ჯადოსნური ღამეები

ნოტი მაჯიკე…
11 ივლისი – მსოფლიოს ჩემპიონობა 1982 წელს…
11 ივლისი – ევროპის ჩემპიონობა 2021 წელს…
მოდი ჯადოსნურ ღამეებზე დავწერ, რადგან გუშინდელი თავგადასავალი ჩემთვის, იტალიის ნაკრების გულშემატკივრისთვის, სწორედ რომ ჯადოსნური იყო.
თქვენ არ იცით და ვერც წარმოიდგენთ რა ხდებოდა ზემო ვაკეში, ერთი კოხტა სახლის ეზოში ამ ერთი თვის განმავლობაში.

გუშინდელი ჯადოსნური ამბავი იმ ყველაფრის გვირგვინი იყო, რაც განვლილ დღეებში ჩვენ, იტალიის ქართველმა გულშემატკივრებმა ერთად გავიარეთ და განვიცადეთ: ნერვების წყვეტა, ბეწვის ხიდზე სიარული, ჩახუტება, ხმის ჩახლეჩამდე ღრიალი, უთვალავი დაცლილი კათხა, სიყვარული, სიხარული და ბოლოს, ჯიჯოს იმ ნახტომის შემდეგ – გულიდან ამოხეთქილი ბედნიერება!

ფორცააააააა იტალიაააააააა!!!

ფორცა იტალია ყველგან და ყოველთვის, რადგან ბავშვობის სიყვარული ყველაზე წრფელი და მძაფრია!

ფეხბურთი თუ არ გიყვართ, ამ სიტყვებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხოლო თუ თქვენც ჩვენნაირი გადარეული ტიფოზი ბრძანდებით, ყველაფერს ადვილად მიხვდებით.

ჯადოსნური ღამის ამბავი კარგად იციან ჩემი თაობის ბრაზილიის, გერმანიის, არგენტინის, საფრანგეთის, ესპანეთის და რა ვიცი კიდევ რა გუნდების ქომაგებმა, თვით პორტუგალიელებმა, დანიელებმა და ბერძნებმაც კი, მაგრამ ინგლისის ფანებთან ბოდიში – როგორც ჩანს, მათ კიდევ მოუწევთ ლოდინი. და ამას ნიშნის მოგებით სულაც არ ვწერ – გუნდს, რომელსაც მკერდზე სამი ლომი გამოუსახავს, არ ეკადრება ასეთი მშიშარა მწვრთნელი.

სანამ მხოლოდ დაცვაზე იზრუნებ, სანამ შემოქმედ ფეხბურთელებს სათადარიგოთა შორის დაამწნილებ და ყველაზე საოცარი – გადამწყვეტ მომენტში ბურთთან პატარა ბიჭებს მიუშვებ, მანამდე ბოდიში: ფეხბურთი სახლში არ დაბრუნდება და თასიც სხვაგან გამოიფინება, მაგალითად დღეს, მარადიულ რომში.

იტალიის ნაკრებსა და იუვენტუსზე ჩემნაირად გადარეულებთან ერთად იმ დალოცვილ ეზოში პირველად ჩელსის და მანჩესტერ სიტის ლისაბონურ ფინალზე შევიკრიბეთ. და მაშინ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მოდი ევროზეც ერთად შევუბეროთ.

გახსნის მატჩს, ზუსტად ერთი თვის წინ რომის ოლიმპიკოზე თურქეთთან, ყველანი ჩვენ სახლებში ჩავუჯექით, მაგრამ მერე და მერე დაიწყო იტალიამ, ჩვენც ისევ გავერთიანდით და აგერ, რამდენიმე საათის წინ, ჯადოსნური ღამეც ერთად დაგვათენდა!

ევროპის ამ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებიდან თუ ვინმე იმსახურებდა ამ ლამაზ თასს, პირველ რიგში სწორედ რობერტო მანჩინის იტალია.

რადგან იტალიამ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა!

რადგან იტალიამ ყველაზე მეტი თამაში მოიგო!

რადგან იტალიამ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა!

რადგან იტალიამ ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეებს სძლია!

რადგან იტალიამ ფინალში მასპინძელს მისსავე მინდორზე აჯობა!

თან მეორე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ!

თან პირველი აცილებული პენალტის შემდეგ!

ჯადოსნური ღამეები…

ნოტი მაჯიკე…

„რას არის გუნდი? ის დენთის კასრს მაგონებს: გასახდელში ბევრი ბიჭია, მაგრამ მოედანზე მხოლოდ თერთმეტი გავა. გუნდში ყოველთვის განსხვავებული ადამიანები არიან, მათი მთავარი ამოცანა კი ათასობით გულშემატკივრის გახარებაა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ბურთით კარგად თამაში ყველაზე უმნიშვნელოა. მთავარი თანაგუნდელთა ურთიერთდამოკიდებულებაა: ნდობა, პატივისცემა და სიყვარული – წარმატების საფუძვლად ეს მესახება“.

ეს იოჰან კრუიფმა თქვა, ფეხბურთის ისტორიაში უდიდესმა მოაზროვნემ.

მისი სიტყვები ამ იტალიაზე ზედგამოჭრილია, რადგან რობერტო მანჩინის ბიჭებმა თასი მხოლოდ ბევრი გოლით და ბურთის კარგი თამაშით არ მოიგეს.

სკუადრა აძურამ ერთიანობით გაიმარჯვა და გუნდში შექმნილ საოცარ ატმოსფეროზე კიდე არაერთი ჟურნალისტი წერდა, მათ შორის უცხოელიც. მწვრთნელის გადაწყვეტილებებიც ხომ ამაზე მიუთითებდა – რობერტო მანჩინიმ ლამის ყველა შეუშვა მინდორზე, თუნდაც ბევრი რამდენიმე წუთით.

ამ იტალიის ძალა ერთობაში იყო და დასასრულიც ამიტომ გამოდგა ტკბილი.

გასრულდა ესე ზღაპარი, ვითა სიზმარი ღამისა…

დიდებული ევროს დიდებული დასასრული.

ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 12 ივლისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian