ჯიჯიმ არ უნდა იჩქაროს

„ის პროფესიონალია, ყველა ტესტში შესანიშნავი შედეგი აჩვენა და მიმაჩნია, რომ 44 წლამდე თავისუფლად ითამაშებს. ვფიქრობ, იუვენტუსის ხელმძღვანელობა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უნდა დაფიქრდეს“.

სილვანო მარტინა ტურინული გრანდის სათადარიგო მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი გახლავთ და ეს სიტყვები სპორტიტალიასთან ინტერვიუში განაცხადა. ლეგენდარული მეკარე პარიზში გატარებული სეზონის შემდეგ იუვენტუსს რომ დაუბრუნდა, სწორედ მისი დამსახურებაა. ბუფონის კონტრაქტი გაისად, 1 ივლისს იწურება.

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ყველაზე ტიტულიან კლუბს სათადარიგო მეკარედ დაუბრუნდა – ვოიცეხ შჩესნის შემცვლელია, მაგრამ სპეციალისტები საუბრობენ, რომ ამ დონის მოთამაშის სათადარიგოთა შორის მოცდენა არ შეიძლება.

ბუფონის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე განაცხადა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმაც. ქვეყნის მთავარი გუნდის თავკაცი ამბობს, რომ სიამოვნებით იხილავდა გუნდში ბუფონს და დანიელე დე როსის, 2 გამოცდილ და ავტორიტეტულ ვეტერანს, რომლებსაც ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ნაკრებში გამორჩეული როლი მიენიჭებათ.

41 წლის ბუფონი, რომელიც 12-ჯერ დაასახელეს სერია ა-ს საუკეთესო მეკარედ, იტალიის ნაკრების რეკორდსმენია – 176-ჯერ ითამაშა სკუადრა აძურაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian