ჯონ მაკინროიმ უდიდესი საჩოგბურთო პაექრობა დაასახელა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ განაცხადა, რომ რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის დაპირისპირება უდიდესი პაექრობაა ჩოგბურთის ისტორიაში და რომ ფედერერის ასეთი პოპულარობა, გარკვეულწილად, სწორედ ნადალის დამსახურებაა.

„სანამ რაფა გამოჩნდებოდა, როჯერი დომინანტი იყო, მას უბრალოდ არ ჰყავდა კონკურენტი. ფედერერს როგორც კერპს, ისე უყურებდნენ“, – განაცხადა მაკინროიმ და დასძინა – „შვეიცარიელი ლამის ღმერთად გამოაცხადეს, მაგრამ ნელ-ნელა ნადალთან წაგებას მოუხშირა და ხალხიც მიხვდა, რომ ისიც ადამიანი იყო. ესპანელთან არაერთი მარცხის მიუხედავად, ფედერერისადმი სიყვარული არავის განელებია, ეს კი ნამდვილი საოცრებაა“!

ახლახანს დასრულებულ საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ლეგენდარულმა ესპანელმა და შვეიცარიელმა კიდევ ერთხელ ითამაშეს და ზედიზედ 5 წაგების შემდეგ ნადალმა მოიგო. ისტორიულ სერიაში ესპანელი წინაა – 24:15.

როლან გაროს მოგებით ნადალი ფედერერს სლემებითაც მოუახლოვდა – ესპანელმა 18-ე ტიტული მოიგო, როჯერის აქტივში კი 20 თასია. რაც შეეხება მაკინროის, ამერიკელმა კარიერა 7 ტიტულით დაასრულა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 ივნისი)

ka_GEGeorgian