იზრაელ ფოლაუ: ხელისუფლებას ეშმაკი მართავს!

„მთავრობა ვერც კი ხვდება რას აკეთებს! იმ ადამიანების გონება, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეშმაკის მიერ კონტროლდება! სატანა ჩააგონებს მათ, რომ მამაკაცების ქორწინებაში უცნაური არაფერია და რომ მთავარია ადამიანებმა ერთმანეთს ასიამოვნონ, საღვთო ჭეშმარიტება კი დაივიწყონ“, – ეს სიტყვები დიდი რაგბიდან მოკვეთილმა იზრაელ ფოლაუმ კვირას, ეკლესიაში გამოსვლისას განაცხადა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ავსტრალიელმა მორაგბემ აპრილში, ერთ-ერთ სოციალურ სქელში დაწერა, რომ „გეებს ჯოჯოხეთი ელით“. ამის შემდეგ 30 წლის სპორტსმენს ლგბტ საზოგადოების რისხვა დაატყდა თავს, ავსტრალიის რაგბის კავშირმა კი მას კონტრაქტი გაუწყვიტა და წლევანდელი მსოფლიო თასის მიღმა დატოვა. ფოლაუსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს მისმა პირადმა სპონსორებმაც.

მორაგბის ის პოსტი ავსტრალიის ერთ-ერთი შტატის – ტასმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც 16 წლის და უფროს ახალგაზრდებს, მშობლების ნებართვის გარეშე, სქესის არჩევის უფლება მიეცათ. ამ კანონპროექტს დასავლეთ ავსტრალიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

„გონებადაბინდული ხელისუფლება უკვე სკოლებში შეღწევას ცდილობს. მათი სურვილია, რომ ჩვენმა შვილებმა, პატარა ბავშვებმა თავად აირჩიონ, თუ რა სქესის მოქალაქეები იქნებიან. ეს საშინელებაა! მთავრობის ასეთ ნაბიჯებში ჩანს ეშმაკი – მას სურს რომ ამ სამყაროში, ჩვენ საზოგადოებაში თავის წესები დაამკვიდროს“, – ესეც იზრაელ ფოლაუს სიტყვებია. მისი გამოსვლა ტაძარში ფეისბუქით პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ფოლაუმ ავსტრალიის ნაკრებიდან მოკვეთაზეც ისაუბრა: „რაგბის კავშირის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა. საკუთარი რწმენის და შეხედულებების გამო არც მე და არც სხვა ავსტრალიელი არ უნდა ვისჯებოდეთ“, – განაცხადა ფოლაუმ, ვისაც ნაკრების კვართით 73-ჯერ უთამაშია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 ივნისი)

ka_GEGeorgian