იტალიის უგვირგვინო მეფე

იუვენტუსი რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი და პოპულარული კლუბია, ფერარი რომ დღესაც იტალიის სიამაყეა და იტალია კი საოცნებო ქვეყანაა, ეს ამ კაცის დიდი დამსახურება გახლავთ – ჯანი ანიელი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, იტალიის უგვირგვინო მეფე.

ის 101 წლის წინ, 1921 წლის 12 მარტს დაიბადა ტურინში, ედოარდო ანიელის და სამეფო ოჯახის წევრის, პრინცესა ვირჯინია ბურბონ დელ მონტეს ოჯახში.

14 წლის იყო, როცა მამამისი, ფიატის მმართველი ედოარდო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბაბუამ, ფიატის დამაარსებელმა ჯოვანი ანიელიმ 14 წლის შვილიშვილი საფეხბურთო კლუბის, იუვენტუსის დირექტორთა საბჭოში შეიყვანა. ანიელებმა შავ-თეთრები თორმეტი წლით ადრე შეიძინეს…

1945 წელს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 24 წლის ჯანი ოჯახის სათავეში დადგა და გარდაცვალებამდე, 2003 წლამდე ნომერ პირველი ანიელი იყო. „ადვოკატი“ (ავოკატო) ჯანის ჯერ კიდევ ტურინის უნივერსიტეტში სწავლისას შეარქვეს, შემდეგ კი ძალიან ხშირად მიმართავდნენ ამ საპატიო მეტსახელით.

26 წლისა იუვენტუსის პრეზიდენტი, ექვსი წლის შემდეგ ფიატის მმართველი დირექტორი, კიდევ სამ წელიწადში კი ფიატის პრეზიდენტი გახდა.

მისი მმართველობის პერიოდში ფიატი ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელი შეიქნა, რომელმაც სხვა კონტინენტებზეც გახსნა ქარხნები და უცხოური ავტოგიგანტების აქციათა საკონტროლო პაკეტების შეძენაც მოახერხა, მერე და მერე კი ფერარი, ალფა რომეო და ლანჩა შეიფარა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ეკონომიკა რომ ფეხზე დადგა, ეს ჯანი ანიელის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების დამსახურებაც იყო. მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ, ციფრებს მოვიშველიებ – ანიელების კომპანიები იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 4,4% აწარმოებდა, ფიატსა და სხვა საწარმოებში კი ქვეყნის საერთო მუშახელის 3,1% იყო დასაქმებული!

საოჯახო იმპერიის მწვერვალზე მდგომი ახალგაზრდა, ენერგიული და ძალიან მდიდარი იტალიელი მოდის კანონმდებლადაც იქცა: ზღაპრული ვილები იტალიასა და საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ძვირფასი იახტები და ვერტმფრენები და რა თქმა უნდა სასიყვარულო თავგადასავლები პოპულარულ ქალბატონებთან: რიტა ჰეიუორტი, ანიტა ეკბერგი, დანიელ დარიო, უინსტონ ჩერჩილის რძალი პამელა დიგბი, ჯონ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი…

მსახიობების, მომღერლების და კიდევ ბევრი მშვენიერი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ქალბატონის გარემოცვაში ყველაზე მდიდარ და პოპულარულ იტალიელს ხშირად ხედავდნენ ზღვისპირა თუ სამთო კურორტებზე. ერთხელ თქვა: „მამაკაცების უმრავლესობას ქალებზე ლაპარაკი უყვარს, მე კი მათთან საუბარს ვამჯობინებ. ეს გაცილებით სასიამოვნოა“.

მიუხედავად იმისა, რომ 1954 წლის შემდეგ იუვენტუსის სათავეში აღარ გამოჩენილა, ყველამ იცოდა – ვეკია სენიორა ადვოკატის მთავარი გატაცება და საზრუნავი იყო, საყვარელ კლუბს მხოლოდ ერთგულ ხალხს ანდობდა. ასეთთა შორის იყო ლეგენდარული იუვენტუსელი ჯამპიერო ბონიპერტი, ვინც 1971 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, 19 წლის მანძილზე მართავდა იუვეს და რომელსაც ჯანი ყოველ საღამოს, ზუსტად ექვს საათზე ურეკავდა და გუნდის ამბებს პირადად მისგან იგებდა.

ბონიპერტის პრეზიდენტობის წლებში იუვენტუსი გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ყველა საერთაშორისო ტიტული მოიგო – ჩემპიონთა, თასების მფლობელთა, უეფას, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები, ამას გარდა კი ბევრი სკუდეტო და კოპა იტალია…

სწორედ ჯანი ანიელი იდგა ბევრი ხმაურიანი ტრანსფერის უკან, ენრიკე ომარ სივორით და ჯონ ჩარლზით დაწყებული, მიშელ პლატინით და რობერტო ბაჯოთი დასრულებული. მის მიერ გადაბირებულმა სუპერვარსკვლავებმა მხოლოდ იუვე კი არა, ზოგადად იტალიის ჩემპიონატი აქციეს საუკეთესო ლიგად.

„კაცს ერთის გარდა ყველაფრის უფლება აქვს, ოჯახს არ უნდა უღალატოს“! – ესეც მისი სიტყვებია.

2002 წლის მიწურულს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 81 წლის ჯანიმ ანიელების იმპერიის მემკვიდრედ შვილიშვილი, ჯონ ელკანი დაასახელა. ექსორს, სტელანტისს და ფერარის, რომლებიც თავის მხრივ ფიატს, იუვენტუსს და კიდევ ათობით კომპანიას აერთიანებენ, სწორედ ის ხელმძღვანელობს, მარგერიტა ანიელის ვაჟი.

2010 წლიდან კი იუვეს სათავეში მეოთხე ანიელი დგას, ჯონ ელკანის ბიძა და ჯანის ძმის, უმბერტოს ვაჟი ანდრეა.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 მარტი)

ka_GEGeorgian