ჯაბა კანკავა რეკორდსმენია

ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია: გუშინ, 8 სექტემბერს, ჩრდილომაკედონიასთან უეფას ერთა ლიგის II ტურის მატჩში 51ედ უკაპიტნა გუნდს და კახა კალაძის მიღწევა გააუმჯობესა.

1:1 დასრულებულ შეხვედრაში კანკავა, ტრადიციულად შეუცვლელი იყო, მოედნის შუაგულში თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და არაერთხელ ჩაჭრა სტუმართა შეტევა.

კაპიტნის სამკლაური ჯაბამ პირველად 2012 წლის 15 აგვისტოს მოირგო ლუქსემბურგთან 2:1 მოგებულ ამხანაგურში. იმ დღეს მან 35ედ ითამაშა ნაკრებში, გუშინ კი 88ედ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური. და ამ შედეგით – 88 კეპი – კანკავა ნაკრების ისტორიაში მე3 ადგილზეა, მხოლოდ ლევან კობიაშვილს (100 მატჩი) და ზურაბ ხიზანიშვილს (92) ჩამორჩება.

ხოლო ის, რომ ჯაბა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდისთავია – მისი კაპიტნობით ჯვაროსნებმა 21 შეხვედრა მოიგეს, რამდენიმე დღის წინ გამცნეთ.

მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გამართავს: 8ში ბელარუსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2021ს მიუახლოვდება, 11 და 14 ოქტომბერს კი მიმდინარე ერთა ლიგის III და IV ტურის მატჩებში ჯერ სომხეთს ესტუმრება, შემდეგ ჩრდილომაკედონიას.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნები – ტოპ 5
51 – ჯაბა კანკავა (2004 წლიდან; 88 მატჩი ნაკრებში)
50 – კახა კალაძე (1996-2011; 83)
42 – გიორგი ნემსაძე (1992-2004; 69)
21 – კახა ცხადაძე (1990-1998; 25)
16 – ლევან კობიაშვილი (1996-2011; 100)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian