იტალიამ ანდრეა პირლო აირჩია

იტალიის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის ლიდერი ანდრეა პირლო სერია ა-ს 2012 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გამოკითხვაში, რომელიც იტალიელ მოთამაშეთა ასოციაციის (ACI) მიერ იყო ორგანიზებული, 600-მდე ფეხბურთელი, მსოფლიოს 1982 და 2006 წლების ჩემპიონატების გამარჯვებულები და საფეხბურთო ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

„ნაკრებშიც და კლუბშიც წარმატებული წელი მქონდა: იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოვიგე, სკუადრა აძურას მაისურით კი ევრო 2012-ის ფინალში ვითამაშე. იმედია ეს სეზონიც წარმატებული იქნება: გვსურს კიდევ ერთხელ მოვიგოთ სკუდეტო და ამასთანავე, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში,“ – განაცხადა 33 წლის ვარსკვლავმა.

ანდრეა პირლო იუვენტუსის მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ACI-ს გამოკითხვაში იმარჯვა. 2001 წელს საუკეთესოდ ზინედინ ზიდანი აღიარეს, 2002 წელს – დავიდ ტრეზეგე, 2003 წელს პაველ ნედვედი (ფრანჩესკო ტოტისთან ერთად), 2006 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო კანავარო. გარდა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისა, პირლომ ჩემპიონატის საუკეთესო იტალიელი მოთამაშის ნომინაციაშიც იმარჯვა.

პირლოს გარდა პრიზები იუვენტუსის კიდევ სამმა წევრმა მიიღო: წლის მწვრთნელად ანტონიო კონტე დაასახელეს (პირველად), საუკეთესო მეკარედ ჯანლუჯი ბუფონი (მერვედ), საუკეთესო მცველად კი ანდრეა ბარძალი (პირველად).

სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ორმა ფეხბურთელმა გაიყო: მილანის და იტალიის ნაკრების ფორვარდმა სტეფან ელ შაარავიმ და უდინეზეს კოლუმბიელმა ლეგიონერმა ლუის მურიელმა.

სერია ა-ს 2012 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე – ჯანლუჯი ბუფონი (იუვენტუსი)
მცველები – კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ტიაგუ სილვა (მილანი; ბრაზილია), ფედერიკო ბალძარეტი (რომა)
ნახევარმცველები – ანდრეა პირლო (იუვენტუსი), ანტონიო ნოჩერინო (მილანი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)
თავდამსხმელები – ედინსონ კავანი (ნაპოლი; ურუგვაი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი; შვედეთი)

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი (ACI)
2012 – ანდრეა პირლო (ტურინის იუვენტუსი)
2011 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი; შვედეთი)
2010 – დიეგო მილიტო (მილანის ინტერი; არგენტინა)
2009 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანის ინტერი; შვედეთი)
2008 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანის ინტერი; შვედეთი)
2007 – კაკა (მილანი; ბრაზილია)
2006 – ფაბიო კანავარო (ტურინის იუვენტუსი)
2005 – ალბერტო ჯილარდინო (პარმა)
2004 – კაკა (მილანი; ბრაზილია)
2003 – პაველ ნედვედი (ტურინის იუვენტუსი; ჩეხეთი) და ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2002 – დავიდ ტრეზეგე (ტურინის იუვენტუსი; საფრანგეთი)
2001 – ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი; საფრანგეთი)
2000 – ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1999 – კრისტიან ვიერი (რომის ლაციო)
1998 – რონალდო (მილანის ინტერი; ბრაზილია)
1997 – რობერტო მანჩინი (გენუის სამპდორია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2013 წლის 29 იანვარი)

ka_GEGeorgian