იტალია, მესხი და კვარა

რამდენიმე საათში ნეაპოლი საფეხბურთო კლასიკებიდან ერთ-ერთს, იტალია-ინგლისის მორიგ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ეს მათი 31-ე ჯახია.
ევროპის ჩემპიონი იტალიის და ვიცე-ჩემპიონის ინგლისის გზები არაერთხელ გადაკვეთილა მსოფლიოს და ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ამხანაგურ შეხვედრებსა თუ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ეგიდით. ისინი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციოშიც შეხვედრიან და უეფას ერთა ლიგაზეც, მაგრამ ევროშესარჩევში პირველად დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.
საინტერესო ფაქტია, ამაზე უცნაური კი ისაა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი პირველად ითამაშებენ ევროსაკვალიფიკაციოს ერთ ჯგუფში.

ეს დღეებია იტალიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისზე საუბრობს. ალენატორე სხვებთან ერთად ოცდასამი წლის არგენტინელ ახალწვეულს მატეო რეტეგისაც აქებს და ამბობს, რომ ბიჭი გაბრიელ ბატისტუტას აგონებს. რეტეგი ბოკა ხუნიორსის საკუთრებაა, თუმცა ტიგრეშია განათხოვრებული და წელს უკვე ექვსი გოლიც გაიტანა.

მანჩინის არც ჯანლუკა ვიალი ავიწყდება. მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი 6 იანვარს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც რობერტომ სკუადრა ჩაიბარა, ვიალი დელეგაციის ხელმძღვანელად მიიწვია. ორი წლის წინ, უემბლიზე, მათ ერთად აღმართეს ევროპის ჩემპიონის მოვერცხლილი თასი, ტრიუმფიდან წელიწადნახევარში კი რობერტო ლუკას გასვენებაში მივიდა. ნეაპოლში ინგლისთან მატჩი პირველია ვიალის გარეშე და მანჩინი ითხოვს, რომ ბიჭებმა კარგი თამაშით მიაგონ პატივი მის ხსოვნას.

2012 წლის აგვისტოში, შვეიცარიაში 2:1 მოგებული ამხანაგურის შემდეგ ინგლისი იტალიას ვეღარ უგებს. მას შემდეგ გამართული ექვსი მატჩიდან ოთხი ფრედ დასრულდა, ორი კი სკუადრა აძურამ მოიგო, მათ შორის ბოლო, ოცდამეათე დაპირისპირება შარშან, სექტემბერში რომ გაიმართა მილანში, ერთა ლიგის ეგიდით.

იმ შეხვედრაში გამარჯვების გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო, ხვიჩა კვარაცხელიას თანაკლუბელმა. ნაპოლის ფორვარდს ტრავმა აწუხებს და ამიტომ ვერ მოხვდა მანჩინის სიაში, თუმცა მწვრთნელმა სამი ნეაპოლელი მაინც იხმო: მეკარე ალექს მერეტი, მარჯვენა მცველი, ნეაპოლელთა გუნდისთავი ჯოვანი დი ლორენცო და თავდამსხმელი მატეო პოლიტანო. იტალიელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ამ სამეულიდან ინგლისის წინააღმდეგ ძირითადში მხოლოდ დი ლორენცო ითამაშებს. მერეტი და პოლიტანო კი მწვრთნელმა, შესაძლოა, მომდევნო შესარჩევში მოსინჯოს, მალტის წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი კარგი და რა შუაშია ფოტოები, რომელიც ამ ტექსტს დავურთე? ავხსნი. ეს მშვენიერი ინგლისური ჟურნალი, 1966 წლის თებერვალში რომ გამოიცა და იმ წლის მსოფლიო პირველობას ეძღვნება, ორიოდ საათის წინ მისახსოვრა მეგობარმა.

Football Monthly-ის ამ ნომრის ნახევარზე მეტი ინგლისი 1966-ის მონაწილე გუნდებს ეძღვნება და მათ შორის საბჭოთა კავშირის ნაკრებსაც, რომელიც გამოცემაში რუსეთადაა მოხსენიებული.

ჟურნალისტი ხუთ ფეხბურთელს გამოარჩევს: ვეტერანს, ოცდაჩვიდმეტი წლის მეკარე ლევ იაშინს, ოცი წლის ანატოლი ბანიშევსკის, გუნდის ლიდერს ვალერი ვორონინს და თბილისის დინამოს გარემარბებს, ოცდაათი წლის სლავა მეტრეველსა და მასზე ერთი წლით უმცროს მიხეილ მესხს.

ქართველების შესახებ ასეთი რამ წერია: „რუსებს ძალიან გამოცდილი გარემარბები ჰყავთ, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, რომლებსაც მეტოქე მცველებისთვის ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ“.

იმ საბჭოთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა მეტრეველი კი წაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მესხი არ იახლა. ბევრისგან მსმენია, რომ მოროზოვმა ქართველი უბრალოდ დაჩაგრა, თუმცა ეს ვერსიაც მომისმენია: რომ მწვრთნელს ყელში ამოუვიდა მესხის უხასიათობა და ამიტომ დატოვა გუნდს მიღმა. ეს ამბავი გიორგი სიჭინავასგან ვიცი, რომელმაც 1966 წლის გაზაფხულის ამბები დაახლოებით ოცი წლის წინ გვიამბო, სპორტის დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დროს…

მტკვრისპირელ გარინჩად წოდებულმა მესხმა ერთხელ მაინც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, 1962 წელს ჩილეში, აი ჯორჯ ბესტს კი ამ ამბავში ძალიან არ გაუმართლა.

ლეგენდარული ჩრდილოირლანდიელი იტალიელი საფეხბურთო აგენტის ოსკარ დამიანის დღევანდელმა ინტერვიუმ გამახსენა. იუვენტუსის და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, დღეს პიერ-ემერიკ ობამეიანგის და სხვათა მენეჯერმა თქვა, რომ კვარაცხელია სწორედ ბესტს აგონებს:

„ჯორჯ ბესტი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და დიდებული კვალიც დატოვა… ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაგონებს მას, თუმცა მგონი, კვარა ფიზიკურად უფრო ძლიერია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მან ნიჭი და შესაძლებლობები ბესტივით არ გაფლანგოს. ასეთ შემთხვევაში კვარა ბესტზე მეტს მიაღწევს“…

ნეაპოლით დავიწყე და ნეაპოლელით დავასრულე. ამ სეზონში ამ ქალაქის გარეშე არ გამოდის და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიანაც კარგი.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 23 მარტი
ფოტო:
Football Monthly

ka_GEGeorgian