ინტერვიუ: ოლივერ კანი

მისი წასვლით გერმანულ ფეხბურთში მთელი ეპოქა დასრულდა. მიუნხენის ბაიერნსა და მანამდე კარლსრუეში გატარებული 21 წლის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ოლივერ კანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო.
ის ლიდერი იყო და სწორედ ეს აღნიშნა მიუნხენელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა. უკანასკნელ სეზონში ოლივერი შეუდარებელი გახლდათ – ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა და თასი მოიგო. ერთადერთი, რაზეც გული დაწყდა, უეფას თასის ნახევარფინალში სანკტპეტერბურგში ზენიტთან წაგება იყო
დღეს კანი ტელეკომენტატორიაბუნდესლიგის მატჩებს უძღვება. ლეგენდარულ მეკარეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ჟურნალი CHAMPIONS ესაუბრა.

მოთამაშის კარიერა დაასრულეთ და კომენტატორობა დაიწყეთ... საინტერესოა, რატომ არ დაესწარით ევროპის ჩემპიონატს?
ფეხბურთიდან წავედი თუ არა, ევროჩემპიონატიც დაიწყო – დასვენება ვერ მოვასწარი. თანაც, ივნისში ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა გოლფში და ამ ტურნირს ნაღდად ვერ გამოვტოვებდი. კომენტატორობა ახლახან, სექტემბერში დავიწყე, მანამდე მხოლოდ ვერთობოდი.

როგორც ჩანს, გოლფი გიტაცებთ
თითქმის 10 წელიწადია, რაც გოლფს ვთამაშობ. ჩემთვის ეს გატაცებაა, სპორტია, რომელიც კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებას, საკუთარი ძალის რწმენას და სიზუსტეს მოითხოვს. ყოველი თამაში ნამდვილი გამოწვევაა და გოლფში სწორედ ეს მიზიდავს. ფეხბურთზეც შეიძლება იგივეს თქმა. თუ მოთამაშე საკუთარ შესაძლებლობებში არაა დარწმუნებული, ფსიქოლოგიურად მოიკოჭლებს და ვერც სიზუსტით დაიკვეხნის, კარგი ფეხბურთელი ვერ გახდება.

იქნებ, გოლფი იმიტომ გიზიდავთ, რომ ფეხბურთის მსგავსი მოთხოვნები აქვს?
შესაძლოა… იცით კიდევ რა მხიბლავს გოლფში? ასაკით შეზღუდული არ ხარ – თუ ფეხბურთელის დაღმასვლა 32-33 წლიდან იწყება, გოლფში ამ ასაკის მოთამაშეები მწვერვალების დასაპყრობად ემზადებიან. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, გოლფს მინიმუმ 15 წელი კიდევ ვითამაშებ.

უკანასკნელი სეზონი ხანგრძლივ დამშვიდობებას ჰგავდა
ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი… ადრეც მსურდა ფეხბურთიდან წასვლა, თუმცა ვგრძნობდი, რომ საამისოდ მზად არ ვიყავი. ამ სეზონში ასეთი შეგრძნება არ მქონია – ვხვდებოდი, რომ ფეხბურთელის ცხოვრებას დროულად ვამთავრებდი. ძალიან მიხარია, რომ კარიერა ტრავმის გამო არ დავასრულე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მსურდა.

მაგრამ ტელეკომენტატორობით ხომ მაინც რჩებით ფეხბურთში?
მიხარია, რომ საყვარელ თამაშს გვერდიდან შევხედავ და ნეიტრალური ადამიანის პოზიციიდან დავაკვირდები. ამას გარდა, საშუალება მექნება საერთაშორისო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს გულისყურით მოვეკიდო. ალალად რომ ვთქვა, ადრე საამისოდ არც დრო მქონდა და არც სურვილი. ერთი სიტყვით, ფეხბურთში ვრჩები, თუმცა, სულ სხვა როლში, რომელსაც ამ დიდ სამყაროში კუნძულს დავარქმევდი. სიამოვნებით ველი ახალი სეზონის დაწყებას. მაინტერესებს ყველაფერი, ეს ხომ ჩემთვის უცხო ხილია!

თუ ხართ მზად შეუმჩნევლად მუშაობისთვის, ჩრდილში დგომისთვის?
ვფიქრობ, ასე მუშაობა უკეთესია. ფეხბურთელობისას ამის საშუალება ნაკლებად იყო, კონცენტრირებულნი რომ ვყოფილიყავით, ბევრ რამეზე გვიწევდა უარის თქმა, ახლა კი, მეტწილად, ჩემზეა დამოკიდებული შეძლებ თუ არა ჩრდილში ყოფნას. არ დაგიმალავთ, მიხარია კიდეც, რომ ნაკლებად ვიქნები ყურადღების ცენტრში.

ოლივერ კანი

ჩემპიონთა ლიგის 1998-99 წლების ფინალში, მანჩესტერ იუნაიტედთან ბოლო წამებზე მარცხს ოლივერ კანი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წაგებას უწოდებს. ფოტოზე (მარცხნიდან): პიერლუიჯი კოლინა, ენდი კოული, სამუელ ოსეი კუფური და ოლივერ კანი

არ მოგენატრებათ ვარჯიშები, ერთი წლით ადრე შედგენილი განრიგი თამაშები?
თუ ფიქრობთ, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მხოლოდ დავისვენებ, ცდებით. კომენტატორის განრიგიც საკმაოდ დატვირთულია. ერთი რამის თქმა გადაჭრით შემიძლია: ფეხბურთიდან წასვლის გამო გული არ დამწყდება.

კარიერის მანძილზე არაერთხელ აღმოჩნით გულშემატკივართა რისხვის ქვეშ, ერთხელ ბანანიც კი გესროლეს... როგორ უმკლავდებოდით ასეთ დამოკიდებულებას?
თითქმის მთელი კარიერის მანძილზე მიუხენის ბაიერნის სიმბოლოდ ვითვლებოდი, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი, ასეთი ფეხბურთელები კი ზოგს უყვარს, სხვას – არა. რა თქმა უნდა მაღიზიანებდა ქომაგების უსაქციელობა, მაგრამ რა უნდა ქნა? ისინი ათასნი არიან, მე – ერთი. ამიტომაც, დასაწყისში თუ ვღიზიანდებოდი, შემდეგ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ასეთ გამოხდომებს. მგონი, თუ ვინმე მსგავს სიტუაციაში მოხვდება, ასევე უნდა მოიქცეს.

ასეთი, არცთუ ტკბილად მოსაგონარი შემთხვევების შემდეგ, გქონიათ თუ არა შეგრძნება, რომ უსამართლობის მსხვერპლი ხართ?
არა, არასდროს.

ამბიცია თქვენი კარიერის მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო, ერთერთ ინტერვიუში კი ისიც თქვით, შესაძლოა, ადამიანი ამბიციამ დაღუპოსო
მგონი, სიტყვა „დაღუპვა“ არ გამომიყენებია, ძალიან მკაცრად ნათქვამი იქნებოდა… ისე კი, მოჭარბებული ამბიცია ადამიანზე ცუდად მოქმედებს და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მეგონა, რომ ჩვენი მომრევი არავინ იყო, მაგრამ ფინალის შემდეგ სრულიად გამოფიტული, დათრგუნული და განადგურებული ვიყავი… ის შეგრძნება, რაც მანჩესტერ იუნაიტედთან წაგების შემდეგ დამეუფლა, კარგა ხნის მანძილზე გამყვა…

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში გადაღებული ერთერთი ფოტოს შემდეგ, რომელზეც კარის ძელთან თვალცრემლიანი ხართ აღბეჭდილი, ჟურნალისტებმა თქვენზე დაწერეს, რომ ტიტანი ადამიანად იქცა. იმ მატჩის შემდეგაც ისეთივე მდგომარეობაში იყავით, როგორც 1999 წელს?
კარიერაში ორი უმძიმესი მარცხი განვიცადე და მეორე სწორედ 2002 წელს, ბრაზილიასთან წაგება იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში წაგება შედარებით იოლად გადავიტანე – ალბათ იმიტომ, რომ გამოცდილება უკვე მქონდა. ყოველი წაგების შემდეგ ვახერხებდი საკუთარი თავის მოტივირებას, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მივხვდი, რომ ფეხბურთი ერთი დიდი პროცესია, სადაც წაგებას ვერ აიცილებ. მთავარია, რაც შეიძლება ხშირად მოიგო.

საინტერესოა, დაგიფასდათ თუ არა ფეხბურთში შრომა?
კი! ყველაზე მეტს ვვარჯიშობდი, მუდმივად წინ მივიწევდი და ვგრძნობდი, რომ შრომას შედეგი მოჰქონდა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე თქვენ სათადარიგო მეკარე იყავით. ბევრს გაუკვირდა, რომ მეორე ნომრის როლს ასე იოლად დათანხმდით
ყოველთვის ვცდილობ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას. როგორი მოთამაშეც უნდა იყო, ფეხბურთში ყოველთვისაა შანსი, რომ დაგიძახონ. ეგეც არ იყოს, როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევ, ხვდები, რომ ახალგაზრდებს უნდა დაუთმო გზა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატისგან რა ისწავლეთ?
მანამდე ვერ წარმომედგინა სათადარიგოთა შორის ყოფნა… მაშინ მივხვდი, რომ ეს ძალიან დამთრგუნველია. კარგია, რომ ასეთი რამ მხოლოდ კარიერის მიწურულს შემემთხვა.

საინტერესოა, როგორი ურთიერთობა გაქვთ იურგენ კლინსმანთან. როცა ერთმანეთს ხვდებით, თუ ესალმებით?
ვერ ვიტყვი, რომ მისი დანახვა ძალიან მიხარია, მაგრამ მასთან ურთიერთობას ვერც უარყოფითად შევაფასებ. რამდენჯერმე შევხვდით, მივესალმეთ და მცირე ხანს ვისაუბრეთ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და მაშინდელმა წყენამ გამიარა, თანაც, ბოღმიანი არ ვარ…

ბაიერნი

2001 წლის 23 მაისი, მიუნხენის ბაიერნი მილანში, სან სიროზე, ვალენსიასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ვილი სანიოლი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, პატრიკ ანდერსონი, შტეფან ეფენბერგი, თომას ლინკე. პირველ რიგში: ოუენ ჰარგრივზი, მეჰმეთ შოლი, სამუელ ოსეი კუფური, ჯოვანი ელბერი, ბიქსენტ ლიზარაზუ

როცა ბუნდესგუნდში გატარებულ წლებს იხსენებთ, რომელი მომენტი გაგონდებათ ყველაზე კარგად და ცუდად?
კორეა-იაპონიაში მოსახვედრად ფლეი-ოფში უკრაინასთან თამაში მოგვიხდა. ყველანი ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი, ყველას გვინდოდა, რომ სირცხვილი თავიდან აგვეცილებინა. მსგავსი ზეწოლა, რასაც იმ მატჩებისას ვგრძნობდი, არც მანამდე მქონია და არც მას შემდეგ. რაც შეეხება ყველაზე ცუდ მომენტს, ასეთად ევრო 2000-ზე, ჯგუფის ბოლო მატჩში 0:3 წაგება მიმაჩნია – ის ჩვენი ყველაზე სამარცხვინო თამაში იყო.

ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება?
პირველი მამაჩემი იყო, პროფესიონალი ფეხბურთელი, მოგვიანებით – მწვრთნელი. 5 წლის ვიყავი, კარსუკან რომ დამაყენა და მეკარის თამაში მანახა… შემდეგი ვინი შაფერი გახლდათ, კარლსრუეს მწვრთნელთაგან ერთ-ერთი შესანიშნავი ადამიანი. მიუხენის ბაიერნშიც არაერთ ჩინებულ პიროვნებასთან მომიხდა ურთიერთობა, თუმცა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, ოტმარ ჰიცფელდს უკავშირდება – საუკეთესო წლებში ჩვენი გუნდის თავკაცი ის გახლდათ.

თქვენ და ჰიცფელდმა ერთად დატოვეთ ბაიერნი
ორივენი მივხვდით, რომ წასვლის დრო იყო. ერთად ვიმარჯვებიდთ, ერთად ვიპყრობდით მწვერვალებს, მხარდამხარ ვეძებდით წარმატებისკენ მიმავალ გზებს და ბოლოს მივხვდით, რომ ერთად უნდა წავსულიყავით. ესაა და ეს.

თქვენი ხანგრძლივი კარიერა მშობლიურ კარლსრუეში დაიწყო. ამ ქალაქს თუ სტუმრობთ?
თითქმის ყველა ბრუნდება იქ, სადაც დაიბადა, ასე არაა?! კარლსრუეში გავატარე ბავშვობა, იქ გავიზარდე და ახლა, როცა ამ ქალაქში ჩავდივარ, საოცარი განცდა მეუფლება.

უკანასკნელ სეზონში, როცა ბაიერნის შემადგენლობაში კარლსრუეში სათამაშოდ ჩახვედით, გულშემატკივრები ძალიან თბილად დაგხვდნენ. იქ თქვენი გამოჩენა უძღები შვილის დაბრუნებას ჰგავდა
ფესვებს არასდროს ვივიწყებ და ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. კარლსრუე ერთგვარი ტრამპლინი იყო, საიდანაც ბაიერნში და ზოგადად, დიდ ფეხბურთში მოვხვდი. ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ბოლო წლებში ამ გუნდს უჭირდა, მე კი ვოცნებობდი, რომ ჩემი პირველი კლუბის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მეთამაშა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გაზაფხულზე ეს მოვახერხე. კარლსრუეს სტადიონზე თამაშით ჩემთვის ერთგვარი სიმბოლური წრე შეიკრა.

ფეხბურთელობის გარდა სხვა პროფესიაზე თუ გიოცნებიათ?
16 წლისა გავხდი ფეხბურთელი და მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო. მანამდე თვითმფრინავის პილოტობაზე ვოცნებობდი. დღეს ლიცენზიის ასაღებად გამოცდებს ვაბარებ. მგონი, კარგი დროა.

იცოდით?
…მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში ოლივერ კანმა უკანასკნელი შეხვედრა 2008 წლის 27 მაისს, კლუბის აზიური ტურნეს დროს ჩაატარა ინდოეთის ქალაქ კალკუტაში, ადგილობრივი მოჰუნ ბაგანის წინააღმდეგ. 55-ე წუთზე ის მიხაელ რენსინგმა შეცვალა. მატჩს 120 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ბაიერნმა 3:0 მოიგო.
…ბაიერნმა ოლივერ კანი 1994-95 წლების სეზონის წინ ფეხბურთიდან წასული რაიმონდ აუმანის შემცვლელად გადაიბირა. ბავარიულმა კლუბმა ახალწვეულში მეკარისთვის რეკორდული თანხა – 4,6 მილიონი გერმანული მარკა, დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო გადაიხადა. ბაიერნის ხელმძღვანელობა კანის თამაშით წინა სეზონში მოიხიბლა, როცა კარლსრუემ უეფას თასის ნახევარფინალს მიაღწია.
…ოლივერ კანი ბუნდესლიგის ორი ბრწყინვალე რეკორდის მფლობელია: 190 მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად და ზედიზედ 736 წუთის მანძილზე შეძლო კარის გოლისგან დაცვა.
…კარლსრუეს შემადგენლობაში კანმა ბუნდესლიგაში 128 მატჩი ჩაატარა, ბაიერნის მაისურით კი 429. საერთო ჯამში მან 557-ჯერ ითამაშა ჩემპიონატში. მეკარეთა შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
…2008 წლის 2 სექტემბერს მიუნხენში, ალიანც არენაზე, ოლივერ კანის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა: მიუნხენის ბაიერნმა და გერმანიის ნაკრებმა 1:1 ითამაშეს.
…ლეგენდარული მეკარის დებიუტი ბუნდესნაკრებში 1995 წლის 23 ივნისს შედგა ბერნში, შვეიცარიელთა წინააღმდეგ – 2:1. 2006 წლის 8 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატზე III ადგილისთვის მატჩში კანმა ნაკრებში უკანასკნელად ითამაშა – გერმანიამ პორტუგალიას 3:1 მოუგო. სულ 86-ჯერ ითამაშა ნაკრებში, 49 შემთხვევაში კი გუნდის კაპიტანი გახლდათ.
…2003 წელს ოლივერ კანი მეუღლე სიმონას გაშორდა, რომელიც იმხანად ორსულად გახლდათ. მასთან მეკარეს ორი შვილი ჰყავს: დავიდი და კატარინა-მარია. ფეხბურთელი ბარმენს, ვერენა კერტს დაუმეგობრდა. გერმანული პრესა ამ ნაბიჯის გამო ოლივერს ძალიან აკრიტიკებდა. 2007 წლის მიწურულს კანი ვერენას დაშორდა და იმავე ყვითელი პრესის მიხედვით, მეუღლეს და ოჯახს დაუბრუნდა.
…1997-98 წლების სეზონიდან მოყოლებული კარიერის დასრულებამდე ოლივერ კანი სეზონში მინიმუმ 42 ოფიციალურ საკლუბო შეხვედრას ატარებდა. გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
…ოლივერის მამა როლფი 1963-65 წლებში იცავდა კარლსრუეს ღირსებას, მისი ძმა აქსელი კი ამავე კლუბის მოყვარულთა გუნდში თამაშობდა.
…ლეგენდარულმა მეკარემ ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 1987 წლის 27 ნოემბერს ჩაატარა.
…ოლივერ კანმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის თასი. მსგავსი მიღწევით სხვა ვერ დაიკვეხნის. ყველა შემთხვევაში ის ბაიერნის მეკარე იყო.
…2006 წლის 5 დეკემბერს, მილანის ინტერის წინააღმდეგ, ოლივერმა ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა. 2006-07 წლების სეზონში ოლივერმა ბუნდესლიგაში, დორტმუნდის ბორუსიასთან ჩემპიონატში მე-500 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ოლივერ კანი (ოლივერ როლფ კანი)
დაიბადა 1969 წლის 15 ივნისს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში
1987-2004 წლებში კარლსრუეს, 1994-2008 წლებში კი მიუნხენის ბაიერნის მეკარე
ტიტულები: გერმანიის ჩემპიონი – 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008; გერმანიის თასი – 1998, 2000, 2003, 2005, 2006, 2008; გერმანიის ლიგის თასი – 1997, 1998, 1999, 2000; 2004, 2007; ჩემპიონთა თასი – 2001; უეფას თასი – 1997; საკონტინენტთაშორისო თასი – 2001; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 2002; მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი – 2006; ევროპის ჩემპიონი – 1996; ფიფას კონფედერაციათა თასის ბრინჯაოს მედალოსანი – 2005
ინდივიდუალური ტიტულები: გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი (კიკერი) – 2000, 2001; გერმანიის საუკეთესო მეკარე (კიკერი) – 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2001; ევროპის საუკეთესო მეკარე (ფისსფ) – 1999, 2000, 2001, 2002; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე (უეფა) – 1999, 2000, 2001, 2002; მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ფისსფ) – 1999, 2001, 2002; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფა) – 2002; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის სახელობის პრიზი) – 2002; ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2001
გერმანიის ნაკრებში: 86 მატჩი (1994-2006)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian