ჯიჯის ათასასი
იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, სან სიროზე, იუვენტუსმა ინტერი 2:1 დაამარცხა.
3 უგოლო თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ერთბაშად 2 გოლი გაიტანა. პორტუგალიელი ერთადერთია ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 8 დუბლი მიითვალა.
ამავდროულად, რონალდუ გახდა მეორე იუვენტუსელი, ვინც ყველა ტურნირზე გაიტანა, სადაც კი ითამაშა – სერია აში, ჩემპიონთა ლიგაში, იტალიის სუპერთასზე და გუშინ თასზეც. პირველი ალვარო მორატა გახლდათ.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად და, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ლაუტარო მარტინესის დარტყმული ბურთის მოგერიებაც შეეძლო, ვთვლი, რომ გუშინდელი თამაშიდან პირველ რიგში ჯანლუიჯი ბუფონის მორიგი კარიერული მწვერვალია გამოსარჩევი:
ყველა დროის უდიდესმა გოლკიპერმა 1100ე ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა!
1100!
და ეს მხოლოდ უმაღლეს დონეზე, ასაკობრივი გუნდების ჩათვლით კი ჯიჯი 1124ედ გავიდა მწვანე მინდორზე!
1995-2001 წლებში ბუფონი პარმას მეკარე გახლდათ და 220ჯერ ითამაშა იტალიური საზომებითაც კი პატარა, მაგრამ თავის დროზე ძალიან მაგარი კლუბში.
2001 წლის ზაფხულში, სარეკორდო თანხის სანაცვლოდ, იუვენტუსში გადაბარგდა და პარი სენ-ჟერმენში გატარებულ 2018-19 წლების სეზონს თუ არ ჩავთვლით, მას შემდეგ 679ჯერ გამოჩნდა ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის კარში.
ამას დავუმატოთ პარიზში გატარებული სეზონი და 25 თამაში და ნურც სკუადრა აძურას დავივიწყებთ 176 მატჩით (როგორი დასავიწყებელია?!).
ესეც 1100.
ასაკობრივ გუნდებში კი, 16, 17, 18, 21 და 23წლამდელ იტალიელთა შორის, ბუფონმა 24ჯერ ითამაშა.
1124 ოფიციალური თამაშით იუვენტუსის ვეტერანი გოლკიპერი კარგა ხანია ფეხბურთის ისტორიაში მოწინავე „უკვდავთა“ შორის დგას.
ყველა დროის ჩამონათვალში ჯიჯიმ შარშან იკერ კასილიასს გადაასწრო (1119 მატჩი) და რაც დრო გადის მეორე დიდ ესპანელს, ყველა დროის გამოცდილთა სიაში IV ადგილზე მდგომ ჩავის უახლოვდება. ბარსას ლეგენდარულმა გამთამაშებელმა კარიერა 1135 თამაშით დაასრულა.
ჩავიზე ოდნავ წინაა ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის რეალის ისტორიაში გამორჩეული მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი – 1139 თამაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ბუფონი კიდევ ერთი სეზონით აპირებს იუვეში დარჩენას და მხარეებმა კონტრაქტის პირობებიც თითქმის შეათანხმეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონში ნუმერო უნო ჩავის და რობერტო კარლოსის შედეგებს შეუტევს.
აი, პირველ და მეორე ადგილზე მდგომი კოლეგების – ინგლისელი პიტერ შილტონის და ბრაზილიელი როჟერიუ სენის გადასწრება კი ბუფონს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება.
ბრიტანელის კარიერა 1966 წელს დაიწყო, 31 წლის შემდეგ, 1997 წელს დასრულდა და ამ ხნის მანძილზე შილტონმა ნაკრებში, ასაკობრივ გუნდებსა და ინგლისის სხვადასხვა დივიზიონებში 1390ჯერ ითამაშა!
როჟერიუ სენიმ კი 1234 მატჩი მხოლოდ 3 გუნდის კარში ჩაატარა: 1197 სან პაულუში, 17 – ბრაზილიის ნაკრებში, 20 კი პროვინციულ სინოპში. და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ სენიმ 1234 მატჩში 129 გოლი გაიტანა, რაც მეკარეთათვის არნახული შედეგია…
საპასუხო ნახევარფინალი 9 თებერვალს ტურინში გაიმართება. სათასო მატჩებში პირლო ბუფონს ენდობა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი კვირის შემდეგ ჯიჯის კვლავ ვიხილავთ ინტერის წინააღმდეგ.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 თებერვალი)