იტალია 2:1 ბელგია

ევროლაშქრობა გრძელდება: კიდევ ერთი მაგარი მატჩი, მორიგი გამარჯვება და 6 ივლისს ნახევარფინალი უემბლიზე, ესპანეთთან. რობერტო მანჩინის იტალია მშვენიერ თამაშს აგრძელებს და მე ეს ძალიანაც მახარებს. წინ თასისაკენ, სრული სვლით!
6ში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ამ იტალიისა მჯერა: კი, სპინაცოლა ძალიან შემეცოდა, ასეთი მატჩების შემდეგ გუშინდელ ტკივილს და ცრემლებს არ იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთია, ხდება ასეთი რამეები და იმედია ბიჭები 11ში ლეონარდოს თასს ჩაახუტებენ.
მე თუ მკითხავთ, იტალიას ავსტრიასთან უფრო გაუჭირდა. იმ წუწკ ლაციალეს, ჩირო იმობილეს, გუშინ 50ედ რომ ითამაშა ნაკრებში, ორჯერ პასი რომ გაეცა, ანგარიში უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
თუმცა რაც იყო – იყო და მოგება კიდე ყოველთვის ჩინებულია, როგორც ბრძენი კინა ლოკო იტყოდა.
და სანამ წუხანდელი თამაშის საინტერესო ამბებზე გადავალ, ერთსაც დავწერ: 6 ივლისის მატჩი იტალია-ესპანეთის წლევანდელი ორი ნახევარფინალიდან პირველი იქნება. ეს გუნდები ევროფინალის გარდა უეფას ერთა თასის მეორე გათამაშების ფინალისთვისაც ითამაშებენ, ოღონდ 6 ოქტომბერს, მილანში, სან სიროზე.

1: რობერტო მანჩინის იტალია ზედიზედ 32 თამაშია არ აგებს და სკუადრა აძურას ისტორიაში ახალი რეკორდი გრძელდება.
ზედიზედ 32 წაუგებელი მატჩი ნაკრებთა შორის ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდი 35მატჩიანი სერიაა, რომელიც ბრაზილიის (1993-96) და ესპანეთის (2007-09) ნაკრებ გუნდებს ეკუთვნით.

2: იტალიის ნაკრების ახალი რეკორდია ზედიზედ 13 მოგებაც.

3: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იტალიამ ზედიზედ 5 თამაში მოიგო და ყველა დროის რეკორდი გაიმეორა!
პირველად ასეთი რამ საფრანგეთმა შეძლო 1984 წელს. ნიდერლანდების ნაკრებმა 5 მატჩიანი მოგებათა სერია ევრო 88ის და ევრო 92ის ფინალურ ეტაპებზე გააერთიანა, ხოლო ჩეხეთმა 2000 და 2004 წლებში.

4: ევროპის ჩემპიონატის ეგიდით სკუადრა აძურამ ზედიზედ მე15 მატჩი მოიგო და ეს ტურნირის ახალი რეკორდია. რობერტო მანჩინის იტალიამ ევრო 2020ის საკვალიფიკაციო ჯგუფი 10დან 10 მოგებით დახურა.

5: ლორენცო ინსინიემ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრების 50ე გოლი გაიტანა.

6: ინსინიეს ეფექტური გოლი რობერტო მანჩინის გაწვრთნილი იტალიის ნაკრებისთვის 90ე გამოდგა (37 თამაშში).
სკუადრა აძურამ ამაზე მეტი ბურთი მხოლოდ ვიტორიო პოცოს (223 – 95 მატჩში), ენცო ბეარზოტის (115 – 104 მატჩში) და ფერუჩიო ვალკარეჯის (96 – 58 მატჩში) ხელში გაიტანა.

7: ამ ევროზე იტალიამ უკვე 11 გოლი შეაგდო. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სკუადრა აძურამ პირველად გაიტანა 10 და მეტი ბურთი.
დიდ ტურნირზე 10 ან მეტი გოლი იტალიის ნაკრებმა ბოლოს 2006 წელს შეაგდო – 12, და მაშინ მარჩელო ლიპის გუნდმა ფიფას ოქროს თასი აღმართა.

8: ჯორჯო კიელინიმ 110ედ ითამაშა ნაკრებში. ის მერვეა, რომელმაც ამდენჯერ მოირგო ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური.
კიელინიზე წინ მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი (176), ფაბიო კანავარო (136), პაოლო მალდინი (126), დანიელე დე როსი (117), ანდრეა პირლო (116) და დინო ძოფი (112) დგანან.

9: ლეონარდო ბონუჩიმ გუშინ 107ედ ითამაშა ნაკრებში და აქედან მეასედ ძირითად შემადგენლობაში.
107 სანაკრებო კეპით ბონუჩი მხოლოდ 7 ფეხბურთელს ჩამორჩება.

10: მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებზე იტალია მეხუთედ დაუპირისპირდა ბელგიას, თუმცა პირველად ფლეი-ოფში. ყველა წინა მატჩი ჯგუფური ეტაპისა იყო.
სკუადრა აძურა ბელგიასთან დაუმარცხებელია – 4 გამარჯვება და ფრე.

ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივლისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian