ინტერვიუ: ჩავი

ევროპის ჩემპიონატის მომგები ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთაგან პირველობის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს რამდენიმე იმსახურებდა, თუმცა ევრო 2008-ის რჩეულად ნახევარმცველი ავი ერნანდესი დაასახელეს, ფინალურ მატჩში ოქროს პასის ავტორი.
ბარსელონ შუახაზელმა მთელი ჩემპიონატი ჩინებულად ჩაატარა და მასზე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ალალია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ აღიარებაზე არ ფიქრობდა მთავარი ჩემპიონის ტიტული იყო და საამისოდ, თანაგუნდელთა დარად, მაქსიმალურად იხარჯებოდა.
ეს ინტერვიუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

ესპანეთყოველთვის კარგი გუნდები ჰყავდა, მაგრამ მაინც, ძალიან დიდხანს44 წელიწადი ელოდა ტრიუმფს. გრძნობთ თუ არა, რომ ძალიან სანატრელ და ფასეულ გამარჯვებაში შეიტანეთ წვლილი?
ახლა რასაც ვგრძნობ, ეს დაღლაა. ჩემპიონობას ძალიან დიდი ძალა შევალიეთ. თუმცა დიდ სიხარულსაც ვხედავ, ჩვენ ხომ ენითაუწერელი ბედნიერება მივანიჭეთ ხალხს. გულშემატკივრები მართლა დიდხანს ელოდნენ ამ გამარჯვებას და მიხარია, რომ ნავსი გავტეხეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ რაც უნდა მოხდეს მომავალში, ნაკრების ეს შემადგენლობა ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

როგორ ფიქრობთ, ესპანეთი კიდევ ოთხ ათეულ წელზე მეტი უნდა ელოდოს დიდ გამარჯვებას?
არავითარ შემთხვევაში. ახლა ძალიან კარგი თაობა მოდის, რომელიც მჯერა, მალევე დაიპყრობს სხვა მწვერვალებს. აქამდე ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელმოცარული გუნდები გვყავდა. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ასე აღარ იქნება.

როდის დარწმუნდით, რომ საბოლოოდ მიაღწიეთ მიზანს?
წარმატება რომ შეგვეძლო, ეს ჩემპიონატის დაწყებისთანავე ვიცოდით, მატჩიდან მატჩამდე კი საკუთარი ძალების რწმენა გვიათმაგდებოდა. ჩვენ არცერთ შეხვედრაში დაგვითმია უპირატესობა! რაც შეეხება ფინალს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ერთი დღით მეტი დაისვენეს და თითქოს სულ მცირე, ჩვენზე უკეთ უნდა ყოფილიყვნენ მზად, არაფერი დავუთმეთ და მოვიგეთ კიდეც.

ფინალში ესპანეთმა აშკარად აჯობა გერმანიას, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთით მოიგო
მეტი უნდა გაგვეტანა და შეგვეძლო კიდეც, თუმცა მიუხედავად ერთბურთიანი უპირატესობისა, ჩვენს უპირატესობაში წამითაც არავინ დაეჭვებულა. ამ წარმატებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ დიდი ტურნირების მოსაგებად აუცილებელია აქცენტის ნიჭზე გაკეთება.

რას გულისხმობთ?
არავისთვისაა ახალი, რომ დროის სვლასთან ერთად ფეხბურთი უფრო სწრაფი ხდება, სისწრაფეს კი კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება. მაგრამ გვავიწყდება, რომ ადამიანი ვერასდროს იმოძრავებს ბურთზე სწრაფად. შესაბამისად, კარგი პასის მქონე მოთამაშეებს ძველებურად უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ვიდრე კარგ მორბენლებს. საბედნიეროდ, ლუის არაგონესმა ზუსტი აქცენტები გააკეთა და ტექნიკურად ძლიერ ფეხბურთელებს დაეყრდნო. მისმა არჩევანმა გაამართლა კიდეც. კარგია, თუ ჩვენი მწვრთნელის საქმიანობიდან მისი კოლეგები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ.

თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისეთი გუნდების თაყვანისმცემელი ბრძანდებით, როგორიც მაგალითად, 90-იანი წლების ბარსელონა იყო
მართალია, ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას იმ გუნდს, რომელიც ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარია, კომბინაციებით იგებს და რაც მთავარია, დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებიც სწრაფად აზროვნებენ. დამეთანხმებით, შესანიშნავი საყურებელია იმ გუნდის თამაში, რომლის წევრებიც უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ასეთი კლუბების დამარცხება თითქმის შეუძლებელია. შესაძლოა ერთი ან ორი მატჩი წააგოს, მაგრამ ჯამში დამარცხებული არ იქნება და ყოველთვის მოიგებს ტიტულს. იოჰან კრუიფის ბარსელონაც ასეთი არ იყო? ზედიზედ ოთხი წელი იგებდა პრიმერადივიზიონს!

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი როლი ითამაშა ევროპის ჩემპიონატის მოგებაში მთავარმა მწვრთნელმა?
ეს ლუის არაგონესის ტრიუმფია! ის რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა ამ გუნდს, ზუსტად ხედავდა მიზანს და მასზე უკეთ არავინ უწყოდა, როგორ უნდა მისულიყო გამარჯვებამდე. ვფიქრობ, რომ მისთვის ფეხბურთში არაფერია დამალული, მან ყველა საიდუმლო იცის. იცით როდის მივხვდი, რომ ევრო 2008-ის ფავორიტები ვიყავით? ლუის არაგონესმა პირველივე მატჩის წინ შეგვკრიბა და გვითხრა: „თუ ჩვენ ფინალში ვერ გავალთ, გამოდის, რომ ფეხბურთში არაფერი მესმის და როგორც მწვრთნელი, არაფრად ვვარგივარ“. მას ჩვენი ბოლომდე სჯეროდა და ჩვენც გვწამდა მისი.

გსურდათ, რომ ის ნაკრებში დარჩენილიყო?
კი, მაგრამ ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვეტილი იყო, რომ მწვრთნელი ივლისში გვტოვებდა. კარგია, რომ ის გამარჯვებული წავიდა, ბევრი ვერ ახერხებს ამას. მან ძალიან ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის!

სხვათა შორის, სწორედ ლუის არაგონესია მთავარი დამნაშავე იმაში, რომ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა რაულმა, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა
რაული, კარიერიდან გამომდინარე, დიდ გამარჯვებას იმსახურებდა და დღევანდელი გადასახედიდან მას არასწორად მოექცნენ. ის განაცხადში ყოფნას მაინც იმსახურებდა, თუმცა დღეს ამაზე საუბარი არ ღირს… ევროპის ჩემპიონატის დღეებში მუდმივად მიკავშირდებოდა და ყოველ გამარჯვებას გვილოცავდა. რაული უმაღლესი დონის ფეხბურთელია, შესანიშნავი ადამიანი და მართლა გული მწყდება, რომ ავსტრია-შვეიცარიაში ჩვენთან ერთად არ იყო.

რაულის არყოფნის მიუხედავად, ესპანეთმა გაიმარჯვა. გამოდის, რომ არაგონესი მართალი ყოფილა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ რაულის ნაკრებში არყოფნის გამო გავიმარჯვეთ, ცდება. მაგრამ მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ესპანეთმა მართლა მის გარეშე იმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
ძალიან გამიმართლა! მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ესპანეთის ნაკრებს არ ჰყავდა ერთი ლიდერი – ყველამ ერთად ძალიან ძლიერი გუნდი შევქმენით, საიდანაც რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა პირადად მე გამიჭირდებოდა. ამ ტიტულს კასილიასიც იმსახურებდა, მარჩენაც, პუიოლიც, სენაც, ტორესიც და ვილიაც, მაგრამ მე გამომარჩიეს. მგონი, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამართლებაა.

ყველა აღიარებს, რომ თუ რამე გამოგდით, პირველ რიგში პასი. ევრო 2008-დან რომელ პასს გამოარჩევდით?
ფინალის, რომელსაც გოლი მოჰყვა. შესაძლოა ის არცთუ ლამაზი და ორიგინალური იყო, მაგრამ ფაქტია, სასურველი შედეგი და ევროპის ჩემპიონის თასი სწორედ ამ პასს მოჰყვა. ისე, როცა ბურთს ტორესს ვაწვდიდი, მეგონა, რომ მცველები ჩაჭრიდნენ.

ბარსელონაში ევროპის ჩემპიონებს შესანიშნავი დახვედრა მოგიწყვესგულშემატკივრები თქვენ უბრალოდ გაღმერთებენ! საინტერესოა, როდემდე აპირებთ კლუბში დარჩენას?
არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ბარსელონიდან წასვლას არ ვაპირებ. თავს ჩინებულად ვგრძნობ, კონტრაქტი ჯერ არ მიმთავრდება, ასე რომ, კლუბის გამოცვლაზე არ ვფიქრობ. ჩვენ დროში იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ერთ გუნდში თამაშობს. მე სწორედ ამ იშვიათთაგანი ვარ. სხვათა შორის, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და იუვენტუსი ძალიან კარგ კონტრაქტებს მთავაზობდნენ, მაგრამ კამპ ნოუს დატოვების სურვილი არასდროს გამჩენია.

გასულ სეზონში ბარსელონ შემადგენლობაში 421- ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ და კიდევ უფრო მიუახლოვდით მიგელის საკლუბო რეორდს, 548 მატჩს. როგორ ფიქრობთ, მალე გახდებით პირველი?
რეკორდები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, რომ 2-3 სეზონში მიგელის მიღწევას გავაუმჯობესებ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტრავმებს თავს ავარიდებ და კლუბიც არ იტყვის ჩემზე უარს.

ამ ზაფხულს ბარსელონამ სევილიდან სეიდუ კეიტა შეიძინა, რომელიც თქვენი ამპლუის ფეხბურთელია. როგორ ფიქრობთ, მისი მოსვლით ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავთ?
კეიტა ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი მოსვლით ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ ვკარგავ. ის სხვა ყაიდის ფეხბურთელია, ასე რომ, ამ ტრანსფერის გამო არ ვღელავ. ისე კი, რაც მეტი ძლიერი მოთამაშე იქნება გუნდში, მით უკეთესი. კონკურენცია ხომ წარმატების წინაპირობაა.

გასული სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ფრენკ რაიკაარდმა, რომელმაც კლუბს არაერთი ტიტული მოუტანა
მან ძალიან ბევრი გაკეთა და მჯერა, რომ მისი სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ის ძლიერი მწვრთნელია, თითოეული ფეხბურთელი უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა. მისი წასვლა, გარკვეულწილად, ჩვენი ბრალიცაა – ჩემპიონთა ლიგის და პრიმერადივიზიონის მოგების შემდეგ საკუთარ თავს მაქსიმუმს ვეღარ ვთხოვდით, ეს კი შედეგებზეც აისახებოდა. ყველა შემთხვევაში რაიკაარდი ჩინებული მწვრთნელი იყო ჩვენთვის…

ხოსეპ გვარდიოლაზე რას ფიქრობთ? თქვენთვის მოულოდნელი იყო მისი დანიშვნა?
ველოდი და… არც ველოდი. გვარდიოლა ძლიერი ფეხბურთელი იყო, წლების მანძილზე კაპიტნობდა კლუბს, თუმცა სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ვფიქრობდი სხვა კანდიდატურაზე. დღეს ის მთავარი მწვრთნელია და მიმაჩნია, რომ აქ გატარებული წლები მას წარმატებით მოღვაწეობაში დაეხმარება.

ჩავი

იცოდით?
…ჩავიმ ბარსელონის საფეხბურთო სკოლაში 11 წლისამ დაიწყო ვარჯიში, წლების შემდეგ კი კლუბის მეორე გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი. ბარსელონა ბ-მ, რომელსაც ჟორდი გონსალვო წვრთნიდა, სეგუნდადივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩავი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

…ბ გუნდში ნახევარმცველმა 61 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ყველა შემთხვევაში ის სეგუნდადივიზიონში ასპარეზობდა.

…ბარსელონაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავიმ 1998 წლის 18 აგვისტოს ჩაატარა ესპანეთის სუპერთასზე. კლუბის მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მაიორკას წინააღმდეგ ათამაშა და დებიუტანტმა გოლიც გაიტანა. ჩავისთან ერთად ვან გაალმა მეორე გუნდიდან კარლეს პუიოლიც დააწინაურა.

…ესპანეთის პრიმერადივიზიონში ჩავიმ პირველად 1998 წლის 3 ოქტომბერს ითამაშა ვალენსიაში. ბარსელონამ მასპინძლები 3:1 დაამარცხა.

…2007 წლის 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაში ლიონის წინააღმდეგ, ჩავიმ ევროთასებზე 85-ე მატჩი ჩაატარა და მიგელის რეკორდი გაიმეორა, 2 ოქტომბერს კი, შტუტგარტთან 86-ე შეხვედრაში ითამაშა და ახალი რეკორდი დაამყარა.

…2007 წლის 24 ნოემბერს, უელვას წინააღმდეგ ჩავიმ ბარსელონის შემადგენლობაში მე-400 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის კლუბის ისტორიაში მე-8 მოთამაშეა, რომელმაც 4 ასეულ მატჩს გადააჭარბა.

…2008-09 წლების სეზონის დაწყებამდე ჩავის, პირველ გუნდში ჩატარებული 421 ოფიციალური მატჩით, კლუბის ისტორიაში მე-4 ადგილი ეჭირა. მას მხოლოდ გილერმო ამორი, კარლეს რექსაჩი და მიგელი უსწრებდნენ.

…ბოლო ორ სეზონში ჩავიმ ბარსელონის მაისური 54-54-ჯერ მოირგო. ეს მისი პირადი რეკორდია. 2001-02 წლების სეზონში მან 52 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

…ესპანეთის ნაკრებში ჩავიმ პირველი მატჩი 2000 წლის 15 ნოემბერს ჩაატარა ნიდერლანდელთა წინააღმდეგ. მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

…ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჩრდილოირლანდიასთან 2:3 წაგებულ შეხვედრაში ჩავის გოლი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე-1000 გამოდგა.

…ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, 26 ივნისს რუსებთან 3:0 მოგებულ მატჩში, ჩავის გოლი ესპანეთისთვის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (შესარჩევი და ფინალური ეტაპის მატჩები) საიუბილეო, მე-500 გამოდგა.

…ჩავის კონტრაქტი 2010 წელს ეწურება. თუ რომელიმე კლუბი მის შეძენას მოიწადინებს, კომპენსაციის სახით ბარსელონას 100 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს.

 

ჩავი (ჩავიერ ერნანდეს კრეუსი)
დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში
1998 წლიდან ბარსელონის ნახევარმცველი
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი – 1999, 2005, 2006; ესპანეთის სუპერთასი – 2005, 2006; ჩემპიონთა ლიგა – 2006; ევროპის ჩემპიონი – 2008; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1999; ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 2000 (სიდნეი); კატალონიის თასი – 2000, 2004, 2005, 2007
ინდივიდუალური ტიტულები: ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი (დონ ბალონი) – 2005; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (დონ ბალონი) – 1999; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ელ პაისი) – 1999; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2008
ესპანეთის ნაკრებში: 63 მატჩი, 8 გოლი (2000 წლიდან)

 

თარგმნა ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian