ირანული ძიუდოს დისკვალიფიკაცია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ძიუდოს ფედერაცია წესდების დარღვევის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა და IJF-ის და მისი წევრი კონფედერაციების ეგიდით გამართულ ტურნირებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ირანის ძიუდოს ფედერაციას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 3 კვირის ვადაში შეუძლია.

IJF-ის განცხადებით, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ირანის ძიუდოს ფედერაციის მაღალჩინოსნებმა საეიდ მოლაეის (81კგ) ასპარეზობაზე უარის თქმა უბრძანეს იმის შიშით, რომ ის რაღაც ეტაპზე ისრაელის გუნდის წევრს, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ საგი მუკის შეხვდებოდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძიუდოს ფედერაციამ, ისევე როგორც ირანის ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ გაზაფხულზე აცნობეს IJF-ს, რომ ირანელი ათლეტები მის წესდებას დაიცავდნენ, თუმცა რეალურად უხეშად დაარღვიეს ის და ფეხქვეშ გათელეს საერთაშორისოდ აღიარებული სპორტული პრინციპები.

ირანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არაშ მირესმაეილი წესდების უხეშ დარღვევაში ჯერ კიდევ სპორტული კარიერის დროს, 2004 წელს, ათენის ოლიმპიადის დროს იყო შემჩნეული. იმ ოლიმპიადაზე მან ასპარეზობა იმავე მიზეზით იუარა, რასაც ახლა სთხოვდა საეიდ მოლაეის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 სექტემბერი)

ka_GEGeorgian