელი ვიქნები, ყოველთვის გამარჯვებისთვის ვითამაშებ და არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური ტურნირი იქნება თუ მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩემთვის იტალიის ჩემპიონატის მეხუთედ მოგებაც ისეთივე სასიხარულო იქნება, როგორც პირველი გამარჯვება…
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონობას, მართალია ოქროს მედალი მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ იმ გამარჯვებაში ჩემი წვლილი არ შემიტანია – მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ვითამაშე, ასე რომ, უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრზე ჩემი სიტყვა კიდევ მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს. საინტერესოა, ითამაშებს თუ არა კაკა საყვარელი ქომაგების წინაშე?
ასე გიპასუხებდით: ჩემი სურვილია, რომ იმ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს თასი აღვმართო! სხვა რა გითხრათ, 2014 წელს 32 წლის ვიქნები, ამ ასაკში კი ფეხბურთელები, როგორც წესი, დაღმასვლას იწყებენ. იმედია, ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდება. ყველანაირად ვეცდები, რომ ბრაზილიაში ვითამაშო. რა როგორ იქნება, ამას ვერ გეტყვით. ყველაფერი ღმერთის ნებაა. მისი ნება იყო, „ოქროს ბურთი“ რომ მოვიგე და იმედია, ახლო მომავალში ოქროს თასსაც მანდობს.

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2007)

ka_GEGeorgian