ის, რაც ავსტრალიის გრან პრიზე უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საათიც და ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონი დაიწყება – მელბურნში ავსტრალიის დიდი პრიზი გათამაშდება.
დილით საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა, რომელიც მერსედესის პილოტების, მსოფლიოს ჩემპიონის ლუის ჰემილტონის და მისი ფინელი თანაგუნდელის ვალტერი ბოტასის ტრიუმფით დასრულდა.
რბოლის რეგლამენტში ცვლილებების შემდეგ, ფორმულა 1-ის ფანები თვლიან, რომ მერსედესის ჰეგემონია დასრულდება. შეირყევა თუ არა გერმანული ავტოგიგანტის პოზიცია, ამას სეზონის მსვლელობისას ვნახავთ, ჩვენ კი ავსტრალიის დიდი პრიზის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოგაწვდით.

*-ავსტრალიის დიდი პრიზი 1928 წლიდან თამაშდება, თუმცა სამეფო რბოლის კალენდარში მხოლოდ 1985 წელს მოხვდა. პირველი შეჯიბრი 1928 წელს არტურ უაითმა მოიგო ოსტინით.

*-ავსტრალიის გრან პრი ფორმულა 1-ის კალენდარში 1985 წლიდანაა. მაშინ რბოლას ადელაიდის ქუჩებმა უმასპინძლა.

*-1985-95 წლებში რბოლას ადელაიდა მასპინძლობდა, 1996 წლიდან კი ავსტრალიის დიდი პრიზი მელბურნში, ალბერტ პარკში გაშლილ ტრასაზე თამაშდება.

*-სანამ გრან პრის ადელაიდა იღებდა – 1985-95 – ავსტრალიის გრან პრი ფორმულა 1-ის კალენდარში უკანასკნელი რბოლა იყო, მელბურნში გადასვლის შემდეგ კი – 1996 წლიდან – ფორმულა 1-ის სეზონი სწორედ ავსტრალიის დიდი პრიზით იწყება. გამონაკლისი მხოლოდ 2006 წელს დაიშვა, როცა გრან პრიმ კალენდარში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მიზეზი მელბურნში მიმდინარე თანამეგობრობის ქვეყნების თამაშები იყო.

*-ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ავსტრალია ფორმულა 1-ის დიდ პრიზს 2022 წლის ჩათვლით უმასპინძლებს.

*-2013 წელს გაფორმებული სასპონსორო კონტრაქტით, რბოლის ოფიციალური სახელწოდებაა როლექსის ავსტრალიის გრან პრი.

*-პროფესორად აღიარებული ალენ პროსტი ერთადერთია, რომელმაც ავსტრალიის გრან პრი ფორმულა 1-ში მოხვედრამდე და შემდეგ მოიგო. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა მწვანე კონტინენტზე პირველად 1982 წელს გაიმარჯვა, ფორმულა 1-ის ეგიდით კი 1986 და 1988 წლებში.

*-ალან ჯონსი ჯერჯერობით ბოლო ავსტრალიელია, რომელმაც საშინაო გრან პრი მოიგო. ეს 1980 წელს მოხდა, ფორმულა 1-ის ეპოქამდე.

*-1990 წლის ავსტრალიის გრან პრი ფორმულა 1-ის ისტორიაში საიუბილეო, რიგით მე-500 გამოდგა.

*-1995 წელს ავსტრალიის გრან პრის 3 დღის განმავლობაში – თავისუფალი ვარჯიში, საკვალიფიკაციო რბოლა, დიდი პრიზის გათამაშება – 520 ათასი მაყურებელი დაესწრო (უშუალოდ კვირის რბოლას 210 ათასი). ეს გრან პრის რეკორდია. მელბურნში გადასვლის შემდეგ ყველაზე მეტი ბილეთი – 360 885 – 2004 წელს გაიყიდა.

წრის სიგრძე: 5303მ
წრის რეკორდი: 1:25.945 – დენიელ რიკიარდო (რედ ბული)
ტრასის სიგრძე: 307,574კმ
ყველაზე მეტი მოგება: 4 – ლექს დევისონი (1954, 1957, 1958, 1961) და მიხაელ შუმახერი (2000, 2001, 2002, 2004)
ყველაზე მეტი მოგება (გუნდი): 12 – ფერარი (1957, 1958, 1969, 1987, 1999, 2000, 2001, 2002, 2004, 2007, 2017, 2018) და მაკლარენი (1970, 1986, 1988, 1991, 1992, 1993, 1997, 1998, 2003, 2008, 2010, 2012)

 

ყველა გამარჯვებული
2018 – სებასტიან ფეტელი (გერმანია; ფერარი)
2017 – სებასტიან ფეტელი (გერმანია; ფერარი)
2016 – ნიკო როსბერგი (გერმანია; მერსედესი)
2015 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მერსედესი)
2014 – ნიკო როსბერგი (გერმანია; მერსედესი)
2013 – კიმი რაიკონენი (ფინეთი; ლოტუს-რენო)
2012 – ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2011 – სებასტიან ფეტელი (გერმანია; რედ ბულ-რენო)
2010 – ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2009 – ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი; ბრაუნ-მერსედესი)
2008 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2007 – კიმი რაიკონენი (ფინეთი; ფერარი)
2006 – ფერნანდო ალონსო (ესპანეთი; რენო)
2005 – ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია; რენო)
2004 – მიხაელ შუმახერი (გერმანია; ფერარი)
2003 – დევიდ კულთარდი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2002 – მიხაელ შუმახერი (გერმანია; ფერარი)
2001 – მიხაელ შუმახერი (გერმანია; ფერარი)
2000 – მიხაელ შუმახერი (გერმანია; ფერარი)
1999 – ედი ირვაინი (დიდი ბრიტანეთი; ფერარი)
1998 – მიკა ჰაკინენი (ფინეთი; მაკლარენ-მერსედესი)
1997 – დევიდ კულთარდი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
1996 – დეიმონ ჰილი (დიდი ბრიტანეთი; უილიამს-რენო)
1995 – დეიმონ ჰილი (დიდი ბრიტანეთი; უილიამს-რენო)
1994 – ნაიჯელ მენსელი (დიდი ბრიტანეთი; უილიამს-რენო)
1993 – აირტონ სენა (ბრაზილია; მაკლარენ-ფორდი)
1992 – გერჰარდ ბერგერი (ავსტრია; მაკლარენ-ჰონდა)
1991 – აირტონ სენა (ბრაზილია; მაკლარენ-ჰონდა)
1990 – ნელსონ ბიკე (ბრაზილია; ბენეტონ ფორდი)
1989 – ტიერი ბუცენი (ბელგია; უილიამს-რენო)
1988 – ალენ პროსტი (საფრანგეთი; მაკლარენ-ჰონდა)
1987 – გერჰარდ ბერგერი (ავსტრია; ფერარი)
1986 – ალენ პროსტი (საფრანგეთი; მაკლარენი)
1985 – კეკე როსბერგი (ფინეთი; უილიამს-ჰონდა)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 მარტი)

ka_GEGeorgian