იტალია 3:0 შვეიცარია

რობერტო მანჩინის სკუადრა აძურას ძლევამოსილი სვლა გრძელდება და ეს ძალიანაც მახარებს!
და აქვე, ცხელ გულზე, მორიგი სახელდახელო იტალიური ამბები:

1: იტალია ევრო 2020ის პირველი მერვედფინალისტია!

2: იტალიამ ევროზე ორი სასტარტო მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და გახდა მხოლოდ მეორე გუნდი ტურნირის ისტორიაში, ვინც ასეთი რამ შეძლო.
პირველი მარკო ვან ბასტენის ნიდერლანდებია, რომელმაც 2008 წელს ჯერ იმხანად მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას აჯობა 3:0, შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ფრანგებს – 4:1.

3: ნაკრების წაუგებელი სერია გრძელდება და ის უკვე 29 მატჩს ითვლის!

4: ბოლო 10 თამაში იტალიამ გოლის გაუშვებლად მოიგო, მათ შორის ბოლო 4 დიდი ანგარიშით! და ამ ათმატჩიან სერიაში მანჩინის გუნდმა 31 გოლი გაიტანა!

5: მანუელ ლოკატელი მხოლოდ მესამე იტალიელია, რომელმაც ევროჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
1996 წელს, რუსეთთან, პიერლუიჯი კაზირაგიმ გაიტანა ორი გოლი, 2012ში გერმანიასთან – მარიო ბალოტელიმ.

6: ლოკატელი 23 წლის (159 დღის) გახლავთ და ჯერჯერობით ევრო 2020ის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა

7: იტალიის ნაკრების ისტორიაში ლოკატელი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე დუბლი შეასრულა.
პირველი ჯაკომო ბულგარელი გახლდათ (1962 წელს, შვეიცარიასთან), მეორე ბალოტელი (2012, გერმანია).

8: კრისტიან ვიერის შემდეგ (კორეა-იაპონია 2002) ჩირო იმობილე იტალიის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დიდი საფეხბურთო ტურნირის საწყის ორ მატჩში გაიტანა გოლი.

9: მინდვრის მოთამაშეებიდან ევროპის ჩემპიონატებზე ჯორჯო კიელინიმ მეთოთხმეტედ ითამაშა და ეს სკუადრა აძურას ახალი რეკორდია.
თუ ჯორჯომ 20ში უელსთან ვერ ითამაშა, ბონუჩი კიდე მანჩინის რჩეულთა შორის მოხვდა, ლეო ამ რეკორდის თანამფლობელი გახდება.

ფორცა იტალია!

P.S. და ვინც თავის დროზე იტალიის ნაკრები ვენტურას ანდო, იმან იცხოვროს მარადიულად კომენდანტის საათის პირობებში, ჯანდაბას – მხოლოდ პირველი აპრილიდან პირველ დეკემბრამდე.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 17 ივნისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian