ჯომოლუნგმა (II ნაწილი)

„სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული, მაგრამ როცა მწვერვალს თავზე მოექცევი, სულ აღარ მადარდებს რამდენი წლისა მოვკვდები. მწვერვალზე ასვლა თავისებური გამოწვევაა, მაგრამ ხელოვნება ის კი არ არის სიკვდილი ვეძიოთ, არამედ ის, რომ ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ“!
ეს სიტყვები ეკუთვნის კაცს, რომელსაც რვაათასიანებზე საუბრისას  გვერდს ვერაფრით ავუქცევთ.

რაინჰოლდ მესნერი: ადამიანი – ლეგენდა, იტალიის სიამაყე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი, ალპინისტი, რომელმაც პირველმა გადმოიხედა დედამიწის ყველა, თოთხმეტივე რვაათასიანიდან!

მესნერმა პირველად სიკვდილის მთად წოდებული, 8 125 მეტრზე აზიდული ნანგა პარბატი დაიმორჩილა. ეს 1970 წელს მოხდა. ორი წლის შემდეგ მანასლუს (8 163მ) ჯერი დადგა, 1975 წელს კი გაშერბრუმ Iზე, იგივე ჰიდენ პიკზე (8 080მ) ავიდა.

ჯომოლუნგმა მის კარიერაში რიგით მეოთხე რვაათასიანი იყო. მეწყვილე პიტერ ჰაბელერთან ერთად მან ჟანგბადის ბალონების გარეშე დალაშქრა მწვერვალი და გახდა პირველი, ვინც ეს შეძლო!

1980 წელს იტალიელმა კიდევ ერთი არნახული მიღწევით გააკვირვა მსოფლიო – პლანეტის უმაღლესი მწვერვალი ამჯერად მარტომ დაიპყრო, კვლავ ჟანგბადის ბალონების გარეშე და რაც მთავარია, დამხმარეებზე და საჭურველის მტვირთველებზეც უარი თქვა! და კიდევ: ის ევერესტზე ყველაზე რთულ დროს, მუსონების პერიოდში ავიდა!

„იმდენჯერ განმიცდია საკუთარი სიკვდილი, დარწმუნებული ვარ, მას მთებში შევხვდები“, – ესეც მესნერის სიტყვებია, რომელიც… არ ახდა. 77 წლის ლეგენდა დღეს იტალიის ჩრდილოეთით, სამხრეთ ტიროლის დაბა ფირმიანში მისივე დაარსებულ და მისივე სახელობის მთამსვლელობის მუზეუმს კურირებს.

მთამსვლელობაზე 63 წიგნის ავტორი რაინჰოლდ მესნერი ყველა დროის საუკეთესო ალპინისტადაა მიჩნეული, თუმცა თავად თვლის რომ, უძლიერესი ყაზახი ანატოლი ბუკრეევი იყო.

მესნერისგან განსხვავებით ბუკრეევმა სიცოცხლე მთაში დაასრულა – თერთმეტი უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავი ბუკრეევი თავის მეთორმეტე რვაათასიანს, ანაპურნას უტევდა, მაგრამ საბაზო ბანაკისკენ მიმავალი ზვავში მოყვა და დაიკარგა. მასთან ერთად დაიღუპა მისი მეგობარი დიმიტრი სობოლევი, იტალიელი სიმონე მორო კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს ტრაგედია 1997 წლის 25 დეკემბერს მოხდა, წლინახევრით ადრე, 1996 წლის მაისში კი ანატოლი ბუკრეევი სამუდამოდ ჩაეწერა ევერესტის ისტორიაში.

გიამბობთ რატომაც: ხიფათში ჩავარდნილ მთამსვლელებს სამი დაუწერელი კანონი აქვთ: პირველი – ავარიისას პირველ რიგში თავს უშველე; მეორე – თუ შეგიძლია სხვაც გადაარჩინე; მესამე – არჩევანის შემთხვევაში დაეხმარე მას, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს. მაშინ, 1996 წლის მაისში ევერესტის ისტორიაში ერთ დღეში ყველაზე მეტი, რვა ადამიანი დაიღუპა! თუმცა რომ არა ბუკრეევი, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა.

ტრაგედია მწვერვალის დაპყრობის შემდეგ დატრიალდა, როცა ორი კომერციული ექსპედიციის წევრები ყველაზე ზემოთ, თითქმის 8 600 მეტრზე მოწყობილ საიერიშო ბანაკში ეშვებოდნენ. მათ ქარიშხალი წამოეწია და ნაბიჯს ვერ დგამდნენ, ბუკრეევმა კი, ვინც იმ დროისთვის ბანაკში იყო, ზემოხსენებული დაუწერელი კანონები არად ჩააგდო და სიკვდილის ზონაში მოხვედრილთა დასახმარებლად გაეშურა. რამდენიმე საათის განმავლობაში, ლამის ორმოცგრადუსიან ყინვაში, მან განსაცდელში ჩავარდნილთ სამჯერ აუტანა ჟანგბადის ბალონები, სენდი ჰილ პიტმანი, შარლოტა ფოქსი და ტიმ მადსენი კი ბანაკში ჩაიყვანა და გადაარჩინა.

მცირე ხნის შემდეგ ერთ-ერთი ექსპედიციის – თავგადასავლის კონსულტანტები – წევრმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯონ კრაკაუერმა თავის წიგნში ბუკრეევი დაადანაშაულა, აქაოდა, კლიენტებზე ადრე დაეშვა საიერიშო ბანაკში, განსაცდელში მოხვედრილთა დასახმარებლად ასულმა კი მხოლოდ თავისი გუნდის წევრებზე იზრუნაო. ბუკრეევი მეორე ექსპედიციის – მთის სიგიჟე – გიდი გახლდათ, პიტმანი, ფოქსი და მადსენი კი მისი გუნდის წევრები.

„ანატოლი ბუკრეევის საქციელს ალპინიზმის ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. კაცმა, ვისაც „ჰიმალაის ვეფხვს“ უწოდებენ, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე უჟანგბადოდ ასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში, ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლო ალპინისტების გადარჩენა… იმის თქმა, რომ ბუკრეევს გაუმართლა, ნიშნავს საერთოდ არ დააფასო ის, რაც მან გააკეთა. ეს ნამდვილი გმირობა იყო“! – გაზეთ უოლ სტრიტ ჯორნალის ჟურნალისტი გალენ როუელი კრაკაუერის ბრალდებებს ვრცელი სტატიით გამოეხმაურა.

1997 წლის ნოემბერში ამერიკაში ანატოლი ბუკრეევის წიგნის – ასვლა – პრეზენტაცია შედგა, რომელშიც ეს ტრაგედია დაწვრილებით იყო განხილული. იმავე წლის 6 დეკემბერს ამერიკის ალპურმა კლუბმა ყაზახ მთამსვლელს დევიდ სოულსის სახელობის პრემია მიანიჭა, რომელიც მათ გადაეცემათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების გადარჩენას ახერხებს. ორი დღის შემდეგ ბუკრეევი უკვე ნეპალში იყო, ანაპურნას დასალაშქრად ემზადებოდა. 25 დეკემბერს, დაახლოებით 6 100 მეტრზე კი ზვავი მოწყდა და ანაპურნამაც სამუდამოდ ჩაიხუტა „ჰიმალაის ვეფხვი“.

* * *

1991 წლის 10 ოქტომბერი, ნეპალის დროით 17 საათი: ამერიკელი დენი მაზური ჯომოლუნგმას მწვერვალზე რამდენიმე ფოტოს იღებს. კადრში მისი მეწყვილე, 54 წლის რომან გიუტაშვილია.

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალიდან ქართველმაც გადმოიხედა!

იმ დროისთვის გიუტაშვილი ევერესტზე ასული მეორე უხუცესი იყო 55 წლის ნორვეგიელის, რიჩარდ ბასის შემდეგ (1988).

„გამიმართლა, რომ რუსეთის 1991 წლის ექსპედიციაში მოვხვდი… იმ პერიოდში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ სოლიდური ჯგუფი შეკრიბა, ანაპურნაზე გვინდოდა ასვლა, მაგრამ არეული პოლიტიკური ვითარების გამო არ გაგვიშვეს.
რუსებს ამის შემდეგ მივმართე, თუმცა მათ ბევრი თხოვდა და დიდი იმედი არ მქონდა. მოგვიანებით, როცა პამირის ალპურ ბანაკებში ვვარჯიშობდი, ვლადიმერ ბალიბერდინის სანკტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობაში ჩამრთეს და მეც მოსკოვში გავემგზავრე, შემდეგ კი ლუკლაში ჩავედი“, – იხსენებს რომან გიუტაშვილი და დასძენს – „ყველაზე რთული, რა თქმა უნდა ბოლო მონაკვეთია, რვა ათას მეტრს ზევით. მე და მაზურს ღამის ორ საათზე გვინდოდა ბოლო ბანაკიდან გასვლა, მაგრამ ქარი ამოვარდა და ვერ შევძელით. გამთენიისას, ექვს საათზე მზე ამოვიდა და მივხვდით, ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იყო. ამ სიმაღლეზე ორივე პირველად ვიყავით და ძალიან გაგვიჭირდა. დაახლოებით შუადღის 3 საათზე, როცა მწვერვალამდე რამდენიმე ათეული მეტრი რჩებოდა, დენის არაქათი გამოელია. კარგა ხანს ვუჩიჩინე, მინდოდა ორივე ერთად ავსულიყავით მწვერვალზე. ის 30 წლის იყო და ამის შანსი კიდევ ექნებოდა, მე კი ვხვდებოდი, რომ იქ ვეღარასდროს მოხვდებოდი… ბოლოს, როგორც იქნა, დავიყოლიე და წამომყვა. 5 საათი იყო, როცა საქართველოს დროშა ავაფრიალე – დენიმ სამი კადრი გადაიღო და მერე ჩემი ფოტოაპარატიც გაიყინა“.

თუ მთა გიყვარს და მწვერვალებისკენ გული მიგიწევს, შეუძლებელია ერთ დღეს, სულ ერთი წამით მაინც არ დაფიქრდე ევერესტზე, რომელზეც ყველა ალპინისტი ოცნებობს.

რომან გიუტაშვილიც ოცნებობდა და საბედნიეროდ, მან გულისწადილი აისრულა კიდეც, მაგრამ მანამდეც იყვნენ ჩინებული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთი დიდებული ასვლით დაგვამახსოვრეს თავი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ევერესტი არათუ ვერ დაიპყრეს, მასთან მიახლოვებაც ვერ მოახერხეს.

1957 წელს, როცა ნეპალის მეფე რაჰენდრა საბჭოთა კავშირს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სტუმარმა თბილისში, მაშინდელ კიროვის (ვერის) პარკში, საქართველოს ალპური კლუბიც მოინახულა. მასპინძელთა მორიდებულ თხოვნაზე, ევერესტზე ვოცნებობთო, მეფემ სიტყვიერი თანხმობა იქვე გასცა, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში ოფიციალური მიწვევაც მოვიდა – საქართველოს ნაკრებს 1959 წელს საგარმატჰა გელითო.

ჯომოლუნგმაზე ასასვლელად უძლიერესი ქართველი მთამსვლელები ემზადებოდნენ: ზურაბ და ლევან ახვლედიანები, ჯოკია გუგავა, თეიმურაზ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, შოთა მირიანაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, რევაზ და ოთარ ხაზარაძეები, მიხეილ ხერგიანი,  სოლიკო ხაბეიშვილი… სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ექსპედიცია ჩაიშალა: საბჭოეთის დედაქალაქში განაცხადეს, რომ ტიბეტში ძალიან გამწვავდა პოლიტიკური ვითარება (არადა, გუნდი ნეპალიდან აპირებდა ასვლას) და ასეთ დროს ექსპედიცია მიზანშეუწონელია. თავს ზევით ძალა არ იყო.

თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კიდევ ერთი საბჭოთა ექსპედიცია დაიგეგმა. 1980 წელს ნაკრებში მესტიელი სერგო ბარლიანიც მოხვდა, მაგრამ გამგზავრება ორი წლით გადაიდო, 1982 წელს კი ბარლიანი განახლებულ გუნდში ვეღარ შევიდა. იმ საბჭოთა ნაკრებში ქართველი მაინც მოხვდა – თბილისელი აკაკი (ხუტა) ხერგიანი. ის ჰიმალაელთა შეკრებებზე მუდამ საუკეთესოთა შორის იყო, ჩინებულად ჩააბარა გამოცდები მეკლდეურობაში, ყინულზე ცოცვასა თუ კოსმონავტის ბაროკამერაში, მაგრამ მეთაურმა ევგენი ტამმა მას მწვერვალზე ასვლის ნება ბოლო მომენტში მაინც არ დართო. ხერგიანი იმ ექსპედიციის კინოოპერატორი გახლდათ და მშვენიერი ფილმიც გადაიღო, რომელიც დღეს მოსკოვში, ცენტრალური ტელევიზიის სახელმწიფო არქივში ინახება…

რომან გიუტაშვილის ისტორიული წარმატების შემდეგ ქართველები ჯომოლუნგმას ფერდებზე 1997 წელს გამოჩნდნენ: გია თორთლაძე, ბენო ქაშაკაშვილი და ბიძინა გუჯაბიძე სხვადასხვა ექსპედიციების შემადგენლობაში ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ხელი მოეცარათ. ერთი წლის შემდეგ თორთლაძე რუსული ექსპედიციის შემადგენლობაში მიუბრუნდა დედამიწის სახურავს. სამწუხაროდ, კვლავ წარუმატებლად.

1999 წლის მაისში ქართველმა მთამსვლელებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს: 12 მაისს მწვერვალზე სამხრეთიდან ავიდნენ „მშვიდობიანი კავკასია 99“ის წევრები აფი გიგანი, ბიძინა გუჯაბიძე, ლევ სარქისოვი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ბენო ქაშაკაშვილი, 26 მაისს კი ჯომოლუნგმა ჩრდილოეთიდან დალაშქრეს მეორე ქართული გუნდის – საქართველო 3000 – წევრებმა ირაკლი უგულავამ, მამუკა ციხისელმა და მერაბ ხაბაზმა.

„12 მაისს, გამთენიისას, 3 საათზე გავედით ბანაკიდან. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მაგრამ მაინც ვჩქარობდით. ორი საათის შემდეგ ისეთი ქარი ამოვარდა, ხილვადობა ჭირდა. დახლოებით 8 500 მეტრზე, ქედის ძირში გავჩერდით და ყინულში სანგრები ამოვთხარეთ… მერე აფი გიგანმა თქვა, თუ არ ვიმოძრავებთ, გავიყინებითო და ჩვენც დავიძარით… მალე მზე ამოვიდა, ქარიც შედარებით ჩადგა და შუადღისთვის უკვე ყველანი მწვერვალზე ვიდექით. ჩვენი სამფეროვანი დროშაც სწორედ მაშინ ავაფრიალეთ“… – იხსენებს ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართული ექსპედიციის – მშვიდობიანი კავკასია 99 – ხელმძღვანელი ბენო ქაშაკაშვილი. სხვათა შორის, მისი გუნდის გადაღებული ვიდეოფირი ნეპალშივე ნახეს National Geographicის წარმომადგენლებმა და მისი შეძენა მოისურვეს, რადგან სპეციალურად ამ საქმისთვის მოწყობილი თავიანთი ექსპედიციის მანამდე გადაღებული ფირი დაიწუნეს…

2001 წლის 22 მაისს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე მეცხრე ქართველი ადის: საერთაშორისო ექსპედიციის წევრი გია თორთლაძე.

2003 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბიძინა გუჯაბიძემ მეორედ, ამჯერად ჩრდილოეთიდან დაიპყრო ევერესტი და გახდა პირველი ქართველი, ვინც ეს მოახერხა.

2006 წელს ლაკპა შერპა მეექვსედ ავიდა მწვერვალზე და ქალთა შორის საკუთარი რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა!

2010 წელს ჯომოლუნგმა 13 წლის და 10 თვის ამერიკელმა ჯორდან რომერომ მამასთან და დედინაცვალთან ერთად დაიპყრო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს შეძლო.

2013 წელს დედამიწის სახურავზე მეხუთედ შედგა ამერიკელი მელისა არნო. თუ შერპებს არ ჩავთვლით, სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ქალებს ჯომოლუნგმადან ამდენჯერ არასდროს გადმოუხედიათ.

2014 წელს 13 წლის და 11 თვის ინდოელი მალავათ პურნა ყველაზე უმცროსი გოგონა გახდა, ვინც ლაშქრობა წარმატებით დააგვირგინა.

2019 წლის 18 მაისს ევერესტზე ამსვლელ ჩვენებურებს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე შეემატა, ვინც საერთაშორისო ექსპედიციის წევრი გახლდათ.

წელს, გაზაფხულზე, ჯომოლუნგმაზე ოცდამეხუთედ(!!!) ავიდა შერპა კამი რიტა. ეს, მგონი, მთამსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეკორდია. და კაცმა არ იცის გააუმჯობესებს თუ არა მას ვინმე.

მსურველი, ცხადია, ბევრი იქნება.

ჯომოლუნგმაც ყველას მეფური მოთმინებით დაელოდება.

ოღონდ მთავარი ისაა, რომ ევერესტს თავხედები არ უყვარს. ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 სექტემბერი)

ka_GEGeorgian