ჯავახიშვილზე

2008 წელს, თბილისში გამოცემულ ენციკლოპედიაში „თბილისი: ქუჩები, გამზირები, მოედნები“, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის შესახებ ვკითხულობთ:
„ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია). კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40იან წლებში.
ქუჩა აღნიშნულია თბილისის 1851 წლის გეგმაზე.
ადრე ერქვა ნიკოლოზის, 1922 წლიდან – მიხეილ კალინინის სახელი. ქუჩას და მოედანს ძველი სახელი დაერქვა ნიკოლოზ I პატივსაცემად“.

ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ივანე ჯავახიშვილი, მემორიალური დაფაცაა იმ სახლზე დამაგრებული. ამის გამო 1990 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა.

ჯავახიშვილზეა პეტრე და პავლე მოციქულების სახეობის ეკლესია, აგებული XIX საუკუნის 70იან წლებში, ასევე წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი (1864) და XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

ნომერ 7 სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე. იქვე იყო გაზეთ ივერიის რედაქცია და სტამბა. ამჟამად შენობაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია განთავსებული.

ეს ყველაფერი ოფიციალური, თუმც კი საინტერესო ცნობებია. მე თუ მკითხავთ, ასეთი ამბები ყველა ძველი ქუჩის შესახებ უნდა იცოდეს თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა კაცმა. და საერთოდ, ამ ქალაქის შესახებ ერთი კარგი, ინფორმაციული და ფოტოებით დამშვენებული ალბომი მისწრება იქნებოდა. იმედია ვინმე მადლიანი იკისრებს ამ საქმეს.

მე კი, სანამ ასეთი წიგნი დაისტამბება და სიამოვნებით გადავფურცლავ (გპირდებით), ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ. ამ რამდენიმე დღის წინ გავისეირნე ჩუღურეთში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაც თავიდან ბოლომდე ჩავიარე და ეს კადრებიც მაშინ გადავიღე.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 1 მარტი

ka_GEGeorgian