ჯაბარის ჯილდოები აუქციონზე

ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარი კარიერის განმავლობაში მოგებულ თუ მიღებულ პრიზებს ონლაინ-აუქციონზე გაყიდის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს არ განუმარტავს.

ჯაბარმა ზუსტად 100 ნივთი გამოფინა: თასები, მაისურები და შორტები, დიპლომები, მაჯის საათები, ბურთები, სპორტული ჩანთები… უმეტესობა კოლეჯის დროს მოგებული ჯილდოებია და მათი ფასი 200-დან რამდენიმე ათეულ ათას დოლარამდე მერყეობს.

ყველაზე ძვირფასი 3 ნივთია: ბურთი, რომლითაც მან უკანასკნელი, 38 387-ე ქულა ჩააგდო და კარიერა დაასრულა; 1985 წელს ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში მოგებული საჩემპიონო ბეჭედი – იმ სეზონში ის ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა და 1975-76 წლების სეზონში მოგებული რეგულარულის MVP-ის პრიზი.

ჯაბარმა ბურთი 35 ათასად შეაფასა და უცნობი კოლექციონერი მასში 75 ათასს იხდის; საჩემპიონო ბეჭდის ფასი 85 ათასი დოლარია, MVP-ის ჯილდო კი 44 ათასადაა შეფასებული.

კარიერის განმავლობაში მოგებული თასებისა და პრიზების გასხვისება ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ვეტერანი მოთამაშებისგან დროდადრო ყიდულობს სხვადასხვა ჯილდოებს და მანჩესტერში, საფეხბურთო მუზეუმში განთავსებულ კოლექციას ამდიდრებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 თებერვალი)

ka_GEGeorgian