ისევ მილანი, ისევ სან სირო
51-დღიანი შესვენების შემდეგ კალჩო ბრუნდება და თან როგორ: შუადღით სალერნიტანა-მილანია, შემდეგ რომა-ბოლონია, საღამოს კრემონეზე-იუვენტუსი, დღის ბოლო აკორდი კი სუპერმატჩია – ინტერი ნაპოლის წინააღმდეგ.
ზაფხულიდან ნაპოლი ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესი კლუბი გახდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშის შემხედვარე კი მის შესახებ ლამის ყოველ კვირა ვწერ.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელმა ტრავმის გამო ნაპოლის რამდენიმე თამაში გამოტოვა, ახალ წელს კი ჯანმრთელად ხვდება და ყველა გამოცემა ვარაუდობს, რომ ის ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.
კორიერე დელო სპორტმა გუშინდელი ნომრის პირველ გვერდზე გაიტანა ინტერი-ნაპოლის დღევანდელი ჯახი და დაწერა, მილანელებს ბროზოვიჩი გამოაკლდათ, რის გამოც კიდევ უფრო გაუჭირდებათ კვარას შეჩერებაო.
გაძეტა დელო სპორტის პირველი გვერდი კი ხვიჩამ დღეს დაამშვენა მილანელ ნიკოლო ბარელასთან ერთად. „სპალეტის კარგი შანსი აქვს უპირატესობა გაზარდოს“ – წერს იტალიის ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემა და შეგვახსენებს, რომ ამ სეზონში ნაპოლიმ ერთხელ უკვე გაიმარჯვა სან სიროზე, როცა 18 სექტემბერს, VII ტურში მილანს 2:1 აჯობა.
შავ-წითლების წინააღმდეგ ხვიჩა დიდებული იყო, პენალტი მოიპოვა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემპიონებთან გამარჯვებაში. იტალიურმა ჟურნალ-გაზეთებმა სწორედ კვარა დაასახელეს იმ მატჩის გმირად. კალჩოზე მწერლები ვარაუდობენ, რომ ქართველი კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სან სიროზე, ამჯერად შავ-ლურჯების წინააღმდეგ.
17 ოფიციალურ მატჩში გატანილი 8 გოლით კვარაცხელია ნაპოლის მეორე საუკეთესო შემტევია ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, ხოლო სერია ა-ში შეგდებული 6 გოლით ბომბარდირთა შორის ტრიალებს. გაზრდის თუ არა მონაგარს, ამას ყველა ერთად ვნახავთ. სუპერმატჩი ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 4 იანვარი)
ფოტო: Corriere dello Sport