ირენი მეთორმეტედ

მორიგი საინტერესო ამბავი პეკინიდან:
ირენ ვიუსტმა დღეს 1500 მეტრზე ციგურაობა მოიგო და ამ დისციპლინაში ზედიზედ მეხუთე(!) ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი!
2006 წელს, 19 წლისამ, თავის პირველ თამაშებზე ტურინში ბრინჯაო ჩაიბარა;
2010 წელს, ვანკუვერში, პირველად გახდა ჩემპიონი;
2014 წელს, სოჭში, მეორე იყო;
2018 წელს, პიონჩანში, მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა;
და დღეს მესამე ოქრო, საერთო ჯამში კი მეხუთე მედალი 1500 მეტრზე!

ამ ტრიუმფით 36 წლის ნიდერლანდელმა არაერთი საინტერესო ფაქტით გაიმდიდრა რეკორდებით თუ ოქროს მედლებით ისედაც დახუნძლული სპორტული კარიერა:

1: ერთსა და იმავე ინდივიდუალურ დისციპლინაში მოგებული მეხუთე ჯილდოთი ქალთა შორის ზამთრის თამაშების რეკორდსმენის, გერმანელი მოციგურავე (5000 მეტრზე) კლაუდია პეხშტაინის გვერდით დადგა;

2: მე12 ოლიმპიური მედლით მოციგურავეთა საკუთარი მსოფლიო რეკორდი ერთით გააუმჯობესა;

3: თეთრი ოლიმპიადების ისტორიაში მხოლოდ მეოთხე სპორტსმენი გახდა, რომელმაც 12 მედალს მოუყარა თავი! მასზე წინ მხოლოდ ნორვეგიელები არიან: მარიტ ბიორგენი (ქროს-ქანთრი, 15), ოლე ეინარ ბიორნდალენი (ბიათლონი, 13) და ბიორნ დელი (ქროს-ქანთრი, 12);

4: მე9 ოლიმპიური მედალი მოიგო ინდივიდუალურში და ქალებში ამ მხრივაც პირველია ზამთრის თამაშებზე;

5: ნიდერლანდური ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, ისედაც ყველაზე ტიტულიანი იყო და ახლა მისი მიღწევა უფრო შთამბეჭდავი გახდა!

სხვა რა გითხრათ?

2009 წელს აღიარა, რომ შორტ-ტრეკში ნიდერლანდების ქალთა ნაკრების ლიდერი სანე ვან კერკჰოფი უყვარდა და ხვდებოდა.

2013 წელს კინაღამ დაქორწინდა მეგობარ მამაკაცზე.

2017 წელს კი რვა წლით უმცროს თანაგუნდელს, ლეტიცია დე იონგს ხელი სთხოვა. ლეტიცია დათანხმდა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian