ივ-სენ ლორენი, კარლა და ფეხბურთი

ოცდახუთი დღეც და ფიფას ოქროს თასის XXII გათამაშება დაიწყება, მე კი ამ პატარა ჩანახატში მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე ლამაზ დახურვის ცერემონიალს გავიხსენებ.

ჩემთვის ასეთი 1998 წლის 12 ივლისის შოუა, რომელსაც სენ-დენის სტად დე ფრანსმა უმასპინძლა. საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალის წინ ივ-სენ ლორენის სამოდელო სახლმა, მშვენიერი გოგონების დახმარებით, სამასი კაბა გამოფინა თეთრ-ცისფერი ხალიჩით დაფარულ მწვანე მინდორზე.

თხუთმეტწუთიან წარმოდგენაზე ცხრაასკაციანი გუნდი მუშაობდა დიზაინერის კომპანიონის და პარტნიორის პიერ ბერჟეს ხელმძღვანელობით და ის მაღალი მოდიდან ივ-სენ ლორენის ერთგვარ გაცილებად იქცა.

ცნობილია, რომ სანახაობა პირდაპირ ეთერში იხილა 1,7 მილიარდმა ადამიანმა და მათ შორის ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცებიც, რომლებმაც საფრანგეთი-ბრაზილიის ის ფინალი ვაკის პარკის ღია კინოთეატრის უშველებელ ეკრანზე ვნახეთ ფეხბურთზე ჩვენსავით შეყვარებულ კიდევ ათობით თბილისელთან ერთად.

ლორენი ათი წლის შემდეგ, 2008 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა და პანაშვიდს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც დაესწრო პირველ ლედისთან, ყოფილ მოდელთან, იტალიელ კარლა ბრუნისთან ერთად. ტურინში დაბადებული კარლა 1998 წლის 12 ივლისის შოუს ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ.

2010 წლის ივნისის დასაწყისში ნიკოლა სარკოზიმ და კარლა ბრუნიმ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პირველ ლედის სანდრა რულოვს უმასპინძლეს, თუმცა როგორც ბრძენი კინალოკო იტყოდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 ოქტომბერი)
ფოტო: Reuters

ka_GEGeorgian