ისტორიაში პირველად: უელსი რეიტინგის პირველ საფეხურზე!

მოწინავე სარაგბო ქვეყნებმა მსოფლიოს წლევანდელი თასისთვის მზადება უკვე დაიწყეს. სამხრეთის გუნდების შემდეგ ტესტები 6 ერის მონაწილეებმაც გამართეს – დღეს უელსმა 13:6 დაამარცხა ინგლისი.

ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგს, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ისტორიაში პირველად ჩაუდგება სათავეში უელსი. უორენ გეტლენდის გუნდმა შესანიშნავად ისარგებლა ახალზელანდიელთა წაფორხილებით – უელსელები ოლ ბლექსის 10-წლიან ჰეგემონიას დააღვევენ! აქვე გეტყვით, რომ პირველი რეიტინგი 2003 წელს გამოქვეყნდა.

მსოფლიოს ბოლო ორი თასის ტრიუმფატორი ახალი ზელანდია წელსაც ტიტულის მთავარი პრეტენდენტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის წინ გუნდი ავსტრალიასთან შერცხვა. ახალზელანდიელები სწორედ იმ წაგების გამო კარგავენ პირველ ადგილს, თორემ გუშინ, საპასუხო შეხვედრაში იმავე ავსტრალიას 36:0 სძლიეს.

ლაშა გოდუაძე (2019 წლის 17 აგვისტო)

ka_GEGeorgian