იტალიური ავტოსპორტის იუბილე მილანში აღინიშნება

იტალიური ავტოსპორტი ორი დიდი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ემზადება: 90 წელი უსრულდება ლეგენდარულ ავტოკონცერნ ფერარის და ასევე 90 წლის იუბილეს აღნიშნავს იტალიის დიდი პრიზი.

ACI – იტალიის საავტომობილო კლუბი ამ 2 მნიშვნელოვან თარიღს 4 სექტემბერს მილანში დაგეგმილი დიდი გამოფენებით ეხმაურება. ცნობილია, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე – პიაცა დუომოზე სხვადასხვა ეპოქის სპორტული ავტომობილები გამოიფინება, მათ შორის ალფა რომეო 8C, რომლითაც ტაძიო ნუვოლარიმ პირველი დიდი პრიზი მოუტანა ენცო ფერარის გუნდს. იქვე იქნება აუტო ავიო კონსტრუციონი, ენცო ფერარის მიერ დამოუკიდებლად აწყობილი მანქანა, რომელიც მან 1940 წელს, ალფა რომეოსთან თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ ააგო.

ამ 2 მოდელის გარდა ავტოსპორტის მოყვარულები მილანის მთავარ მოედანზე ნიკი ლაუდას, ჟილ ვილნევის და მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდებს იხილავენ, ისევე როგორც ფერარი 488 GTE-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო.

იტალიის საავტომობილო კლუბის ღონისძიებაში ფერარის ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის მიკ შუმახერი, კალუმ ელიოტი, ჯულიანო ალეზი, რობერტ შვარცმანი და მარკუს არმსტრონგი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 აგვისტო)

ka_GEGeorgian