იზრაელ ფოლაუს ჯოჯოხეთი – მორაგბე ყველამ მოკვეთა

ავსტრალიის რაგბის კავშირმა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იზრაელ ფოლაუ ყოფაქცევის კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. სპეციალური სამკაციანი კომისია უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, თუ რა სახით დაისჯება მოთამაშე.

დაახლოებით ერთი თვის წინ ფოლაუმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხს ჯოჯოხეთი ელის. მორაგბის ნათქვამმა ბევრი შეაშფოთა და ის ჰომოფობიაშიც დაადანაშაულეს.

30 წლის ფოლაუს ავსტრალიის რაგბის კავშირთან 2022 წლის ჩათვლით აკავშირებდა კონტრაქტი, თუმცა ხსენებული ფაქტის შემდეგ მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

ავსტრალიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩაიკამ განაცხადა, რომ ფოლაუ, დიდი ალბათობით, იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასზე არ ითამაშებს. 4 წლის წინ, 2015 წელს ინგლისში, ფოლაუ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ნაკრებს ფინალშიც შეუძღვა.

ფოლაუ რაგბი ლიგაშიც თამაშობდა, თუმცა ავსტრალიის რაგბი ლიგის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მორაგბე მათი ეგიდით გამართულ ტურნირებში ვეღარ იასპარეზებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 მაისი)

ka_GEGeorgian