ის საოცარი ექვსი კვირა
დღეს, 26 მაისს, 20 წელი სრულდება მანჩესტერ იუნაიტედის საარაკო გამარჯვებიდან.
1999 წლის 26 მაისს იუნაიტედი გახდა პირველი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
20 წლის წინანდელ დაუვიწყარ ამბავს გუნდი ბაიერნთან ამხანაგური მატჩით აღნიშნავს. ამავე შეხვედრაში მოხდება იუნაიტედის საგაისო ფორმის პრეზენტაციაც.
ეს წერილი საიმონ სტოუნს ეკუთვნის, BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველს.
ტრიუმფამდე 6 კვირით ადრე სერ ალექს ფერგიუსონის კლუბი ასოციაციის თასის ნახევარფინალში, ბირმინგემის ვილა პარკზე იმხანად მთავარ მოწინააღმდეგეს ლონდონის არსენალს ხვდებოდა.
მანჩესტერლები კაცნაკლულები თამაშობდნენ – მსაჯმა გუნდისთავი როი კინი გააგდო და ბიჭები საკუთარი კარის მისადგომებთან იყვნენ გამაგრებულნი. ტაბლოზე 1:1 ენთო და ძირითად დროს დამატებულ მე-2 წუთზე არბიტრმა მათ კარში 11-მეტრიანი დანიშნა.
ბურთთან დენის ბერხკამპი მივიდა, არსენალის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც იმ დროისთვის ყველა, ექვსივე 11-მეტრიანი გატანილი ჰქონდა.
„პენალტი რომ დაინიშნა, რატომღაც ვფიქრობდი, რომ კიდევ გვქონდა დაახლოებით 10 წუთი და გოლის გაშვების შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორებას მოვახერხებდით“, – იხსენებს მანჩესტერელთა დიადი მეკარე პეტერ შმეიხელი – „ორი დიდი გუნდი, ძალები – თანაბარი, ანგარიში – საყაიმო… დრამატულ მომენტში არჩევანი უნდა გააკეთო. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. თუ გაამართლა, დიდებულია და მერე ვიტყვით, რომ იღბალი ჩვენ მხარეს იყო“.
მხოლოდ შმეიხელი და ბერხკამპი…
ამბობენ, რომ პენალტის დროს უპირატესობა დამრტყმელის მხარესაა. შესაძლოა ასეცაა, თუმცა შანსი მეკარესაც აქვს. და სანამ ბურთი ნიშნულზეა, ყოველთვისაა ალბათობა, რომ პენალტი გოლად არ იქცევა.
შმეიხელმა მარცხენა კუთხე აირჩია და გადახტა. გაუმართლა – ბურთი მოიგერია!
„ბერხკამპის პენალტები არ მინახავს, უბრალოდ, კუთხე ავირჩიე და ეგ იყო. მიმართულება გამოვიცანი და ბურთიც მოვიგერიე. არის თუ არა ეს გამართლება? ალბათ“, – ამბობს დანიელი გოლიათი.
იმ მომენტიდან რამდენიმე წუთში რაიან გიგზმა შედევრი დადგა და გაიტანა გოლი, რომელიც მოგვიანებით ასოციაციის თასის ისტორიაში ყველა დროის ულამაზეს ბურთად აღიარეს.
„არსენალთან ის ნახევარფინალი გადამწყვეტი გამოდგა. ამას მატჩის დასრულებისთანავე მივხვდით“, – იხსენებს ოლდტრაფორდული კლუბის მაშინდელი ფიზიოთერაპევტი დეივ ფევრი – „მახსოვს, ვილა პარკის ნახევარფინალამდე ორი თვით ადრე დუაიტ იორკი ხუმრობდა – 25 თამაში ჰეთ-თრიქამდე, 24 მატჩი, 23, 22… არსენალთან გამარჯვება მართლა გადამწყვეტი გამოდგა, ყველამ დავიჯერეთ, რომ სეზონის 3 ტიტულით დასრულება სულაც არ იყო შეუძლებელი. რატომაც არა, არსენალს ხომ მოვუგეთ? ვამბობდით მაშინ. იმ დროს არსენალი ინგლისში კი არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.
არსენალთან გამარჯვების შემდეგ 10 მატჩი იყო დარჩენილი, მათ შორის გასვლა ტურინში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალზე.
ოლდ ტრაფორდზე იუვემ გაძლო და იტალიაში 1:1-ით დაბრუნდა. სტადიო დელე ალპიზე საპასუხო მატჩის დასაწყისი კოშმარული გამოდგა – იუვე ფილიპო ინძაგის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს როი კინმა თავურით ერთი გოლი გაქვითა.
იმ საღამოს ირლანდიელი შეუდარებელი იყო და მისი ძალისხმევით იუნაიტედმა მატჩი გადაარჩინა – 3:2 მოიგო. ორი მატჩის ჯამში მანჩესტერლებმა 4:3 მოიგეს, ფინალში გავიდნენ, თუმცა კინის გარეშე დარჩნენ. ზინედინ ზიდანთან ორთაბრძოლისას ირლანდიელი დაჯარიმდა, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და…
„როი უამრავ სიტუაციაში მინახავს, ჩვენ ხომ წლების მანძილზე ერთ საქმეს ვაკეთებდით… ტურინული ნახევარფინალის შემდეგ მას ცრემლები გადმოსცვივდა. ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა, საოცრად მტკიცე სულის პატრონი, თუმცა როცა ოცნებას ყვითელი ბარათი გაშორებს, ემოციები გერევა. ხდება ხოლმე… მაგრამ იმ ნახევარფინალში კინმა სული და გული ჩადო. იცოდა, რომ ფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და გაფრთხილების შემდეგ თავი არ დაუზოგავს“, – იხსენებს დეივ ფევრი.
16 მაისს იუნაიტედმა პირველი ტიტული გაიფორმა – ტოტენჰემ ჰოთსფურთან აგებდა, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა და პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. არსენალმა ქულით ნაკლები დააგროვა და II ადგილზე დარჩა. რამდენიმე საათში, ერთ-ერთ პაბში საჩემპიონო თავყრილობაზე კინმა იჩხუბა და ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. ირლანდიელი სერ ალექსმა იხსნა, ვისთვისაც კინი ძვირფასი იყო. რა როგორ მოხდა, ამაზე მწვრთნელს საჯაროდ არ უსაუბრია.
22 მაისს იუნაიტედს ასოციაციის თასის ფინალი ელოდა ნიუკასლ იუნაიტედთან. ფევრი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: იააპ სტამს თამაში სურდა, ექიმი კი სხვა აზრზე იდგა:
„არცთუ სასიამოვნო საუბარი გვქონდა… ფინალამდე 3 დღით ადრე სტამი მუხლმა შეაწუხა. სკანირებამ გვიჩვენა, რომ მუხლის მყესი იყო დაზიანებული – თუ არ ჩავერეოდით, შესაძლოა, გაწყვეტილიყო და მერე ნიდერლანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალს კი არა, მომდევნო სეზონის დასაწყისსაც გამოტოვებდა. ცხადია სერ ალექსს ყველაფერი ვუთხარი და მანაც სტამი სათადარიგოთა შორის დატოვა“.
გოლიათი მცველი საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე ჩაერთო ფინალში. იმ დროს იუნაიტედი ტედი შერინგემის და პოლ სქოულზის გოლებით მშვიდად იგებდა.
მანჩესტერმა მეორე მწვერვალიც დალაშქრა, მწვრთნელმა კი ერთი კვირის წინანდელი გამოცდილება გაითვალისწინა და ტიტულის აღნიშვნა გადადო: ყველას, ვისაც ბარსელონაში გამგზავრება ელოდა, ორის ნახევარზე უკვე ეძინა.
მეორე დღეს გუნდი ბერკშირში, ეროვნულ სპორტულ ცენტრში დაბინავდა. მწვრთნელმა მთელი გუნდი ერთ დარბაზში შეკრიბა და ჯგუფურ ეტაპზე, ბაიერნთან ორი ფრედ დასრულებული მატჩის 40-წუთიანი ვიდეოანალიზი უჩვენა. ამას ორი თავისუფალი საათი და სადილი მოჰყვა, კიდევ ორ საათში კი მორიგი თეორიული გაკვეთილი.
24 მაისს, დილით, მანჩესტერ იუნაიტედი კონკორდით გაემგზავრა ბარსელონაში.
„ბევრი ჩვენგანი პირველად მოხვდა კონკორდის ბორტზე… მე სათადარიგო გუნდის მენეჯერ ჯიმი რაიანთან ერთად ვიჯექი“, – იხსენებს ფევრი – „მატჩის წინა საღამოს კამპ ნოუზე ვივარჯიშეთ. ამ სტადიონზე ადრეც გავსულვართ, თუმცა ბარსელონის გასახდელში პირველად ვიყავით – ლიგის ფინალში მასპინძლებლად ჩვენ ვითვლებოდით და ამიტომ მოვხვდით იქ. თითოეული მოთამაშის კარადის თავზე ბარსელონელთა პორტრეტები ეკიდა… სასტუმროში დავბრუნდით თუ არა, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიეთ და ნომრებში ავედით“.
ფინალი ცუდად დაიწყო: მარიო ბასლერმა მე-6 წუთზე დააწინაურა ბაიერნი. იუნაიტედი გამართულ თამაშს ვერ ახერხებდა, ბურთის გათამაშება უჭირდა…
„90-ე წუთი რომ დაიწყო, მინდვრის კიდესთან ჩემპიონთა თასი გამოდგეს. დავაკვირდი და ბაიერნის ფერის ბანტებით მოერთოთ. როგორც ჩანს, უეფამ ფინალი დასრულებულად მიიჩნია“, – იხსენებს ფევრი.
მერე რაც მოხდა, ბევრი დღემდე ვერ იჯერებს:
დევიდ ბექემმა კუთხური ჩააწოდა, მიუნხენელებმა ბურთი ვერ ამოიტანეს, რაიან გიგზმა უხერხულად დაარტყა და ბურთი ტედი შერინგემს მიუვიდა, მან კი მარჯვენა მოიქნია და… 1:1! 91-ე წუთზე!
2 წუთში ბექზმა მეორედ ჩააწოდა კუთხური. ისევ მარჯვნიდან. შერინგემმა ახლო ძელთან თავით ითამაშა, შორეულ კუთხეში კი ოლე-გუნარ სულშერმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და კარში შეაგდო – 2:1! ოლივერ კანმა ხელები გაშალა, სამუელ ოსეი კუფური მინდორზე დაემხო, მიუნხენლები განადგურდნენ…
„ტვინი უბრალოდ გამეთიშა! გოლებიც მახსოვს და ისიც, თუ როგორ აღვნიშნეთ თასის მოგება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მოგვიანებით ტელევიზორში ვნახე. იმ ღამიდან კი საფინალო სასტვენის გარდა არაფერი მაგონდება – უზომოდ მიხაროდა, მაგრამ რას ვაკეთებდი, ამას ვეღარ ვიხსენებ“, – პეტერ შმეიხელი.
„მახსოვს როგორ გავსრიალდი გოლის მერე და როგორ დამახტნენ ბიჭები… თამაშის დასრულებისთანავე მივეცი ინტერვიუ, მაგრამ ახლა იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, ყველა შემთხვევაში უარს ვიტყოდი“, – ოლე-გუნარ სულშერი.
„ზოგადად მშვიდი ვარ, გოლი გატანა ყოველთვის მიხაროდა, მაგრამ ემოციას ვაკონტროლებდი, იმ ღამით კი ძალიან გამიჭირდა. ანგარიში რომ გავათანაბრეთ, მიუნხენელთა სათადარიგო სკამის წინ გავვარდი – ამას დღემდე ვნანობ, არ უნდა მოვქცეულიყავი ასე… მეორე გოლის მერე კი, მახსოვს, სამედიცინო ჩანთა ჰაერში ავაგდე და ბიჭებთან გავიქეცი, გაგიჟებული ვიყავი! თუმცა ყველა ასე არ იყო?! გასახდელში ჩავიკეტეთ – იქ სასწაული ხდებოდა! ზუსტად მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩვენი ადმინისტრატორი ალბერტ მორგანი აუზში ჩავაგდეთ… სასტუმროში ოთხის ნახევარზე დავბრუნდით, თუმცა არავის დაუძინია, ყველა ერთად ვქეიფობდით! დილით პირდაპირ აეროპორტში წავედით“… – დეივ ფევრი.
ქალაქში საოცრება ხდებოდა – იუნაიტედის ყველა ფანი ქუჩაში იყო გამოსული!
დინსგეიტიდან მანჩესტერის ცენტრამდე მხოლოდ კილომეტრნახევარია, იუნაიტედის წითელმა ავტობუსმა კი ეს მანძილი თითქმის 3 საათში გაიარა!
იმ ზეიმით დაასრულა გუნდმა ეპოქალური 6 კვირა, რომელმაც 3 დაუვიწყარი ტრიუმფი დაიტია, დეივ ფევრისთვის კი მანჩესტერული კარიერა 2 დღეში დასრულდა – სერ ალექს ფერგიუსონს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ექიმი ბლექბერნ როვერსმა მიიწვია და მანაც ოჯახთან ახლოს მუშაობა არჩია.
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 მაისი)