ინტერვიუ: ლეო მესი

ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა
ბარსელონამ გაზაფხულზე სამი დაუვიწყარი გამარჯვება იზეიმა და სამივე მათგანში ბრწყინვალე ლეო მესიმ ლომის წვლილი დაიდო – ის კატალონიური კლუბის ლიდერი გახლდათ.
ჟურნალი CHAMPIONS ჩემპიონთა ლიდერს დაუვიწყარი სეზონის შესახებ გაესაუბრა.

ლეო მესის ერთ-ერთი პირველი ფოტო: პატარა ბიჭუნას აშკარად დიდი ზომის მაისური აცვია, თეთრ ტრუსებშია გამოწყობილი, პაწაწინა შავი კედები ჩაუცვამს და გამარჯვებას ზეიმობს – თასი აღუმართავს.
ეს ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა ლეო 5 წლის იყო და მშობლიურ როსარიოში, კლუბ გრანდოლიში თამაშობდა.
„ჰო, ეგ სურათი კარგად მახსოვს: დედამ ჩემი ფოტოალბომი გააკეთა და ეგ სურათი პირველივე გვერდზე ჩააკრა“, – გვეუბნება მესი – „ის თასი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი იყო ჩემთვის, ახლა ზუსტად აღარც მახსოვს“.
კატალონიელი გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელის ცხოვრებაში მშობლებს და ოჯახს დიდი ადგილი უჭირავს: დედა შვილის განვლილი გზის მემატიანეა – ყველაფერს ინახავს, რაც ლეოს და მის საფეხბურთო კარიერას ეხება, მამა კი პატარაობიდანვე გვერდით ედგა და მასთან ერთად გაიარა გზა როსარიოდან ბარსელონამდე, ბავშვთა კლუბებში ჩვეულებრივი ვარჯიშიდან დიდ გამარჯვებებამდე რომის ტრიუმფის ჩათვლით.
სხვათა შორის, ამ ინტერვიუზე ლეოს სწორედ მამის, ხორხეს დახმარებით შევუთანხმდით.

ბარსელონა

2009 წლის 27 მაისი: ბარსელონა რომში, მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. დგანან (მარცხნიდან): იაია ტურე, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, სილვინიო, სამუელ ეტოო, ვიქტორ ვალდესი. პირველ რიგში: ლეო მესი, ტიერი ანრი, ანდრეს ინიესტა, ჩავი, კარლეს პუიოლი

ფინალის წინ ყველა ამბობდა, რომ ბარსელონას მთავარი მიზანი კრიშტიანუ რონალდუს შეჩერება იყო
არცაა გასაკვირი: მანჩესტერ იუნაიტედში არაერთი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობს, კრიშტიანუ კი მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. თუმცა, მეტოქე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რომ არაა, ეს ყველამ იცის… მგონი, მიზანი შევასრულეთ: თავდაპირველად კრიშტიანუმ ძალიან სახიფათოდ შეგვიტია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენ მოვიგეთ…

კარლოს ტევესთან თუ მეგობრობთ?
მე და კარლიტო, თუ ნაკრებში არ ვხვდებოდით ერთმანეთს, მთელი სეზონი ტელეფონით ვსაუბრობდით… ის ჩემი მეგობარია, თუმცა ფინალამდე დაახლოებით ორი თვე არ გვესაუბრა ერთმანეთთან… მართალი რომ გითხრათ, ვერც კი ვიფიქრებდი, ჩვენი გზები ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუ გადაიკვეთებოდა.

სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედში კარლოს ტევესი ძირითადი შემადგენლობის ფორვარდად არ ითვლება. ეს თქვენთვის მოულოდნელობაა?
კი, ასეა, თუმცა მიზეზების ძებნას არ ვაპირებ. ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში უპრობლემოდ ითამაშებდა… ყველაფერი ალბათ, კონკურენციის ბრალია: მანჩესტერ იუნაიტედი დიადი კლუბია და მის თავდასხმაში, კარლიტოს გარდა, რუნი, რონალდუ და ბერბატოვიც თამაშობენ…

კარგით, მეტოქეს შევეშვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ითამაშეთ. მართალი გვითხარით: ნერვიულობდით?
მინდორზე გასული არასდროს ვნერვიულობ. ჩემთვის მთავარია კონკრეტულ შეხვედრაში კარგად ვითამაშო. ვიცი რომ ამით მეც მოვიგებ და ბარსელონაც. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხარ, სანერვიულო არაფერია. ხომ მეთანხმებით?

რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება?
ამ ტურნირში გამარჯვება ჩემი მთავარი მიზანი იყო!

თუ იფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდით?
არა, ამაზე არც მიოცნებია. გამოკვეთილი თავდამსხმელი არ ვარ, თუმცა ამ სეზონში წინ ძალიან კარგად ვითამაშე და მიხარია ყველაზე მეტი გოლი რომ გავიტანე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა…

რატომ ფიქრობთ, რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებდა?
იმიტომ, რომ ამ გათამაშებაში ჩვენ უძლიერესნი ვიყავით! მთელი სეზონი ჩინებულად ჩავატარეთ, ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ და მეტოქეებს აშკარად ვაჯობეთ. მხოლოდ ორჯერ წავაგეთ: საკვალიფიკაციო ეტაპზე ვისლასთან და ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში შახტართან, ისიც იმიტომ, რომ ის მატჩები ჩვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი… თუ თქვენ ნახეთ ჩვენი თამაში ბაიერნთან და ლიონთან, დამერწმუნებით რომ გამარჯვებას ყველაზე მეტად ვიმსახურებდით.

მერვედფინალი და მეოთხედფინალი გასაგებია, მაგრამ ნახევარფინალში ლონდონის ჩელსისთან ძალიან გაგიჭირდათ
მართალია. სტემფორდ ბრიჯზე უკანასკნელ წუთამდე ვაგებდით, მაგრამ ჩვენი ძალაც ისაა, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და საჭირო გოლი ბოლო წამებზე გავიტანეთ. მგონი, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ამის გამოც ვიმსახურებდით… ჩემი აზრით ბარსელონა ჯობდა ჩელსის და თუ ეს თამაშით და ანგარიშით არ აისახა, საგანგაშო არაა… როცა მივხვდი, რომ ინიესტამ გოლი გაიტანა, სიხარულისგან კინაღამ გული გამისკდა!

ანდრესს ბურთი თქვენ მიაწოდეთ. თავად რატომ არ დაარტყით?
მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკეთეს პოზიციაში იყო და ამას კარგად ვხედავდი. მე რომ დამერტყა, ეგებ გოლი არც გასულიყო და თუ ასე მოხდებოდა, ალბათ, არც ეს ინტერვიუ შედგებოდა…

ლეო მესი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში: უეინ რუნის და მაიკლ ქერიკის გარემოცვაში

ჩელსისთან თამაშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჩაგეხუტათ. საინტერესოა, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ხოსეპ გვარდიოლა და მისი დიდებული კატალონიური წარსული?
ითამაშო ბარსელონაში, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის, ეს იგივეა მარადონას გაწვრთნილი არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი რომ იყო. ეს ის ორი ადამიანია, რომელმაც ფეხბურთში ყველაფერი იცის და ვისაც ფეხბურთელთა მოტივირება უმაღლეს დონეზე შეუძლია.

გვარდიოლასთვის წლევანდელი სეზონი სადებიუტო იყო ბარსელონაში. რა შემატა მან კლუბს?
ის ამ კლუბის ისტორიაა და მგონი, მხოლოდ ეს შეიძლება მწვრთნელის პლუსად რომ ჩაითვალოს. მას ზედმიწევნით კარგად ეხერხება ფეხბურთელებთან ურთიერთობა და თავისი ჩანაფიქრის გადმოცემა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ სექტემბრის მიწურულს, სეზონის დაწყებიდან მეორე თვეში ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვთამაშობდით და მის დავალებებს მთლიანად თუ არა, მეტწილად მაინც ვასრულებდით. კიდევ ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ: გვარდიოლას ინიციატივა იყო რომ მე-9 ნომრის პოზიციაზე დავიწყე თამაში. თავდაპირველად ვეჭვობდი, მეგონა, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ პეპმა ზუსტად ამიხსნა რას ითხოვდა ჩემგან, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მეტოქის საჯარიმოში… რეალთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ასი პროცენტით გაამართლა… გვარდიოლამ ბარსელონას ძალიან ბევრი რამ შემატა, ამ 3 ტიტულით კი მისი გადაწყვეტილებების მართებულობა დადასტურდა.

თანაგუნდელებზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა: როგორია, როცა ამდენი ვარსკვლავი ერთად თამაშობს?
როგორ გითხრათ… ეს შესანიშნავია! თითოეულმა ვიცით, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია. ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს და კლუბში არსებული ჰარმონიაც არ ირღვევა. არავინ ამბობს, რომ საუკეთესოა და ამიტომ, ყველა შეხვედრაში უნდა ითამაშოს… ყველამ ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. მაგალითად, მე, ეტოომ და ანრიმ თითქმის მთელი სეზონი ერთად ვითამაშეთ, თუმცა იყო მატჩები, როცა ვცვლიდით ერთმანეთს… ამის გამო არავინ გაბრაზებულა. ერთი სიტყვით, გუნდში სრული ჰარმონიაა და ამით რასაც მივაღწიეთ, მაისშიც გამოჩნდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალს რომმა უმასპინძლა. როგორი იყო თქვენთვის იტალიის დედაქალაქი 27 მაისს?
უცნაურია, მაგრამ ფინალის შემდეგ ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი ბარსელონაში… აქამდე რომში ერთადერთხელ ვიყავი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებმა იტალიაში გაიარა შეკრება და მაშინ, რამდენიმე დღით რომ დავისვენეთ, ქალაქიც დავათვალიერე – დიდებული შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით შადრევნებით მოვიხიბლე…

ბარსელონაში დაბრუნებულს, ქუჩებში მილიონამდე გულშემატკივარი დაგხვდათ. ელოდით ასეთ მხარდაჭერას?
ვიცოდი, რომ ჩვენი ფანები ზღაპრულად მიგვიღებდნენ და ასეც მოხდა… ხომ გითხარით, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი რომიდან – სეზონის ბრწყინვალედ დაგვირგვინების შემდეგ, ჩემთვის საყვარელ ხალხთან შეხვედრა იყო მთავარი! ბედნიერი ვიყავი ქუჩებში არგენტინის დროშებიც რომ დავინახე… ის ემოცია, რაც ბარსელონაში დაბრუნებულს დამეუფლა, დიდხანს გამყვება.

გამარჯვებას ახლობლებთანაც აღნიშნავდით
რა თქმა უნდა: ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას მხოლოდ ვისვენებ და ძალიან კარგ სახიათზე ვარ! ასეც მოხდა: რომიდან დაბრუნებულმა, მესამე თუ მეოთხე დღეს, როცა ყველა შეხვედრა და ფოტოგადაღება მოვილიე, შინ მშობლებთან და და-ძმებთან ერთად აღვნიშნე ჩემპიონთა ლიგის მოგება. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან და მათთან გატარებული თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია!

…როცა ჩვენი ინტერვიუ დასრულდა, ლეომ გვთხოვა: „მადრიდში ორი გოლი რომ გავიტანე, გულშემატკივრებს მაისური დავანახე, რომელზეც იმ ფონდის ლოგო იყო დაბეჭდილი, რომელსაც ვპატრონობ. მარტინ-ბელის სინდრომი, გავრცელებული დაავადებაა და ძალიან მინდა, რომ მის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ – თუ ასე მოხდება, დაავადებულთათვის დახმარების მეტი შანსი გვექნება. ამ საქმეში მხარდაჭერას თქვენც გთხოვთ“.

ლეო მესი
დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში
2004 წლიდან ბარსელონის თავდამსხმელი
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი – 2005, 2006, 2009; ესპანეთის თასი – 2009; ესპანეთის სუპერთასი – 2006, 2007; ჩემპიონთა ლიგა – 2006, 2009; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი – 2005; სამხრეთ ამერიკის ვიცე-ჩემპიონი – 2007; ოლიმპიური ჩემპიონი – 2008 (პეკინი)
ინდივიდუალური ტიტულები: არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005, 2007; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი – 2007; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი – 2007, 2008; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (გაძეტა დელო სპორტი, იტალია) – 2007; მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 2006, 2007, 2008; მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (FIFpro) – 2006, 2007, 2008; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2005 (6 გოლი); სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2009 (9 გოლი)
არგენტინის ნაკრებში: 36 მატჩი, 12 გოლი (2005-)
არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში: 5 მატჩი, 2 გოლი (2008)
არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში: 7 მატჩი, 6 გოლი (2006)
ჩემპიონთა ლიგაში: 34 მატჩი, 17 გოლი (2004-)
ესპანეთის ჩემპიონატში: 109 მატჩი, 54 გოლი (2004-)
ესპანეთის თასზე: 18 მატჩი, 9 გოლი (2004-)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian