ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილიასის და ედვინ ვან დერ სარის გვერდით
მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვებით პარი სენ-ჟერმენის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ლეგენდარულ კოლეგებს იკერ კასილიასსა და ედვინ ვან დერ სარს შეუერთდა – ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ მათ შეძლეს 50 და მეტ შეხვედრაში კარის „მშრალად“ შენახვა.
ბუფონმა ოლდ ტრაფორდზე 50-ე უგოლო მატჩი მიითვალა და ახლა მხოლოდ ერთით ჩამორჩება ედვინ ვან დერ სარს. ლიდერი კი კასილიასია 57 მატჩით. ეს მონაცემები მხოლოდ ჯგუფურ ტურნირს და ფლეი-ოფს მოიცავს, საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით კი ლიდერთა სამეული ასეთია: კასილიასი – 59, ვან დერ სარი და ბუფონი – 53-53.
აქვე შეგახსენებთ, რომ უბერებელი ჯიჯი ჩემპიონთა ლიგის მატჩების (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) საერთო რაოდენობით – 129 – იტალიელთა რეკორდსმენია, მეკარეთა შორის კი მხოლოდ კასილიასს ჩამორჩება – 178.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 თებერვალი)