ჯაბა კანკავას 90

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან ფრედ 2:2 ითამაშა და 3 ტურის შემდეგ C დივიზიონის II ჯგუფში 5 ქულით II ადგილზეა – ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებს მხოლოდ ნაკლები გატანილი ბურთით ჩამორჩება.

სომხეთის წინააღმდეგ კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 90ედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და გახდა მხოლოდ მე3, რომელმაც ამ ნიშნულს უწია!

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ცენტურიონი ლევან კობიაშვილია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 1996-2011 წლებში ზუსტად 100ჯერ ითამაშა ნაკრებში და უეფასგან სპეციალური სამახსოვრო კეპიც დაიმსახურა.

მეორე ადგილზე ზურაბ ხიზანიშვილია. 1999-2015 წლებში მან 92ჯერ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური.

სომხეთთან გაფრთხილების გამო კანკავა 14 ოქტომბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, ნოემბერში დაგეგმილ 3 საერთაშორისო მატჩში, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთის და ესტონეთის წინააღმდეგ, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში იქნება და სავარაუდოდ, ხიზანიშვილის მიღწევასაც შეუტევს.

ჯაბა კანკავა ქვეყნის პირველ გუნდში 16 წლის წინ, 2004 წლის 8 სექტემბერს გამოჩნდა – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, თბილისში ალბანეთთან 2:0 მოგებულ მატჩში მალხაზ ასათიანი შეცვალა.

2005 წლიდან ის ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2012 წლის 15 აგვისტოს კი, დიფერდანჟში გამართულ თავის 35ე სანაკრებო მატჩში ლუქსემბურგის წინააღმდეგ, პირველად უკაპიტნა გუნდს. ის ამხანაგური ქართველებმა 2:1 მოიგეს.

მას შემდეგ კანკავამ კიდევ 55ჯერ ითამაშა ნაკრებში და მხოლოდ 3ჯერ არ იყო კაპიტანი, ისიც იმიტომ, რომ შეცვლაზე შევიდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კაპიტნის რანგში ჩატარებული 53 თამაშით ჯაბა კანკავა ნაკრების ისტორიაში პირველია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნები – ტოპ 5
53 – ჯაბა კანკავა (2004 წლიდან; 90 მატჩი ნაკრებში)
50 – კახა კალაძე (1996-2011; 83)
42 – გიორგი ნემსაძე (1992-2004; 69)
21 – კახა ცხადაძე (1990-1998; 25)
16 – ლევან კობიაშვილი (1996-2011; 100)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian