იტალია 1:1 (პენ 3:2) ინგლისი

ეს გამარჯვება მთელ იტალიას ეძღვნება!
ფინალის შემდეგ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, რობერტო მანჩინიმ ბევრი საინტერესო რამ თქვა, მაგრამ მთავარი ეს მეჩვენა.
მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის შესარჩევში კრახის შემდეგ კალჩოს ქომაგები გულგატეხილები ვიყავით. როგორია? ფიფას ოქროს თასის ოთხგზის მომგები გუნდი ბედოვლათი მწვრთნელის გამო ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა, მაგრამ რაც იყო იყო, ჩავლილია ის ამბები და დღეს, 2021 წლის 12 ივლისს, ტიფოზები ვხარობთ – იტალია ევროპის ჩემპიონია!

რობერტო მანჩინის იტალია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა წუხანდელი ტრიუმფისკენ, ეტაპობრივად, თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და ძლიერდებოდა და ჰა, გამარჯვება ფეხბურთის სამშობლოში! უემბლიზე! ინგლისთან!

რთული და უამრავი წინააღმდეგობით სავსე გზის უკეთესი დასასრული ძნელი წარმოსადგენია. და მე თუ მკითხავთ ახლა ჩვენ, სკუადრა აძურას ქომაგებმა, ერთადერთი უნდა გავაკეთოთ – მომენტით დავტკბეთ.

საინტერესო ფაქტების ეს ჩამონათვალი კი ამაში, მგონი დაგვეხმარება.

მოკლედ: Carpe Diem!

1: იტალიამ მე6 დიდი ტიტული მოიგო. ამ მხრივ ევროპაში პირველი გერმანიაა, რომელმაც ასევე 4ჯერ აღმართა ფიფას ოქროს თასი, ევროპის ჩემპიონობა კი 3ჯერ იზეიმა.
მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალით იტალია ასევე მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, რომელმაც 14ჯერ ითამაშა ხსენებული ტურნირების გადამწყვეტ მატჩში.

2: იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 53 წლის შემდეგ მეორედ მოიგო. მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებში ასეთი ხანგრძლივი ინტერვალით სხვას არ გაუმარჯვია.

3: მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებზე სკუადრა აძურამ პირველად გაიტანა 13 გოლი. ასევე 13 გოლი გაიტანა ამ ევროზე ესპანეთმაც, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში კი ამაზე მეტი გოლი ერთ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა შეაგდო – 14, 1984 წელს.

4: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე იტალიამ 21ედ ითამაშა დამატებით დროში და ეს ევროპული გუნდების რეკორდია.

5: სკუადრა აძურამ ევროპის ჩემპიონატებზე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა პენალტების სერიაში (რეკორდია) და მეოთხედ გაიმარჯვა (ასევე რეკორდია, ესპანეთთან ერთად).
1980 წელს, იტალიაში გამართულ პირველ 8გუნდა ევროზე, მე3 ადგილისთვის შეხვედრაში, ენცო ბეარზოტის ნაკრები ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდა – 8:9.
2000 წელს ნახევარფინალში თანამასპინძელი ნიდერლანდები დაამარცხა – 3:1.
2008 წელს, მეოთხედფინალში, 2:4 წააგო მომავალ გამარჯვებულ ესპანეთთან.
2012 წელს მეოთხედფინალში აჯობა ინგლისს – 4:2.
2016 წელს ისევ მეოთხედფინალი და მარცხი გერმანიასთან – 5:6.
და ახლა, ჯერ ესპანეთთან ნახევარფინალში 4:2 და ახლა ფინალში – 3:2. იტალიამ პირველად მოიგო ზედიზედ ორი პენალტების სერია.

6: იტალია ევროპის პირველი ჩემპიონია, რომელმაც თასამდე სავალ გზაზე პენალტების ორი სერია მოიგო.

7: ფერუჩიო ვალკარეჯის შემდეგ რობერტო მანჩინი მეორე იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის თასი მოიგო.

8: მანჩინის იტალიის ნაკრებმა 16ჯერ ითამაშა ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის დაცვის ცენტრით და ყველა შემთხვევაში დაუმარცხებლად – 10 მოგება და 6 ფრე!

9: კიელინი და ბონუჩი პირველი იტალიელები არიან, რომლებმაც ევროპის ორი ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს – 2012 და 2020. ამავდროულად, იტალიელთაგან მხოლოდ ისინი ფლობენ ევროჩემპიონატის ორ მედალს – ოქროს (2020) და ვერცხლს (2012).

10: ჯაჩინტო ფაკეტის შემდეგ ჯორჯო კიელინი მეორე იტალიელი კაპიტანია, რომელმაც ანრი დელონეს სახელობის თასი ჩაიბარა.

11: 36 წლის 331 დღის კიელინი ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც ევროჩემპიონატის ფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ჯორჯომ ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი გააუმჯობესა – 2012 წელს, კიევში, ესპანეთთან გადამწყვეტ მატჩში ლეგენდარული მეკარე 34 წლის და 154 დღის გახლდათ.
ამავდროულად: კიელინიმ მეშვიდმეტედ ითამაშა ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იტალიელთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე მდგომ… ბუფონს გაუთანაბრდა.

12: ლეონარდო ბონუჩიმ ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეთვრამეტედ ითამაშა და იტალიის ნაკრების ახალი რეკორდი დაამყარა!

13: 34 წლის და 71 დღის ბონუჩი ევროპის ჩემპიონატების ფინალების ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა!
ტურინის იუვენტუსის მცველმა გერმანელი ბერნდ ჰოლცენბაინის (30-103) 1976 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

14: ჯანლუიჯი დონარუმა პირველი მეკარეა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა! ეს ჯილდო უეფამ 25 წლის წინ, ინგლისში გამართულ ტურნირზე დააწესა.

15: 22 წლის და 136 დღის ჯანლუიჯი დონარუმა მე3 ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. მასზე ახალგაზრდები მხოლოდ ესპანელი ხოსე ანხელ ირიბარი (1964) და არგენტინელი ხუან ბოტასო (1930) იყვნენ.

16: მილანის და ნაკრების შემადგენლობაში დონარუმამ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა პენალტების სერიაში და მეხუთედ გაიმარჯვა!

17: ჟორჟინიო გახდა მე5 იტალიელი, რომელმაც ერთ წელიწადს ითამაშა ჩემპიონთა ლიგის და დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალში.
ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა ორივე ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის 1994 წლის გამარჯვებულები, მილანელები პაოლო მალდინი, დემეტრიო ალბერტინი, რობერტო დონადონი და დანიელე მასარო კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ.

18: პორტუგალიის (2004) და საფრანგეთის (2016) შემდეგ ინგლისის ნაკრები მესამეა, რომელმაც ფინალი საკუთარ მოედანზე წააგო. თუმცა ოფიციალურად ეს ევროპის ჩემპიონატი ინგლისში კი არა, მთელ ევროპაში გაიმართა.
ბოლო მასპინძელი, რომელმაც თასი მოიგო, საფრანგეთის 1984 წლის ნაკრები იყო.

19: ინგლისმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში.
დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალში ინგლისი 55 წლის შემდეგ პირველად გავიდა (მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატი), რაც ევროპული გუნდებისთვის უდიდესი ინტერვალია.

20: ინგლისმა მეცხრედ მიიღო მონაწილეობა პენალტების სერიაში და მეშვიდედ დამარცხდა, მათ შორის მეორედ იტალიასთან (პირველად ევრო 2012ის მეოთხედფინალში).
ევროპულ გუნდებს შორის პენალტების სერიაში ინგლისელებზე ცუდად არავინ ასპარეზობს.

21: ლუკ შოუმ ევროპის ჩემპიონატების ფინალების ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – წუთსა და 57 წამში.
ამავდროულად: ეს იყო შოუს პირველი გოლი ინგლისის ნაკრების მაისურით.

22: და ბოლოს: რობერტო მანჩინის იტალიის ფანტასტიკური სერია გრძელდება –  გუნდი 34 თამაშია არ აგებს!
ზედიზედ 34 წაუგებელი მატჩი ნაკრებთა შორის ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდი 35მატჩიანი სერიაა, რომელიც ბრაზილიის (1993-96) და ესპანეთის (2007-09) ნაკრებ გუნდებს ეკუთვნით.
ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 12 ივლისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian