ჯაბა კანკავას 50 და 21

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წელს პირველად ითამაშა და გაიმარჯვა – 1:0 ტალინში და 3 ქულით დაწყებული უეფას ერთა ლიგა!

გუშინდელი მოგება გასახარია და არაერთი საინტერესო ფაქტიც დაიტია. თუნდაც ის, რომ ნაკრებმა მეშვიდედ ითამაშა ამ ტურნირის ეგიდით, კვლავ დაუმარცხებელია და 7დან მე6 გამარჯვება იზეიმა; მე4 ცდიდან საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიგო ტალინში…

ესტონეთში გამარჯვებით ჩვენი გუნდის სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც თავისებური რეკორდი დაამყარა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას მიღწევა: მან 50ედ გაიყვანა გუნდი მინდორზე და ამ შედეგით კახა კალაძის რეკორდი გაიმეორა.

ჯაბა ქვეყნის პირველ გუნდში 16 წლის წინ, 2004 წლის 8 სექტემბერს გამოჩნდა – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, თბილისში ალბანეთთან 2:0 მოგებულ მატჩში მალხაზ ასათიანი შეცვალა.

2005 წლიდან ის ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2012 წლის 15 აგვისტოს კი, დიფერდანჟში გამართულ თავის 35ე სანაკრებო მატჩში ლუქსემბურგის წინააღმდეგ, პირველად უკაპიტნა გუნდს. ის ამხანაგური ქართველებმა 2:1 მოიგეს.

მას შემდეგ კანკავამ კიდევ 52ჯერ ითამაშა ნაკრებში და მხოლოდ 3ჯერ არ იყო კაპიტანი, ისიც იმიტომ, რომ შეცვლაზე შევიდა.

კალაძე-კანკავას მიღწევებს თუ უფრო ჩავუკირკიტდებით, ასეთ სურათს დავინახავთ: კახა 83 მატჩში 50ჯერ იყო კაპიტანი, ჯაბამ კი იგივე ნიშნულს 87ე შეხვედრაში უწია.

ერთი შეხედვით კალაძის მაჩვენებელი უკეთესია, მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი, როგორც ნაკრების კაპიტანი, ახლოსაც ვერ მივა კანკავას ამ მიღწევასთან: გუშინ ჯაბამ გუნდისთავის რანგში 21ე მატჩი მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია!

შედარებისთვის: კალაძე-კაპიტანმა მხოლოდ 9ჯერ გაიმარჯვა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია.

და ბარემ იმასაც დავწერ, რომ როგორც კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს უფრო მეტი თამაში მოუგია, ვიდრე კალაძეს – 12. ცნობისათვის: გიორგიმ 42ჯერ ითამაშა სამკლაურით.

8 სექტემბერს ქართველები ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კანკავა გუნდის ისტორიაში ყველაზე ნაცადი კაპიტანი სწორედ ამ მატჩში გახდება.

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 6 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian